Facebook Twitter

ბს-286-272 (კ-06 18 ივლისი, 2006 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ბ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საბურთალოს ფილიალი

დავის საგანი – მიუღებელი შემოსავალის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 7 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 13 სექტემბერს ბ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საბურთალოს ფილიალისა და მესამე პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავალის, 6005 ლარის, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით მიყენებული ზარალის, 1500 ლარის, სულ _ 7105 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

ბ. გ-ე არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, II ჯგუფის ინვალიდი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის, ღირსების ორდენის კავალერი. არმიის რიგებსა და შს ორგანოებში იმსახურა 33 წელი, 1973 წლიდან გავიდა პენსიაზე წელთა ნამსახურობით, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და მოვალეობებით. «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის მე-14 მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია ყველა სახის დაბეგვრისაგან, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან.

მოსარჩელის მითითებით, მისი სტატუსის მიუხედავად, ადვოკატურაში მუშაობისას მისი ხელფასი იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით, რის გამოც სარჩელი აღძრა სასამართლოში. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. გ-ის სარჩელი და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საბურთალოს განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6389 ლარის გადახდა. მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, 2000 წლის 2 ოქტომბერს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ მოპასუხემ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, ბ. გ-ემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი გახდა 2004 წლის 24 მაისს, რადგან მოპასუხის მიერ ხდებოდა ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშის ნომრის სისტემატური ცვლა.

მოსარჩელის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შესაბამისად, მას უნდა აუნაზღაურდეს სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ _ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მოპასუხის მიერ სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლის თანახმად, დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და დაკისრებული თანხის, 6389 ლარის, მოსარჩელისათვის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა 1999 წელს მოსარჩელის მიერ შეტანილ იქნებოდა საქართველოს ბანკში ანაბრის სახით და 1999-2004 წლებში დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით, მიიღებდა 6005 ლარს, რაც წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სხვადასხვა დაწესებულებაში მიმოსვლის გამო, მოსარჩელემ გასწია ხარჯი, რაც შეადგენს 1500 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს გადაწყეტილების დროულად შეუსრულებლობით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 7105,68 ლარი, რაც, საქართველოს კონსტიტუციის 42.3 მუხლის თანახმად, ანაზღაურებული უნდა იქნეს მოპასუხის მიერ. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ასევე უგულებელყოფილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2 მუხლი, რომლის თანახმად, მითითებული კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ასევე, უგულებელყოფილ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.4 მუხლის ნორმა, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას (ს.ფ. 2-8).

2004 წლის 20 დეკემბერს მოსარჩელე ბ. გ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოპასუხედ ჩართვა და მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალისა და განაცდურის გადახდის დაკისრება ორივე მოპასუხისათვის სოლიდარულად (ს.ფ. 39).

მოსარჩელემ კვლავ მიმართა სასამართლოს დაზუსტებული დამატებითი სარჩელით და მოითხოვა ბრალეული ქმედებებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის, 6005,68 ლარის, სამუშაოზე მოცდენისა და სასამართლოს გარეშე 5 წლის განმავლობაში გაწეული აუცილებელი ხარჯების, 3000 ლარის, სულ _ 9005,68 ლარის, ასევე მატერიალური ზარალის შესაბამისი მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის გადახდის დაკისრება მოპასუხეებისათვის (ს.ფ. 40).

ბ. გ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა შემდეგ გარემოებათა გამო:

მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული, მიუღებელი თანხის გაანგარიშება, რადგან უცნობია, ბ. გ-ე აპირებდა თუ არა თანხის ბანკში შეტანას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხის მითითებით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ბრუნვა აქვს მოსარჩელის თანხას.

მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ (ს.ფ. 54-55).

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს სს «ს. ბ.» გახსნილი აქვს ანგარიში და ვერც სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა თუ რამდენად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო მის მიერ მითითებული შემოსავლის მიღება.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოდან მოცდენის, სატრანსპორტო ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის მოტივით (ს.ფ. 70-71).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების გამო, მიუღებელი შემოსავალის, 6389 ლარის, 1999 წლის 24 ივნისიდან სამუშაოდან მოცდენისა და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების, 1500 ლარის, სულ _ 7889 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 102-ე მუხლი და უგულებელყო სსსკ-ის მე-6 მუხლი, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 106-ე მუხლით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისათივს მიეცა ობიექტური შეფასება.

აპელანტმა არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ანგარიში ჰქონდა გახსნილი საქართველოს ბანკში და იყო მეანაბრე. აპელანტის განმარტებით, იგი მეანაბრე გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე გადაუხდიდა დაკისრებულ თანხას (ს.ფ. 75-83).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 თებერვლის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია და განმარტა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს, რაც ბ. გ-ის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ვერ დაასაბუთა თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე მიაყენა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა მას ზიანი ან რომელი ნორმა უკრძალავდა ეროვნულ ბანკში ანგარიშის ნომრების შეცვლას. აპელანტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, თუ რამდენად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო მის მიერ საპროცენტო დანარიცხის მიღება, რადგან საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 28 სექტემბერს, უფრო გვიან, ვიდრე მოხდებოდა 1999 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც აღსრულდა 2004 წლის 24 მაისს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ ბ. გ-ის მოთხოვნა სამუშაოდან მოცდენის, სატრანსპორტო ხარჯებისა და მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (ს.ფ. 112-115).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 102.1 მუხლით, უგულებელყო სსკ-ის 106-ე მუხლი, რომელიც ათავისუფლებს მხარებს მტკიცებულებების წარმოდგენისაგან იმ ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც მართალია, ემყარება მოთხოვნა, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებს. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა შეეცვალა ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერი, როდესაც სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იმყოფებოდა საქმე დაკისრებული თანხის იძულებითი ამოღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნული, კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს. მითითებული გარემოების გამო, 5 წლის მანძილზე ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მოპასუხემ არ დაიცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულობის შესახებ. გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი გახდა 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის მიერ გახსნილი ანგარიშიდან.

