ას-851-902-2011 2 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სპს «ლ-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის ¹146 საჯარო სკოლა
დავის საგანი – საიჯარო ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ქ. თბილისის ¹146 საჯარო სკოლამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სპს სკოლა-ლიცეუმ ,,ლ-ს» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დაკავებული ფართის გამოთავისუფლების დავალდებულება, საიჯარო ქირის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის 18041.05 ლარის ანაზღაურება და ყოველთვიურად ფართის გამონთავისუფლებამდე 1285.9 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, 1999 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და სპს ,,ლ-ს’’ შორის გაფორმდა ქ.თბილისში, ... დასახლებაში მდებარე 146-ე საშუალო სკოლის შენობაში განთავსებულ 770 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 2.3 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ყოველ სამ თვეში უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა. ამავე ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე ერთი თვის განმავლობაში არ გადაიხდიდა ქირას, სიაჯარო ხელშეკრულება ექვემდებარებოდა გაუქმებას ცალმხრივად. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოპასუხემ დაიკავა სკოლის შენობის მარცხენა ფრთის სამი სართული. გადატიხრა შემაერთებელი დერეფნები და დაიწყო სკოლა-ლიცეუმის სახით ფუნქციონირება. 2008 წლის 15 თებერვალს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და თბილისის 146-ე საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უსასყიდლო უზურფრუქტის სახით 146-ე საჯარო სკოლას გადაეცა როგორც მთლიანი სკოლის შენობა, ასევე მიწის ნაკვეთიც. 2008 წლის 18 თებერვლის წერილით თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ აცნობა მოპასუხეს, რომ წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13000 აშშ დოლარის ოდენობით. სარჩელის მიხედვით, მოპასუხეს უნდა გაეფორმებინა ახალი ხელშეკრულება და ძველ ხელშეკრულებაში უნდა შესულიყო შესაბამისი ცვლილება. მათ მიერ აღნიშნული ცვლილებების პროექტი გაეგზავნა მოპასუხეს, სადაც მოპასუხეს სთავაზობდნენ როგორც ქირის ოდენობის გაზრდას, ასევე სხვა პირობების შეცვლას, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხისაგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ. ვინაიდან მოპასუხე ნებაყოფლობით არ იხდის შეთავაზებული ქირის თანხას და აგრძელებს ფართით სარგებლობას, იგი ვალდებულია 2009 წლის პირველი აპრილიდან ფართის გამოთავისუფლებამდე გადაიხადოს უკვე გაზრდილი თანხა.
მოპასუხე სპს სკოლა-ლიცუემმა ,,ლ-მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1999 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებით დადგენილი იჯარის ქირა დღემდე გადახდილი აქვს. 1999 წლის ხელშეკრულება ძალაში იყო 2009 წლის 09 ნოემბრამდე, ამ ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილება არ შესულა და მათ ეკისრებოდათ ვალდებულება, ყოველწლიურად გადაეხადათ 1000 აშშ დოლარი, რაც შეეხება 2009 წლის 9 ნოემბრის შემდგომ პერიოდს, ვინაიდან ხელშეკრულება მათთან არ გაფორმებულა, მათ არ ეკისრებათ გაზრდილი ქირის გადახდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა კი 2009 წლის 9 ნოემბრის შემდეგაც (დღემდე) მათ გადახდილი აქვთ და დავალიანება არ გააჩნიათ. ამასთან, 2008 წლის 18 თებერვლის წერილის თანახმად, გაზრდილი ქირის გადახდაზე თანხმობა (ან უარი) უნდა განეცხადებინათ წერილის მიღებიდან ერთ წელიწადში, წერილი მიიღეს 2009 წლის იანვარში და გამოდის, რომ გაზრდილი ქირა უნდა გადაიხადონ 2010 წლის იანვრიდან, რაზეც თანახმა არიან. მოგვიანებით, საქმის არსებითი განხილვის დროს, მოპასუხემ 2010 წლის 6 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ფართის გამოთავისუფლების და 672 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო (იხ. 2010 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ თბილისის 146-ე საჯარო სკოლის სარჩელი დაკმაყოფილდა. სპს სკოლა-ლიცეუმ ,,ლ-ს» დაევალა, გამოენთავისუფლებინა სსიპ ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლის შენობაში მის მიერ დაკავებული 770 კვ.