ას-952-990-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ე. კ-ე-ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ქ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ქ-მა მოპასუხე ე. კ-ე-ს-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 7200 აშშ დოლარის და 550 ევროს, აგრეთვე, 2009 წლის 16 სექტემბრის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ გადაცილებულ დღეზე 720 აშშ დოლარისა და 55 ევროს დაკისრება, (ტომი I, ს.ფ. 10-21).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ე. კ-ე-ს-ას უძრავ ქონებაზე ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღა (ტომი I, ს.ფ. 162-166).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 175-186).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ე. კ-ე-ს-ას ლ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარისა და 550 ევროს გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 16 სექტემბრის ხელწერილით დადგენილია, რომ დ. კ-ემ ლ. ქ-ისგან ისესხა 7200 აშშ დოლარი და 550 ევრო ყოველთვიურად 10%-ის ოდენობით სარგებლის გადახდის პირობით. აღნიშნულ ხელწერილზე, დ. კ-ის მიერ შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 6 ოქტომბრის ექსპერტის დასკვნით, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან;
მოვალე, დ. კ-ე გარდაიცვალა 2009 წლის 8 ოქტომბერს ქ.თბილისში;
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ დ. კ-ის სამკვიდრო ქონება, 2010 წლის 16 აპრილის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ, ე. კ-ე-ს-ამ, რომელიც არის დ. კ-ის ქალიშვილი. დ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე. კ-ე-ს-ას სახელზე 2010 წლის 21 აპრილს;
თანხის დაბრუნების მოთხოვნით დ. კ-ის მემკვიდრის, ე. კ-ე-ს-ას წინააღმდეგ, ლ. ქ-ის მიერ სარჩელი აღძრულ იქნა 2010 წლის 3 მაისს.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა მოპასუხის მიმართ სესხისათვის გათვალისწინებული სარგებლის მოთხოვნაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორის მოთხოვნის უფლების დაკარგვასთან დაკავშირებით, შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს არა სარჩელის სასამართლოში სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობას, არამედ კრედიტორის მიერ მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადას. კრედიტორს შეუძლია მემკვიდრისგან უარის მიღების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, მისი უფლება ჩაითვლება დარღვეულად მემკვიდრისგან უარის მიღების მომენტიდან და ამ დროიდან იწყება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, კრედიტორი ასევე უფლებამოსილია 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში პირდაპირ სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს მოვალის მემკვიდრისგან ვალის დაბრუნება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კრედიტორი მითითებული ნორმით დადგენილ ვადაში პრეტენზიას წარუდგენს გარდაცვლილის მემკვიდრეს სარჩელის შეტანის გზით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი, მამკვიდრებლის კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადის ათვლის დასაწყისს უკავშირებს არა სამკვიდრის გახსნის მომენტს, არამედ, იმ სუბიექტურ ფაქტორს, როდესაც კრედიტორისთვის ცნობილია: ა. პირის გარდაცვალებით სამკვიდროს გახსნის შესახებ; ბ. მოთხოვნის ადრესატის _ მემკვიდრეთა ვინაობის შესახებ.
კონკრეტულ ვითარებაში, ვინაიდან ე. კ-ე-ს-ამ აწ გარდაცლილი დ. კ-ის სამკვიდრო მიიღო 2010 წლის 16 აპრილს, ხოლო ლ. ქ-მა კი სარჩელი აღძრა 2010 წლის 3 მაისს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ქ-მა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ 6-თვიანი ვადაში წარადგინა პრეტენზია დ. კ-ის მემკვიდრის მიმართ სარჩელის შეტანით. შესაბამისად, არ არსებობდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების დაკარგვის საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეულის წილის პროპორციულად. სამოქალაქო კოდექსის 1494-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ-სა და დ. კ-ეს შორის სასესხო ურთიერთვალდებულებები წარმოიშვა ზეპირი გარიგების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ე. კ-ე-ს-ას ლ. ქ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7200 აშშ დოლარისა და 550 ევროს გადახდა (ტომი II, ს.ფ. 68-79).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებით ლ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება შეწყდა მოპასუხისათვის 7200 აშშ დოლარისა და 50 ევროს ყოველთვიური 10%-ის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში (ტომი II, ს.ფ. 82-84).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-ე-ს-ამ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო საჩივარი შემდეგ მოტივებზეა აგებული:
2009 წლის 8 ოქტომბერს გარდაიცვალა დ. კ-ე, რომელსაც ლ. ქ-ის წინაშე გააჩნდა ფულადი ვალდებულება; დ. კ-ის გარდაცვალების შესახებ იმავე დღეებში გახდა ცნობილი ლ. ქ-ისათვის, ეს უკანასკნელი ესწრებოდა კიდეც დ. კ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ რიტუალებს; დ. კ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრება განაგრძეს მისმა ოჯახის წევრებმა; დ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ მის საკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით გადავიდა მის შვილზე, ე. კ-ე-ს-აზე, 2010 წლის 16 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე; საქმეზე არ დასტურდება, რომ 2010 წლის მაისში სარჩელის აღძვრამდე ლ. ქ-მა დ. კ-ის მემკვიდრეებს რაიმე ფორმით წარუდგინა მოთხოვნა;
მოცემული დავის საკვანძო საკითხად იქცა იმის გარკვევა, თუ რა მომენტიდან უნდა აითვალოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა. დასახელებული მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, მითითებული ვადის დაუცველობა იწვევს მოთხოვნის უფლების დაკარგვას. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ავითარებს აზრს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ვადის ათვლის საწყის წერტილად, ამავე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიჩნეულ უნდა იქნეს ის მომენტი, როდესაც კრედიტორისათვის ცნობილი ხდება 2 გარემოება: 1. სამკვიდროს გახსნა; 2. მემკვიდრეთა წრე. კასატორს მცდარად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრების უსწორობას უპირველესად ცხაყოფს თავად სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შინაარსი. სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს ამ მუხლის სიტყვა-სიტყვითი შინაარსიდან და იგი წარმოადგენს სასამართლოს მიერ ნორმის განვრცობითი განმარტების შედეგს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ე-ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. კ-ე-ს-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (664 ლარი) 70% _ 464,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. კ-ე-ს-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ე. კ-ე-ს-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (664 ლარი) 70% _ 464,8 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.