ას-733-791-2011 9 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა., მ. მ-ები
მოწინააღმდეგე მხარე _ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა «კ. ბ-ი»
დავის საგანი – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გასვლა, უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იპოთეკის ნაწილში, უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) მესაკუთრედ აღრიცხვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და მ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბინის მენაშენეთა ამხანაგობა «... 2005»-ს, ბინის მენაშენეთა ამხანაგობა «კ. ბ-ისა» და რ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხვეს: ა) შეწყდეს ა. მ-ს, მ. მ-ს და იბა «... 2005»-ს შორის არაფულადი შენატანის განხორციელების შესახებ 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულება (რეგ. ¹...; ნოტარ. ლ. ა-ი) და ა. მ-ი და მ. მ-ი ჩაითვალონ ხელშეკრულებიდან გასულად; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი იბა «... 2005»-სა და იბა «კ. ბ-ს» შორის 2007 წლის 4 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება (რეგ. ¹...; ნოტარ. ნ. გ-ი). გ) ბათილად იქნეს ცნობილი იბა «კ. ბ-ს» და რ. გ-ეს შორის 2009 წლის 9 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში; დ) ა. მ-ი და მ. მ-ი აღირიცხონ უძრავი ქონების მესაკუთრედ მდებარე _ ქ. თბილისი, ..., ¹37აª(სარეგისტრაციო ზონა თბილისი 01; სექტორი ვაკე ...; კვარტალი ...; ნაკვეთი ...; ნაკვეთის წინა ¹7; დაზუსტებული ფართობი 2323.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ¹1; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ¹2, ¹3 და ¹4; საკადასტრო კოდი ...).
მოპასუხე იბა «კ.-ბ-მა» სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ა. და მ. მ-ებმა კარგად იცოდნენ, რომ ამხანაგობა «... 2005» აპირებდა იბა «კ.-ბ-ისათვის» მიწის ნაკვეთის გადაცემას იბა «კ.-ბ-ში» გაწევრიანების მიზნით, რასაც ადასტურებს მოსარჩელეების მიერ 80 000 აშშ დოლარამდე თანხის მიღება მიწის ნაკვეთის გადაცემაზე გაცემული თანხმობის სანაცვლოდ. მ-ების მხრიდან თანხმობის არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისინი თავად ცდილობდნენ «კ.-ბ-ის» წევრთა დარწმუნებას, საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით ამხანაგობაში ფულადი შენატანების განხორცილების თაობაზე. ამასთან, მიწის ნაკვეთზე აბრა (ბანერი), რომელიც მიანიშნებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ სამშენებლო სამუშაოებს შპს «კ. ჯგუფი» ახორციელებს.
ანალოგიური საფუძვლით არ ცნო სარჩელი მოპასუხე იბა «... 2005»-ის თავმჯდომარე ბ. ჭ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ იბა «... 2005»-დან მიწის ნაკვეთის იბა «კ.-ბ-ისათვის» გადაცემა არ საჭიროებდა მოსარჩელეთა წერილობით თანხმობას, ხოლო ზეპირი (და არა წერილობითი) თანხმობა კი მოსარჩელეთაგან მიღებული ჰქონდა.