მ. ფართი, მდებარე ქ. თბილისში, მე-3 მასივი, ... დასახლება მე-14 ქუჩა; სპს სკოლა-ლიცეუმ ,,ლ-ს» დაეკისრა 18 041.05 ლარის გადახდა სსიპ ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლის სასარგებლოდ; სპს სკოლა-ლიცეუმ ,,ლ-ს» დაეკისრა 2010 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული ფართის გამონთავისუფლებამდე ყოველთვიური 1 285.90 აშშ დოლარის გადახდა სსიპ ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლის სასარგებლოდ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩიავრი შეიტანა შპს სკოლა ლიცეუმმა «ლ-მა», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ: სკოლა-ლიცეუმ «ლ-ათვის» მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 606,6 ლარისა და 1083,3 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით სპს სკოლა-ლიცეუმ «ლ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წერილი სკოლა-ლიცეუმ «ლ-ს» არ მიუღია 2008 წლის 18 თებერვალს, აღნიშნული წერილი აპელანტს გადაეცა იმავე მხარესთან არსებულ სხვა სასამართლო დავაში საქმის მასალებთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს წერილით დასტურდება, რომ სამმართველოს წერილი სკოლა-ლიცეუმ «ლ-ს» გაეგზავნა 2008 წლის 18 თებერვალს, რომლის თანახმად, ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებაზე უარის ან ერთი წლის განმავლობაში თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში ადრე დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა (ტ. I. ს.ფ. 35). საქმის მასალებით პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, სპს სკოლა-ლიცეუმმა ,,ლ-მა» საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს 2009 წლის 18 თებერვალს მისწერა ¹10 წერილი, სადაც მოპასუხე თავად აღნიშნავდა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს 2008 წლის თებერვალში გადმოგზავნილი ¹2-22/472 წერილის თაობაზე 2008 წლის ნოემბერში შეიტყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მათ წერილი მიიღეს სხვა სასამართლო დავაში და, რომ, გაზრდილი ქირის გადახდაზე თანხმობა (ან უარი) უნდა განეცხადებინათ წერილის მიღებიდან ერთ წელიწადში, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკოლა-ლიცეუმ «ლ-» 2009 წლის 18 თებერვლის წერილი არ ნიშნავდა თანხმობას 13 000 აშშ დოლარის ოდენობით ქირის გადახდაზე, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა და აღნიშნულთან დაკავშირებით დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ, მართალია, პირადად მას კი ეცნობა წერილის შესახებ 2008 წლის ნოემბერში, მაგრამ მისთვის უცნობი იყო ხომ არ ჩაჰბარდა 2008 წლის 18 თებერვლის წერილი მის რომელიმე ოჯახის წევრს, შესაბამისად, თუ ეს ასე იქნებოდა მას ჰქონდა ვადა 2009 წლის 18 თებერვლამდე იმისათვის, რომ პოზიცია გამოეხატა გაზრდილ ქირასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდებოდა ვადაზე ადრე – 2009 წლის 18 თებერვლიდან, რაც მისთვის მიუღებელი იყო. შესაბამისად, გაგზავნილ იქნა 2009 წლის 18 თებერვლის წერილი, რომელიც, მოპასუხის განმარტებით, თანხმობას არ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ სკოლა-ლიცეუმ «ლ-ათვის», ხელშეკრულების არგაუქმების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა მხოლოდ დათანხმება, ვინაიდან, რეაგირების გარეშე დატოვება 2009 წლის 18 თებერვლამდე ისედაც იწვევდა მის შეწყვეტას. წერილის (2008 წლის 18 თებერვალი) შინაარსიდან გამომდინარე პირობებზე დაუთანხმებლობაც იგივე შედეგს გამოიწვევდა, შესაბამისად, აპელანტი დათანხმდა ახალ პირობებს, რაც 2009 წლის 18 თებერვლის წერილში დააფიქსირა კიდეც და შესთავაზა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეკრულების გაგრძელება ახალი პირობებით, ხოლო, რაც შეეხება ახალ პირობებს, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ერთადერთ ახალ პირობას გაზრდილი საიჯარო ქირა წარმოადგენდა.
