ას-1529-1535-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ა-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «დ-2009»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «ა-ის» სარჩელი მოპასუხე შპს «დ-2009-ის» მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხისათვის 76000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება, არ დაკმაყოფილდა (ტომი III, ს.ფ. 370-376).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი III, ს.ფ. 381-390).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 10 აგვისტოს გამოიტანა გადაწყვეტილება; ეს გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა შპს «ა-ის» წარმომადგენელ ბ. ბ-ეს 2011 წლის 5 სექტემბერს; შპს «ა-მა» სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2011 წლის 20 სექტემბერს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი შპს «ა-ის» წარმომადგენელ ბ.ბ-ეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2011 წლის 5 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2011 წლის 19 სექტემბერი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ შპს «ა-ის» წარმომადგენელ ბ. ბ-ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შევიდა 2011 წლის 20 სექტემბერს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ტომი III, ს.ფ. 393-395).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ა-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელ ბ.ბ-ეს პირადად არ ჩაბარებია, სინამდვილეში გადაწყვეტილება ჩაბარდა მის ოფისში _ ქ.ქუთაისში, ჭ-ის გამზირის ...-ში, მისივე ოთახში მომუშავე პირს, ინდმეწარმე ზ-ეს. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილზე ხელი მოაწერინეს ბ.ბ-ის სახელით, ხოლო ადრესატს გადაწყვეტილება გადაეცა 6 სექტემბერს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობა აპელანტის მიერ 14-დღიანი ვადის გაშვებაზე, რომელიც გამომდინარეობს ს.ფ. 377-ზე (ტომი III) განთავსებული დოკუმენტიდან, არასწორია (ტომი III, ს.ფ. 399).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელ ბ. ბ-ეს გაეგზავნა მისამართზე: ქუთაისი, ს-ის ქ.¹51ა. სასამართლო გზავნილი ადრესატს პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 5 სექტემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე არსებული ხელმოწერით (ტომი III, ს.ფ. 377).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 6 სექტემბერს და დასრულდა 2011 წლის 19 სექტემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. შპს «ა-მა» ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით _ 2011 წლის 20 სექტებერს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელ ბ.ბ-ეს პირადად არ ჩაბარებია, სინამდვილეში გადაწყვეტილება ჩაბარდა მის ოფისში _ ქ.ქუთაისში, ჭ-ის გამზირის ...-ში, მისივე ოთახში მომუშავე პირს, ინდმეწარმე ზ-ეს. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილზე ხელი მოაწერინეს ბ. ბ-ის სახელით, ხოლო ადრესატს გადაწყვეტილება გადაეცა 6 სექტემბერს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ მოსაზრებას, ვინაიდან ს.ფ. 377-ზე (ტომი 3) წარმოდგენილი ხელწერილით უდავოდ დასტურდება აპელანტის წარმომადგენლის, ბ. ბ-ის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. ამ ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები, ვინაიდან ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «ა-ის» კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ა-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.