კასატორის მითითებით, ასევე მართებულია მისი მოთხოვნა სამუშაოდან მოცდენისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების, 1500 ლარის, ანაზღაურების შესახებ, რადგან მოსარჩელე ვერ შეძლებდა ერთდროულად ადმინისტრაციულ, სასამართლო ორგანოებსა და სამუშაოზე ყოფნას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენაც საჭირო არ არის.

კასატორის მითითებით, მის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია მის მიმართ მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება, რაც დამტკიცებას არ საჭიროებს სსკ-ის 106-ე მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად.

კასატორის მითითებით, მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბ. გ-ე იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა სახალხო ბანკიდან აეღო წინასწარი კრედიტი, ხუთი თვის პენსია, რის დასადასტურებლადაც წარადგინა ხელშეკრულება (ს.ფ. 141-145).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი, 394-ე მუხლის «ე» პუნქტი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სსსკ-ის 249.4 მუხლის მოთხოვნა, რადგან გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა თუ რომელი გარემოებები მიიჩნია დადგენილად, მტკიცებულებებზე, რომლებზეც დაამყარა თავისი დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც უარყო ესა თუ ის მტკიცებულებები და კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა და რომლებიც დაედო საფუძვლად სააპელაციო საჩივრის მოტივების უარყოფას და მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევას. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის სრულიად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინება ააგო მხოლოდ მოსაზრებებზე, რომლებითაც ყოველგვარი დასაბუთების, სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძვლების მითითების გარეშე გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ და უპირობო საფუძველს, თანახმად სსსკ-ის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტისა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რადგან სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითებულ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია არის სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, რადგან ბ. გ-ემ თავის სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის დასადასტურებლად, ახსნა-განმარტებები მისცა როგორც რაიონულ, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ასევე წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც თავად მიიჩნია საჭიროდ და საკმარისად მოთხოვნის დასაბუთებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 102-ე მუხლი და იგი არ უნდა დაედო ბ. გ-ის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ერთადერთ საფუძვლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილებით და მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, შეეგროვებინა ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბ. გ-ემ ვერ დაასაბუთა თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე მიაყენა მას ზიანი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ მართებულად არ შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის არსი, რადგან ბ. გ-ემ მიუღებელი შემოსავლისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის მე-10 მუხლზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის. საქმეში წარმოდგენილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საბურთალოს რაიონის განყოფილებას ბ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6389 ლარის გადახდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 18 აგვისტოს ¹04/03-82გ მიმართვის თანახმად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება აღსრულდა 2004 წლის 24 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა არ შეასრულა რა მოქმედი კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რის გამოც გადაწყვეტილება არ აღსრულებულა 1999 წლიდან 2004 წლამდე, მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

ამდენად, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე მიადგა მას ზიანი, არის უსაფუძვლო, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და დადგენის შემდეგ, უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: არსებობდა თუ არა მიუღებელი შემოსავალის, ზიანის, სამუშაოზე მოცდენისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი; არსებობდა თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სსსკ-ის 106-ე მუხლის გამოყენების საფუძველი. ასევე, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად მითითებული არგუმენტის საფუძვლიანობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უფლება არ ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში შეეცვალა ეროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერი, ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება განპირობებული იყო თუ არა სოცფონდის მიერ საბანკო ანგარიშის ნომრის შეცვლით.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას საპროცესო კანონით დადგენილი წესით ასევე უნდა იმსჯელოს სააღსრულებო ბიუროს თანამოპასუხეობის საკითხზე, რადგან მიუღებელი შემოსავალის, ზიანის, სამუშაოზე მოცდენისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება დაკავშირებულია იმ ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევასა და დადგენასთან, თუ რატომ მოხდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ 2004 წელს, სოცფონდმა დაარღვია თუ არა მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულობის შესახებ და გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით მიადგა თუ არა ზიანი მოსარჩელეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სააღსრულებო ბიუროს თანამოპასუხეობაზე, რადგან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას აღასრულებენ სააღსრულებო დაწესებულებები. მითითებული კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს გადაწყვეტილებათა დროული და ეფექტური აღსრულება, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რა სამართლებრივი შესაძლებლობები გამოიყენა მითითებულმა ორგანომ სააღსრულებო წარმოების ეფექტური შედეგის მისაღწევად. კონკრეტულ შემთხვევაში, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა სააღსრულებო ბიუროს მიერ, რომელთანაც ხელშეკრულება ჰქონდა დადებული მოსარჩელე ბ. გ-ეს 2000 წლის 2 ოქტომბერს (კრედიტორის ბ. გ-ის სასარგებლოდ 6389 ლარის გადახდევინების უზრუნველყოფის შესახებ).

საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბ. გ-ის მიერ სახალხო ბანკთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, თუ რამდენად სავარაუდო ან მოსალოდნელი იყო მის მიერ საპროცენტო დანარიცხის მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მიერ წამოყენებულ საკასაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს და გამოიკვლიოს თუ რომელი გარემოებების დასადასტურებლად და დასასაბუთებლად იქნა ზემოაღნიშნული მტკიცებულება წარმოდგენილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, განჩინება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებულია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26.3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.