ამდენად, აპელანტის (მოპასუხის) ახსნა-განმარტებით (იხ. 2010 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი ტ. I, ს.ფ. 130-133) და საქმის მასალების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2008 წლის 18 თებერვლის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე 2009 წლის 18 თებერვლის წერილით დაეთანხმა და გააგრძელა ფართით სარგებლობა, თუმცა, შეგნებულად თავი აარიდა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, მიუხედავად არსებული შეთავაზებისა.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 172-ე, 242-ე, 581-ე, 606-ე, 361.2-ე და 591-ე მუხლებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ლ-მა», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2008 წლის 18 თებერვლის წერილი სკოლა-ლიცეუმ «ლ-ს» არ ჩაჰბარებია და ამ წერილის არსებობა მისთვის ცნობილი გახდა ¹146 საჯარო სკოლის მიერ წამოწყებულ სასამართლო დავაში 2008 წლის ნოემბერში. ამასთან, კასატორის განმარტებით, სკოლა-ლიცეუმ «ლ-» 2009 წლის 18 თებერვლის წერილი არ ნიშნავდა თანხმობას 13000 დოლარის ოდენობით ქირის გადახდაზე და აღნიშნული წერილი არ გულისხმობდა ამ გაზრდილი ქირის მაშინვე გადახდას. კასატორის მოსაზრებით, თუ «ლ-» 2009 წლის 18 თებერვლის წერილი 13000 აშშ დოლარის გადახდაზე თანხმობად ჩაითვლებოდა, ასეთ შემთხვევაშიც თანხა არასწორადაა დაკისრებული, ვინაიდან 2009 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა, დამატებითი ხელშეკრულება არ დადებულა და ამ თანხის 2009 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდისათვის დაკისრება არასწორია, მხოლოდ 2009 წლის 9 ნოემბრის შემდგომი პერიოდისათვის, რაც 2010 წლის პირველი იანვრისათვის შეადგენს 2 თვეს და განისაზღვრება 2166,6 აშშ დოლარით, ანუ 3 629.05 ლარით, რაც ცხადყოფს, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლომ არასწორად დააკისრა მათ 18041.05 ლარის გადახდა, ნაცვლად 3629.05 ლარისა. რაც შეეხება 2010 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდს, კასატორი მათ სადავოდ არ ხდის, თუმცა თვლის, რომ თანხა არასწორადაა გამოანგარიშებული, კერძოდ, 13000 აშშ დოლარიდან ყოველთვიური ქირის ოდენობა არის 1083.3 აშშ დოლარი და არა 1285.9 აშშ დოლარი როგორც ეს გადაწყვეტილებაშია მითითებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს «ლ-» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2008 წლის 18 თებერვლის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე 2009 წლის 18 თებერვლის წერილით დაეთანხმა და გააგრძელა ფართით სარგებლობა.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ სსიპ თბილისის 146-ე საჯარო სკოლისათვის გარკვეული ფართის (რომელშიც შედის სადავო ფართიც) უსასყიდლო უზუფრუქტით^ გადაცემის შემდეგ იჯარის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სსიპ ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლა და სპს «ლ-ი”. შესაბამისად, 2009 წლის 24 მარტს სსიპ ქ. თბილისის ¹146 საჯარო სკოლის მიერ სპს «ლ-ს” გაეგზავნა 1999 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის პროექტი, სადაც ამ უკანასკნელს, უკვე მეიჯარის უფლებამონაცვლემ კიდევ ერთხელ შესთავაზა შეცვლილი პირობებით იჯარის ხელშეკრულების დადება და დაევალა, 10 დღის ვადაში უკან დაებრუნებინა იგი ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა, მოპასუხე