მოპასუხე რ. გ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2009 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს იბა «კ.-ბ-ი» იყო იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რაც დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით და, შესაბამისად, იგი არის კეთილსინდისიერი იპოთეკარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. და მ. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა ა. მ-ს, მ. მ-ს და იბა «... 2005»-ს შორის არაფულადი შენატანის განხორციელების შესახებ 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულება (რეგ. ¹...; ნოტარ. ლ. ა-ი) და ა. და მ. მ-ები ჩაითვალნენ ხელშეკრულებიდან გასულად; ა. და მ. მ-ებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე იბა «... 2005»-ს და იბა «კ. ბ-ს» შორის 2007 წლის 4 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების (რეგ. ¹...; ნოტარ. ნ. გ-ი) ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში; ა. და მ. მ-ებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე იბა «კ. ბ-ს» და რ. გ-ეს შორის 2009 წლის 9 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე; ა. და მ. მ-ები აღირიცხნენ უძრავი ქონების მესაკუთრეებად, მდებარე _ ქ. თბილისი, ..., ¹37აª(სარეგისტრაციო ზონა თბილისი 01; სექტორი ვაკე ...; კვარტალი ...; ნაკვეთი ...; ნაკვეთის წინა ¹7; დაზუსტებული ფართობი 2323.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ¹1; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ¹2, ¹3 და ¹4; საკადასტრო კოდი ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იბა «კ. ბ-მა», მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
იბა «...ს» საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით იბა «კ. ბ-ის» სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც ა. და მ. მ-ებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე იბა «კ. ბ-სა» და რ. გ-ეს შორის 2009 წლის 9 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოტეკის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. იბა «კ. ბ-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების: ა. და მ. მ-ების სარჩელი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ... ¹37ა, მათ საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ა. და მ. მ-ებს იბა «კ. ბ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4800 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და გაიზიარა მის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის 2007 წლის 19 აპრილის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე _ ქ. თბილისი, ..., ¹37ა, 2 323 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ზონა _ თბილისი 01, სექტორი – ვაკე ..., კვარტალი – ..., ნეკვეთი 07/020), შენობა-ნაგებობა ¹1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობები ¹2, ¹3, და ¹4, აღრიცხული იყო ა. და მ. მ-ების თანასაკუთრებად (ტ. I. ს.ფ. 38);
ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005»-ის გამგეობის კრების 2007 წლის 8 მაისის ¹08/05/07 ოქმის თანახმად, ა. და მ. მ-ები მიღებულ იქნენ ამხანაგობის წევრებად (ტ. I. ს.ფ. 41).
ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005-ს» (თავმჯდომარე ბ. ჭ-ე) და მ. და ა. მ-ებს შორის 2007 წლის 8 მაისს სანოტარო წესით (რეგ. ¹..., ნოტარიუსი ლ. ა-ი) დაიდო «არაფულადი შესატანის განხორციელებისა და საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ» ხელშეკრულება (ტ. I. ს.ფ. 33), რომლის თანახმად მ. და ა. მ-ებმა საკუთრების უფლებით ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 2005»-ს გადასცეს მათ თანასაკუთრებაში არსებული 2 323 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე _ ქ. თბილისში, ... ¹37ა, ხოლო სანაცვლოდ მოსარჩელეებს საკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდათ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ფართი. კერძოდ, სამი კოეფიციენტით საცხოვრებელ კორპუსის აშენების შემთხვევაში 1 500 კვ.მ. თეთრი კარკასი და 300 კვ.მ. გარემონტებული, სულ 1 800 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და ამ ფართში შემავალ თითოეულ ბინაზე თითო ავტოსადგომი; ხოლო ოთხი და მეტი კოეფიციენტით აშენების შემთხვევაში – 2 100 კვ.მ. თეთრი კარკასი და 300 კვ.მ. გარემონტებული საცხოვრებელი ფართი და ამ ფართში შემავალ თითოეულ ბინაზე თითო ავტოსადგომი. სამიდან ოთხამდე გაზრდილი კოეფიციენტით აშენების შემთხვევაში გაზრდილი კოეფიციენტის ოდენობის პროპორციულად საცხოვრებელი ფართი და ამ ფართში შემავალ თითოეულ ბინაზე თითო ავტოსადგომი (მუხლი 1.6.);
ხელშეკრულების 1.9. მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა გახდებოდა იბა «... 2005»-ის წევრთა საერთო საკუთრება, ხოლო 1.10. მუხლის მიხედვით, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 36 თვეში.A1.11. მუხლით კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ამხანაგობა არ იყო უფლებამოსილი წევრის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა, იპოთეკით დაეტვირთა ან სხვაგვარად განეკარგა, მიწის ნაკვეთი;
იბა «... 2005»-ს (თავმჯდომარე ბ. ჭ-ე) იბა «კ.-ბ-ს» (თავმჯდომარე ნ. ე-ი) შორის 2007 წლის 4 დეკემბერს სანოტარო წესით (რეგ. ¹..., ნოტარიუსი ნ. გ-ი) დაიდო უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება (ტ. I. ს.ფ. 193), რომლის თანახმადაც იბა «... 2005»-მა ქ. თბილისში, ... ¹37ა-ში მდებარე 2 323 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა იბა «კ.-ბ-ს», რის სანაცვლოდაც ამხანაგობა «კ.-ბ-მა» აიღო ვალდებულება იბა «... 2005»-სათვის საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში საცხოვრებელი ფართები და ავტოსადგომები.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, იბა «კ.-ბ-ი» 2007 წლის 12 დეკემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. თბილისში, ... ¹37ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ (ტ. I. ს.ფ. 64).
