Facebook Twitter

ას-1517-1523-2011 15 დეკემბერი, 2011 წელი

თბილისი

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს., კ., ი. ა-ეების წარმომადგენელი პ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ა-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ი., კ. და ს. ა-ეების წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 74 800 აშშ დოლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს: ს. ა-ეს, ი. ა-ესა და კ. ა-ეს მ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 69 600 აშშ დოლარის გადახდა. მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის განსახილველად მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: ს., ი. და კ. ა-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის განდაწყვეტილებით ი., კ., ს. ა-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ა-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 4752,29 ლარის ოდენობით. მ. ა-ეს ს., კ. და ი. ა-ეების სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ საპროცესო ხარჯის სახით გაღებული თანხა 1000 ლარის ოდენობით.

2011 წლის 12 სექტემბერს ს., კ. და ი. ა-ეების წარმომადგენელმა პ. შ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებლის განმარტებით, გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო უსწორობა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაკისრებოდა არა სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ აპელანტთა სასარგებლოდ, რადგან სააპელაციო საჩივარზე წინასწარ ჰქონდათ ბაჟი გადახდილი და, ვინაიდან მათ სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბაჟი მათ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების დადგენილებით ნაწილში, საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების განცობის შედეგად მიიჩნია, რომ აღნიშნული მოტივი და საფუძველი არ წარმოადგენდა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ უსწორობას, რადგან საპროცესო ხარჯების საკითხი ამგვარად იქნა გადაწყვეტილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს კასაციის საფუძველს და არ შეიძლება გასწორებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, თუ გადაწყვეტილების ამ ნაწილით მხარე დარჩა უკმაყოფილო, მას შეეძლო გამოეყენებინა შესაბამისი საპროცესო საშუალება (ამ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი., კ. და ს. ა-ეების წარმომადგენელმა პ. შ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და შესწორების შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში იმგვარად, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სახელმწიფო ბაჟის _ 4752,29 ლარის გადახდა დაკისრებოდა არა სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ აპელანტების სასარგებლოდ შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, მოწინააღმდეგე მხარისათვის, აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი სახხელმწიფო ბაჟის _ 4752,29 ლარის ოდენობით თანხის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება არასწორი იყო, ვინაიდან აპელანტებმა წინასწარ გადაიხადეს მითითებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და სააპელაციო საჩივრის მთლიანად დაკმაყოფილების შემთხვევაში, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა დაეკისრებინა არა სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ აპელანტთა სასარგებლოდ, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ უსწორობას და არა კასაციის საფუძველს, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მოგებული მხარისათვის კასაციის საფუძვლებზე მითითება უკანონოა, ვინაიდან საპროცესო ხარჯების სხვაგვარად გადაწყვეტას კანონი არ ითვალისწინებს და იპერატიულად მიუთითებს, რომ მოგებული მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ი., კ. და ს. ა-ეების წარმომადგენელ პ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამარტლო ხარჯების გადახდისაგან.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ თუ მოსარჩელემ (აპელანტმა) შეიტანა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით (აგრეთვე სხვა ხარჯები), დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: ს., ი. და კ. ა-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ს., ი. და კ. ა-ეებმა სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 4752,29 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 216).

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის განდაწყვეტილებით ი., კ., ს. ა-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ა-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 4752,29 ლარის ოდენობით. მ. ა-ეს ს., კ. და ი. ა-ეების სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ საპროცესო ხარჯის სახით გაღებული თანხა 1000 ლარის ოდენობით.

საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ს., კ. და ი. ა-ეების წარმომადგენელ პ. შ-ის განცხადება, ამავე სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი არ წარმოადგენდა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ უსწორობას, რადგან საპროცესო ხარჯების საკითხი ამგვარად იქნა გადაწყვეტილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც თავის მხრივ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა კასაციის საფუძველს და არ შეიძლება გასწორებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხი განეკუთვნება პროცესუალური ხარვეზის სფეროს, რაც დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ავტორის განმარტებას მასზე, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ უსწორობას და არა კასაციის საფუძველს, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მოგებული მხარისათვის კასაციის საფუძვლებზე მითითება უკანონოა, ვინაიდან ისეთ პირობებში, როდესაც აპელანტის მიერ წინასწარ იქნა სახელმწიფო ბაჟი გადახდილი, საპროცესო ხარჯების სხვაგვარად გადაწყვეტას კანონი არ ითვალისწინებს და იმპერატიულად მიუთითებს, რომ მოგებული მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსსკ-ის 53.1-ე მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლომ თავიდან უნდა იმსჯელოს ს., კ. და ი. ა-ეების წარმომადგენელ პ. შ-ის განცხადების შესახებ, ამავე სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და დააკმაყოფილოს იგი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს., კ. და ი. ა-ეების წარმომადგენელ პ. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება და საქმე, ს., კ. და ი. ა-ეების წარმომადგენელ პ. შ-ის განცხადების ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.