აგრძელებდა ფართით სარგებლობას, ამასთან, მან არ გადაიხადა გაზრდილი საიჯარო ქირა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2008 წლის 18 თებერვლის წერილით გაუგზავნა შეთვაზება, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლემ 2009 წლის 24 მარტს შპს «ლ-ს” მისცა 10 დღიანი ვადა აქცეპტისათვის, ასევე ყურადსაღებია საქმეში არსებული ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლის 05.05.2009 წლის ¹511 წერილი, რომელშიც სპს «ლ-ს” ეთხოვა 11 მაისამდე განეხილა ხელშეკრულების პროექტი და დამოწმებული დაებრუნებინა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად მოითხოვს შეფასებას, რათა დადგინდეს, თუ რომელ ვადას უკავშირდება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის წარმოშობა და, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა.
ამასთან ერთად საგულისხმოა, რომ სპს «ლ-ს” რამდენჯერმე მიეცა ვადა ახალი პირობების მიღებისათვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შპს «ლ-ი” აგრძელებდა ამ ფართით სარგებლობას და არ იხდიდა გაზრდილ საიჯარო ქირას, კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2008 წლის 18 თებერვლის წერილით სპს «ლ-ს” აცნობა, რომ წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 13 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული შეთავაზებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ (რომელიც წარმოადგენდა გამქირავებელს, ხოლო ამჟამად გამქირავებელს და, შესაბამისად, უფლებამონაცვლეს ლ-თან საიჯარო ურთიერთობებში წარმოადგენს საჯარო სკოლა ¹146), სპს «ლ-ს” განუსაზღვრა აქცეპტისათვის შემდეგი პირობები, კერძოდ, ადრე დადებული ხელშეკრულების (1999 წლის 9 ნოემბრის საიჯარო ხელშეკრულების) მოქმედება შეწყდებოდა ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებაზე უარის თქმისა და ერთი წლის განმავლობაში თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამდენად, თუ სპს «ლ-ი” უარს განაცხადებდა ხელშეკრულების დადებაზე, 1999 წლის 9 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულება შეწყდებოდა, ხოლო თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდებოდა ერთ წელწადში.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ერთწლიანი ვადის ათვლის საკითხს და მიიჩნევს, რომ სამმართველოს 2008 წლის 18 თებერვლის წერილი ითვალისწინებს მისი მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მოიჯარის მიერ პოზიციის დაუფიქსირებლობის შემთხვევაში 1999 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტას, შესაბამისად, იგი თანახმაა ქირა გადაიხადოს 2010 წლის იანვრიდან.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სამმართველოს 2008 წლის 18 თებერვლის წერილში მითითებული ერთწლიანი ვადა ნიშნავს ამ წერილის თარიღიდან ერთი წლის (2009 წლის 19 თებერვლამდე) განმავლობაში თანხმობის განუცხადებლობის შედეგებს. იმის გათვალისწინებით, რომ სამმართველოს (ასევე, საჯარო სკოლასა) და სპს «ლ-ს” შორის ხანგრძლივი პერიოდის (1999 წლის 9 ნოემბრიდან) მანძილზე არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, 2008 წლის 18 თებერვლის წერილში გამოთქმული ნება უნდა განიმარტოს ოფერენტისა და აქცეპტანტის მიერ ვითარების გონივრული აღქმის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით თუ რა ეკონომიკურ ინტერესს უკავშირდებოდა შეცვლილი პირობები.