2008 წლის 8 მაისის ხელწერილით დადგინდა, რომ მარიამ მ-მა მიიღო 30 000 აშშ დოლარი იბა «კ. ბ-ის» და შპს «კ. ჯგუფის» ხელმძღვანელობისაგან (ტ. I. ს.ფ. 197). ამასთან, მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ «კ. ჯგუფისაგან» მთლიანობაში მიღებული აქვთ 80 000 აშშ დოლარამდე (იხ. ტ. I. ს.ფ. 200, 295).
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებმა თავისი კონკლიუდენტური მოქმედებით თანხმობა განაცხადეს იბა «... 2005»-სა და იბა «კ.-ბ-ს» შორის 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა, ამავე დროს სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილ შემდეგ დასკვნებს, კერძოდ:
ა. და მ. მ-ებს და ამხანაგობა «... 2005»-ს შორის 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულება და ამხანაგობა «... 2005»-ს და ამხანაგობა «კ.-ბ-ს» შორის 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებები წარმოადგენს ერთ მთლიან ხელშეკრულებას, რომლითაც ამხანაგობამ 2 323 კვ.მ. მიწის სანაცვლოდ ა. და მარიამ მ-ების წინაშე მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. «არაფულადი შესატანის განხორციელებისა და საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ» 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებით ზემოაღნიშნული ვალდებულება თავის თავზე აიღო იბა «... 2005»-მა, ხოლო «უძრავი ქონების გადაცემის შესახებ» 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით კი – იბა «კ. ბ-მა».
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იბა «... 2005»-ის გაერთიანება იბა «კ. ბ-ში» ნიშნავს, რომ გაიზარდა იბა «კ.-ბ-ის» წევრთა ანუ ფიზიკურ პირთა რაოდენობა იბა «... 2005»-ის წევრთა ხარჯზე. შესაბამისად, მიიჩნია, რომ იბა «კ.-ბ-ი» სამართლებრივად უნდა განხილულიყო იბა «... 2005-ის» უფლებამონაცვლედ.
2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებით ა. და მ. მ-ების წინაშე ნაკისრი ვალდებულება უცვლელად დარჩა 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით და ის ახლებურად არ იქნა მოწესრიგებული
აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულება უნდა განხილულიყო 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილების შემტან ხელშეკრულებად, რომლითაც ა. და მ. მ-ების მოვალედ გარდა «... 2005»-ის წევრებისა, ი.ბ.ა. «კ. - ბ-ის» წევრებსაც აქცევს, რაც ცხადყოფს, რომ 2007 წლის 4 მაისის ხელშეკრულებიდან გასვლა თავისთავად 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გასვლასაც ნიშნავს.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო ერთ მთლიან სამართლებრივ ურთიერთობად განიხილავს 2007 წლის 8 მაისისა და 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებებს, რადგანაც სახეზეა ორი სრულიად სხვადასხვა ხელშეკრულება, სადაც კონტრაჰენტებიც ნაწილობრივ სხვადასხვა პირებს წარმოადგენს. კერძოდ, 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულების მხარეები იყვნენ მ-ები და იბა «... 2005», მაშინ, როცა 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულება დადებულია იბა «კ. ბ-სა» და იბა «... 2005-ს» შორის (ამ უკანასკნელი ხელშეკრულების მიხედვით იბა «... 2005»-მა იბა «კ.-ბ-ს» საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ¹37ა-ში მდებარე 2 323 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რის სანაცვლოდაც ამხანაგობა «კ.-ბ-მა» აიღო ვალდებულება იბა «... 2005»-სათვის საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში საცხოვრებელი ფართები და ავტოსადგომები. ტ. I. ს.ფ. 193-196). ამრიგად, ორივე ხელშეკრულების საგანი იდენტური არ არის, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული მშენებლობის დასრულების ვადა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი კი არ გასხვისდა, არამედ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ პირთა გაერთიანება იბა «... 2005-»ის მიერთებას ფიზიკურ პირთა გაერთიანება იბა «კ.-ბ-თან». ასევე იმას, რომ სასამართლომ ა. და მ. მ-ებს და იბა «... 