გასათვალისწინებელია, რომ 2008 წლის 18 თებერვლის წერილის (ოფერტის) ანალიზის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სამმართველოს ვადაზე ადრე სურდა 1999 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტა თუ სპს «ლ-ი” არ მიიღებდა მის პირობებს. ამდენად, არ შეიძლება მივიჩნიოთ ერთწლიან პერიოდში 2009 წლის 9 ნოემბრის შემდეგი ვადა (1999 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების ვადა გადიოდა 2009 წლის 9 ნოემბერს), რაც ისედაც ვადის გასვლით წყდებოდა.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული წერილის მიღების ფაქტს ადასტურებს სპს «ლ-” მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილი 2009 წლის 18 თებერვლის წერილით, რომლითაც აღნიშნავს, რომ სპს “ლ-ათვის” 2008 წლის 18 თებერვლის წერილის თაობაზე ცნობილი იყო 2008 წლის ნოემბერში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს, რომ შპს «ლ-ათვის” 2008 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი სამმართველოს 2008 წლის 18 თებერვლის წერილის თაობაზე, რომლის შესახებ თვითონ სპს “ლ-ი” უთითებს თავის 2009 წლის 18 თებერვლის წერილში. ამ ფაქტის საწინააღმდეგოს კასატორი არ უთითებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპს «ლ-ათვის” 2008 წლის 9 ნოემბერს ცნობილი იყო 1999 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების თაობაზე, რომლის ვადა 2008 წლის 18 თებერვლის წერილის მიხედვით უკავშირდებოდა 2009 წლის 19 თებერვალს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს სკოლა-ლიცეუმი «ლ-ი” 2009 წლის 18 თებერვლის წერილით დაეთანხმა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2008 წლის 18 თებერვლის წერილში მითითებულ შეთავაზებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სპს “ლ-” 2009 წლის 18 თებერვლის წერილზე, რომელშიც მითითებულია, რომ «მსურს (სპს «ლ-ი”), თქვენთან შევათანხმო ხელშეკრულების გაგრძელების ახალი პირობები.”
საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ «ამ წერილით მან გამოხატა სურვილი, შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაგრძელების ახალი პირობები, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდილ ქირას გულისხმომდა, მაგრამ არა კონკრეტულად 13 000 აშშ დოლარს.”
ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ წერილში მითითებული ზემოაღნიშნული პასუხი არ წარმოადგენს თანხმობას ხელშეკრულებაზე, არამედ, როგორც კასატორი აღნიშნავს, უკავშირდებოდა თანხმობას ხელშეკრულების დადებაზე, მაგრამ განსხვავებული პირობებით (საკასაციო საჩივრის მიხედვით: «ამ წერილით მან გამოხატა სურვილი, შეეთანხმებინა ხელშეკრულების გაგრძელების ახალი პირობები, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდილ ქირას გულისხმობდა, მაგრამ არა კონკრეტულად 13 000 აშშ დოლარს”), შესაბამისად, ეს წერილი უნდა განვიხილოთ როგორც უარი ოფერტზე. ამდენად, კასატორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2009 წლის 18 თებერვლის წერილით ის კი არ დაეთანხმა 2008 წლის 18 თებერვლის შეთავაზებას, არამედ მხოლოდ სურდა პირობების გადახედვა, შეფასებულ უნდა იქნეს როგორც უარი ოფერტზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია, მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია, მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპს “ლ-ის” მიერ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებაზე უარის თქმა იწვევდა 1999 წლის 9 ნოებრის ხელშეკრულების შეწყვეტას 2008 წლის 18 თებერვლის წერილით აქეპტისათვის დადგენილი პირობების თანახმად, ანუ 2009 წლის 18 თებერვალს. მიუხედავად ამისა, სპს «ლ-ი” აკრძელდებდა ამ ფართის სარგებლობას.
აქედან გამომდინარე, იჯარის ხელშეკრულების ახალი პირობებით გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა, ხოლო ახალი პირობების მიუღებლობის მიუხედავად, სადავო ფართის სარგებლობის შემთხვევაში მოიჯარის უფლებები დაცულია ამავე კოდექსის 591-ე მუხლით.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ სსიპ თბილისის 146-ე საჯარო სკოლისათვის გარკვეული ფართის (რომელშიც შედის სადავო ფართიც) უსასყიდლო უზუფრუქტით^ გადაცემის შემდეგ იჯარის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სსიპ ქ. თბილისის ¹146 საჯარო სკოლა და სპს «ლ-ი”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ 2009 წლის 24 მარტს სსიპ ქ. თბილისის ¹146 საჯარო სკოლის მიერ სპს «ლ-ს” გაეგზავნა 1999 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის პროექტი, სადაც ამ უკანასკნელს, უკვე მეიჯარის უფლებამონაცვლემ კიდევ ერთხელ შესთავაზა შეცვლილი პირობებით იჯარის ხელშეკრულების დადება და ეთხოვა, 10 დღის ვადაში უკან დაებრუნებინა იგი ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 27 აპრილის წერილით სსიპ ქ. თბილისის ¹146 საჯარო სკოლას ფაქტობრივად დაუდასტურა, რომ დამატებით ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმება უნდა მომხდარიყო სსიპ ქ. თბილისის ¹146 საჯარო სკოლასა და სპს «ლ-ს” შორის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ქ. თბილისის ¹146 საჯარო სკოლის 2009 წლის 24 მარტის წერილით შეთავაზებულ პირობებზე სპს «ლ-მა” არანაირი პასუხი არ გასცა და მიუხედავად ამისა, განაგრძობდა ამ ფართით სარგებლობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაც, სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილად უნდა მივიჩნიოთ, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სპს «ლამპრსათვის” ცნობილი იყო იჯარის ხელშეკრულების ახალი პირობების თაობაზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შეთავაზებული პირობები უალტერნატივო იყო, ამდენად, იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება შიძლებოდა მხოლოდ ამ პირობების მიღების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, სპს «ლ-ი” აგრძელებდა ამ ფართით სარგებლობას და არ იხდიდა გაზრდილ ქირას. მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, თუ რატომ დააკისრა სასამართლომ გადაუხდელი იჯარის ქირა სპს «ლ-ს” 2009 წლის 1 აპრილიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2010 წლის 6 მაისის სხდომის ოქმზე (ტ. I. ს.ფ. 131) სადაც მოსამართლის კითხვაზე თუ - «რატომ ითხოვთ თანხის დაკისრებას აპრილიდან” - მოსარჩელე პასუხობს: «წერილს ვადა თებერვალში გაუვიდა, ამის შემდეგ ჩვენ ვადროვეთ მოპასუხეს და 1 აპრილს გავიდა ყველანაირი დამატებითი ვადა, რაც ჩვენს მიერ იყო დანიშნული.”
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული ახსნა-განმარტება არ იძლევა დამაჯერებელი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში არსებულ სსიპ ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლის 2009 წლის 24 მარტის ¹502, ასევე 05.05.2009 წლის ¹511 წერილებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და დაადგინოს, თუ რა ვადა ჰქონდა სპს «ლ-ს” დანიშნული აქცეპტისათვის, შესაბამისად, უნდა დაადგინოს მოთხოვნის წარმოშობის დრო.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორადაა გამოანგარიშებული 13000 აშშ დოლარიდან ყოველთვიური ქირის ოდენობა (13000 : 12), რომელიც შეადგენს თვეში 1083,3 აშშ დოლარს და არა 1285,9 აშშ დოლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს მოსარჩელე სსიპ ქ. თბილისის 146-ე საჯარო სკოლის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი და მისი მოცულობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სპს «ლ-» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.