2005»-ს შორის დადებული 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულება და იბა «კ. ბ-ს» შორის 2007 წლის 4 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებები ერთ მთლიან ხელშეკრულებად განიხილა და გადაწყვეტილება ა. და მ. მ-ების სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღრიცხვის ნაწილში ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დააფუძნა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2007 წლის 4 დეკემბრის უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, იბა «... 2005»-მა საკუთრებაში გადასცა სადავო უძრავი ქონება იბა «კ. ბ-ს», რაც საჯარო რეესტრში იქნა კიდევაც აღრიცხული. აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად იბა «... 2005-ის» მიერ ადგილი ჰქონდა სადავო უძრავი ქონების გასხვისებას და არა იბა «... 2005»-ის იბა «კ. ბ-თან» მიერთებას. სასამართლოს მითითებით, აპელანტმა მართებულად განმარტა, რომ მიერთება შესაძლებელია განხორციელდეს ორი ფორმით: შერწყმის ან ორი სუბიექტის გაერთიანებით _ ახალი სუბიექტის ჩამოყალიბებით. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ორი სუბიექტიდან რომელიღაცის შთანთქმა, ან არსებობის შეწყვეტა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან, როგორც სამართლის სუბიექტები, «კ.-ბ-იც» და «...ც» დღესაც არსებობენ, ახალი სუბიექტი არ შექმნილა. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიერთებას ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე მუხლებზე და განსახილევლ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებით უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ... ¹37, შენატანის სახით საკუთრების უფლებით გადასცეს იბა «... 2005»-ს, რომელსაც თავის მხრივ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადებიდან 36 თვეში უნდა გადაეცა სულ მცირე 1 500
კვ.მ. საცხოვრებელი ფართი - თეთრი კარკასი, ხოლო 300 კვ.მ. გარემონტებული ფართი. სასამართლომ დაადგინა ასევე, რომ მოსარჩელეთა თანხმობით, იბა «... 2005»-სა და (თავმჯდომარე ბ. ჭ-ე) იბა «კ.-ბ-ს» (თავმჯდომარე ნ. ე-ი) შორის 2007 წლის 4 დეკემბერს სანოტარო წესით (რეგ. ¹..., ნოტარიუსი ნ. გ-ი) დაიდო ახალი უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება (ტ. I. ს.ფ. 193), რომლის თანახმადაც, იბა «... 2005-მა» ქ. თბილისში, ... ¹37ა-ში მდებარე 2 323 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა იბა «კ.-ბ-ს», რის სანაცვლოდაც ამხანაგობა «კ.-ბ-მა» აიღო ვალდებულება იბა «... 2005»-ს მიმართ და საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში საცხოვრებელი ფართები და ავტოსადგომები, ხოლო თავის მხრივ იბა «... 2005» დააკმაყოფილებდა მოსარჩელეებს. სასამართლომ დაადგინა ასევე, რომ 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით მშენებლობის დასრულების ვადები განსაზღვრული არ ყოფილა. შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სახელშეკრულებო ურთიერთობები გააჩნდათ იბა «... 2005-ის» მიმართ და არა იბა «კ. ბ-ის» მიმართ, რაც ცხადყოფდა, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ კანონიერი უფლება მიწის ნაკვეთი გამოითხოვათ ხელშეკრულებიდან გასვლის მოტივით იბა «კ. ბ-ის» საკუთრებიდან, მაშინ, როდესაც რაიმე სახელშეკრულებო ან სხვა მავალდებულებელი ურთიერთობა მათ შორის არ ყოფილა, და იბა «კ. ბ-ს» მათი რაიმე უფლება არ დაურღვევია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობა თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს რა სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობას, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მხარე დაამტკიცებს ნაკისრი ვალდებულების დარღვევის არსებობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში იბა «კ. ბ-ის» მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. და მ. მ-ები ვერ მოითხოვენ იბა «... 2005-საგან» უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) ნატურით დაბრუნებას, რადგან იგი ამ უკანასკნელის მიერ გასხვისებულ იქნა იბა «კ. ბ-ზე». ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება იბა «... 2005-საგან».
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. და მ. მ-ების სასარჩელო მოთხოვნა: უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ... ¹37ა, მათ საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ, ანუ ფაქტიურად იბა «კ. ბ-ის» საკუთრებიდან გამოთხოვის თაობაზე. უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იბა «კ. ბ-ის» სააპელაციო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა 2009 წლის 9 მარტს იბა «კ.-ბ-სა» და რ. გ-ეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით იბა «კ. ბ-ი» არაუფლებამოსილი იყო ამ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებინა გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ იბა «კ. ბ-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო, რის გამოც იგი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და მ. მ-ებმა და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცბულებებს, გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი სამოტივაციო ნაწილი აგებულია მხოლოდ იბა „კ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივრის არგუმენტებზე. სასამართლომ საერთოდ გამორიცხა და ყოველგვარი სამართლებრმივი დასაბუთების გარეშე უგულებელყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული მოტივები და არგუმენტები.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები ემყარება საქმეში არსებული მასალების ცალმხრივ და არაობიექტურ შეფასებას, ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, სახეზეა უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრეული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორის აზრით, სასამართლოს სამართლიანად, სრულად, ობიექტურად და არაცალმხრივად, რომ მოეხდინა საქმის ფაქტობრივი მასალებისა და გარემოებების შესწავლა-გამოკვლევა აღმოაჩენდა, რომ ა. და მ. მ-ები დღესაც ცხოვრობენ მამაპაპისეულ მისამართზე და მიწაზე, მათ ეზოს, რომელსაც უკვე ერთი წელია უნდა ამშვენდებდეს დასრულებული, ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი მაღლივი შენობა, არც კი ეტყობა მშენებლობის დაწყების თუნდაც მცდელობის კვალი, მაგრამ დოკუმენტალურად ყოველდღიურად დგას საფრთხე ა. და მარიამ მ-ების 10 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩეს ბედის ანაბარა და საინტერესოა სად უნდა ვეძებოთ მიზეზი სააპელაციო სასამართლოს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში თუ უმიწოდ, იმთავითვე არაკეთილსინდისიერი განზრახვით შექმნილი ამხანაგობა „კ.-ბ-ის“ არსებობაში.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ 2007 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მშენებლობის ვადა, კასატორებმა განმარტეს რომ 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით ახლებურად არ მოწესრიგდა, უცვლელად რჩება და იბა „... 2005-ის“ წევრებთან ერთად იბა „კ.-ბ-ის“ წევრებზეც ვრცელდება. შესაბამისად, 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების დადებით 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ა. და მ. მ-ებსა და იბა „კ.-ბ-ს“ შორის დამყარდა. ამდენად, კასატორთა მოსაზრებით, 2007 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენს 2007 წლის 8 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილების შემტან ხელშეკრულებას, რომლითაც ა. და მ. მ-ების მოვალედ, გარდა „... 2005-ის“ წევრებისა, ი.ბ.ა. „კ. – ბ-ის“ წევრებიც გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2007 წლის 4 მაისის ხელშეკრულებიდან გასვლა თავისთავად 2007 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გასვლასაც ნიშნავს. 2007 წლის 8 მაისის „არაფულადი შენატანის განხორციელებისა და მისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების მეათე პუნქტის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეები უზრუნველყოფენ მშენებლობის დასრულებას ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებიდან 36 თვეში. ხელშეკრულება სანოტარო წესით დადასტურდა 2007 წლის 8 მაისს, შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2010 წლის 8 მაისამდე. მშენებლობა არც დაწყებულა, რაც კრედიტორებს, ანუ მოსარჩელეებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას ანიჭებს.
ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ ა. და მ. მ-ებს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ იბა „... 2002-თან“ და არა იბა „კ. ბ-თან“, არ გააჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად, კანონის ნორმებზე მითითების გარეშე გაიზიარა იბა „კ. ბ-ის“ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდული მოსაზრება, რომლითაც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეთა ურთიერთობა განხილულია კორპორაციული სამართლის კონტექსტში და კანონმდებლობის მოთხოვნათა იგნორირებით და იბა „... 2005-ის“ 04.12.2007 წ. გამგეობის სხდომის ოქმის, 04ბ12.2007 წ. ხელშეკრულების შინაარსისა და ამ ხელშეკრულებით დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობის შესწავლა-შეფასების გარეშე, გამოიტანა დასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა სადავო უძრავი ქონების გასხვისებას. აღნიშნულტან დაკავშირებით, როგორც კასატორები განმარტავენ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც იბა „კ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარში საერთოდ ნახსენებიც არაა 2007 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების არსებითი პირობა – იბა სადავო უძრავი ქონების, როგორც საწევრო შენატანის შეტანით „... 2005“-ის იბა „კ. ბ-ში“, ანუ ფიზიკურ პირთა ერთი გაერთიანების მეორე ანალოგიურ გაერთიანებაში გაწევრიანება, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის და რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის უხეშ დარღვევაზე მიუთითებს.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ერთობლივი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე თავი.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების იმ ნაწილის დასაბუთებისას, რომლითაც მან არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივირება, რომ 2007 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით ადგილი ჰქონდა არა სადავო უძრავი ქონების გასხვისებას, არამედ ფიზიკურ პირთა გაერთიანება იბა „... 2005“-ის გაერთიანებას იბა „კ. ბ-თან“ არ მიუთითა კანონის არცერთ ნორმაზე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლები, რითაც დაარღვია კანონის ნორმები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების იმ ნაწილის დადსაბუთებისას, რომლითაც მან დაადგინა, რომ ა. და მ. მ-ებს არ აქვთ სადავო მიწის ნაკვეთის ნატურით დაბრუნების უფლება, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 352-ე მუხლის პირველი ნაწილი და 405-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2007 წლის 08 მაისისა და 2007 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებები წარმოადგენენ სრულად სხვადასხვა ხელშეკრულებებს და რომ მოსარჩელეებს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გააჩნდათ მხოლოდ იბა „... 2005“-თან და არა იბა „კ. ბ-თან“, რის გამოც მათ არა აქვთ სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2007 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით ადგილი ჰქონდა სადავო უძრავი ნივთის გასხვისებას იბა „კ. ბ-ზე“ და, რომ 2007 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულებით იბა „... 2005“ არ გამხდარა იბა „კ. ბ-ის“ მონაწილე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ა. და მ. მ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, მხარეებმა: ა., მ. მ-ებმა და ბინათმენაშენეთა ახანაგობა «კ. ბ-მა» წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. ამხანაგობა უზრუნველყოფს არადამფუძნებელ წევრებად მ-ების მიღებას;
2.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ქ. თბილისი, ... 37ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, 2323.00 კვ. მეტრი, დარჩეს ამხანაგობის საკუთრებაში, საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ამხანაგობას არ აქვს უფლება სხვაგვარად განკარგოს ნივთი (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს).
2.2 მხარეები თანხმდებიან, რომ მშენებლობის ვადად განისაზღვროს 4 (ოთხი) წელი ასაშენებელი ტერიტორიიდან მ-ების გაყვანის შემდგომ.
2.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ობიექტური მიზეზებით მშენებლობის შეფერხების შემთხვევაში დამატებით ვადად განისაზღვროს 3 (სამი) წელი.
2.4 მხარეები თანხმდებიან, რომ მშენებლობის საბოლოოდ დაუსრულებლობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ტერიტორია საკუთრებაში უბრუნდება ა. და მ. მ-ებს განკარგვის უფლების გარეშე, კ.-ბ-ის მიერ გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურებამდე.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში მ-ები მიიღებენ 1000 (ერთი ათასი) კვ.მ საცხოვრებელ სახლს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
3.1 საცხოვრებელი ფართების შერჩევა ხდება თანაბრად, ორივე საცხოვრებელი ბლოკიდან და კორპუსის ყოველ 1/3 სართულებზე, 1/3 ფართის შერჩევის უფლებით.
4. ამხანაგობა ა. და მ. მ-ებს საცხოვრებელ ფართებთან ერთად გადასცემს 7 (შვიდი) ავტოსადგომს.
5. ამხანაგობა ვალდებულია ხელშეკრულებითა და წინამდებარე შეთნხმებით განსაზღვრული პირობების შესრულებამდე მ-ები უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით, კერძოდ ოროთახიანი და ერთი სამოთახიანი ბინით.
6. მ-ები კისრულობენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას და ამხანაგობის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში საცხოვრებლად გადავიდნენ ამხანაგობის მიერ დაქირავებულ ბინაში.
7. იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული პროექტი, დაემატა მშენებლობის კოეფიციენტი ან სხვაგვარად გაიზარდა მშენებლობის ფართი, მ-ებს არ წარმოეშობათ პრეტენზია გაზრდილ ფართში დამატებითი ფართის მიღებაზე.
8. ქ. თბილისში, ბ-ი, ... 37ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკისაგან (იპოთეკარი, რ. გ-ე) ქონების გათავისუფლებას უზრუნველყოფს ი.ბ.ა. «კ.-ბ-ი».
9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მორიგების რომელიმე მხარის მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება, მხარეები თანახმა არიან წინამდებარე მორიგების აქტი მიაქციონ იძულებით აღსასრულებლად.
10. წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო წესით დამტკიცების შემდეგ, მხარეებს შორის არსებული პრეტენზიები და დავები წყდება, შესაბამისად, აღარ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ რაიმე დამატებითი ქონებრივი პრეტენზია.
11. მორიგების აქტი შედგენილია სამ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი წარედგინება სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო-თითო რჩებათ მხარეებს.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დასახელებული საქმის განხილვისას მოპასუხე მხარეებს წარმოადგენდნენ იბა «...» და ბინათმენაშენეთა ამხანაგობა «კ. ბ-ი». საქმის მასალებით ირკვევა, რომ იბა «...ს» თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოსა და საკასაციო სასამართლოში საქმეში მხარეებად წარმოდგენილი იყვენენ: ერთის მხრივ ა. და მ. მ-ები და ხოლო მეორეს მხრივ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა «კ. ბ-ი», შესაბამისად, დასახელებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცებით არ შეილახება თავდაპირველი მოპასუხე მხარის იბა «...ის» უფლებები, ვინაიდან მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არგასაჩივრებით, ფაქტობრივად ცნო გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორებს _ ა. და მ. მ-ებს უნდა დაუბრუნდეთ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 6000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. ამხანაგობა უზრუნველყოფს არადამფუძნებელ წევრებად მ-ების მიღებას;
2.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ქ. თბილისი, ... 37ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, 2323.00 კვ. მეტრი, დარჩეს ამხანაგობის საკუთრებაში, საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით და ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ამხანაგობას არ აქვს უფლება სხვაგვარად განკარგოს ნივთი (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს).
2.2 მხარეები თანხმდებიან, რომ მშენებლობის ვადად განისაზღვროს 4 (ოთხი) წელი ასაშენებელი ტერიტორიიდან მ-ების გაყვანის შემდგომ.
2.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ობიექტური მიზეზებით მშენებლობის შეფერხების შემთხვევაში დამატებით ვადად განისაზღვროს 3 (სამი) წელი.
2.4 მხარეები თანხმდებიან, რომ მშენებლობის საბოლოოდ დაუსრულებლობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ტერიტორია საკუთრებაში უბრუნდება ა. და მ. მ-ებს განკარგვის უფლების გარეშე, კ.-ბ-ის მიერ გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურებამდე.
3. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში მ-ები მიიღებენ 1000 (ერთი ათასი) კვ.მ საცხოვრებელ სახლს, თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
3.1 საცხოვრებელი ფართების შერჩევა ხდება თანაბრად, ორივე საცხოვრებელი ბლოკიდან და კორპუსის ყოველ 1/3 სართულებზე, 1/3 ფართის შერჩევის უფლებით.
4. ამხანაგობა ა. და მ. მ-ებს საცხოვრებელ ფართებთან ერთად გადასცემს 7 (შვიდი) ავტოსადგომს.
5. ამხანაგობა ვალდებულია ხელშეკრულებითა და წინამდებარე შეთნხმებით განსაზღვრული პირობების შესრულებამდე მ-ები უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით, კერძოდ ოროთახიანი და ერთი სამოთახიანი ბინით.
6. მ-ები კისრულობენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას და ამხანაგობის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში საცხოვრებლად გადავიდნენ ამხანაგობის მიერ დაქირავებულ ბინაში.
7. იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული პროექტი, დაემატა მშენებლობის კოეფიციენტი ან სხვაგვარად გაიზარდა მშენებლობის ფართი, მ-ებს არ წარმოეშობათ პრეტენზია გაზრდილ ფართში დამატებითი ფართის მიღებაზე.
8. ქ. თბილისში, ბ-ი, ... 37ა-ში მდებარე მიწის ნაკვეტზე არსებული იპოთეკისაგან (იპოთეკარი, რ. გ-ე) ქონების გათავისუფლებას უზრუნველყოფს ი.ბ.ა. «კ.-ბ-ი».
9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მორიგების რომელიმე მხარის მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება, მხარეები თანახმა არიან წინამდებარე მორიგების აქტი მიაქციონ იძულებით აღსასრულებლად.
10. წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო წესით დამტკიცების შემდეგ, მხარეებს შორის არსებული პრეტენზიები და დავები წყდება, შესაბამისად, აღარ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ რაიმე დამატებითი ქონებრივი პრეტენზია.
11. მორიგების აქტი შედგენილია სამ თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი წარედგინება სასამართლოს დასამტკიცებლად, ხოლო თითო-თითო რჩებათ მხარეებს.
მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;
4. ა. და მ. მ-ებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 6000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - ¹300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.