ას-1551-1552-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. ც-ი, გ. და ჯ. ჭ-ეები
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ც-ის, გ. და ჯ. ჭ-ეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ც-ის, გ. ჭ-ისა და ჯ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით.
2010 წლის 16 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ. ო-ემ განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება. განცხადებაში მითითებულია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მ. ჩ-ისათვის 12 295 ლარის გადახდის სანაცვლოდ ც. ც-ი ცნობილ იქნა თბილისში, ხიდისთავის მე-2 ჩიხ.¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ¹3 26,55 კვ.მ ოთახის ¹4 ოთახის – 18,19 კვ.მ. შესასვლელის – 7.02 კვ.მ და სამზარეულოს – 5.43 კვ.მ. მესაკუთრედ. განმცხადებელმა მოითხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტება, აღნიშნული ქონება, რომელც საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად რეგისტრირებულია წილობრივი მონაცემებით (1/2), მთლიანად განიკარგა თუ ნაწილი დარჩა მ. ჩ-ის საკუთრებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ც-ი ცნობილ იქნა თბილისში, ხ-ის მე-2 ჩიხი ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ¹3 26,55 კვ.მ. ოთახი ¹4 ოთახის – 18,19 კვ.მ. შესასვლელის – 7.02 კვ.მ. და სამზარეულოს – 5.43 კვ.მ. მესაკუთრედ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ ქ,თბილისში, ხიდისთავის მე-2 ჩიხ.¹1-ში მდებარე უძრავი ქონების წილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ. ჩ-ის საკუთრებაში. მითითებულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 287.21 კვ.მ.-ს. რეესტრში რეგისტრირებული წილობრივი მონაცემების გათვალისწინებით მ. ჩ-ის საკუთრებას აღნიშნული შენობა-ნაგებობიდან შეადგენს 143.6 კვ.მ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ც. ც-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ხიდისთავის მე-2 ჩიხი, ¹1-ში მდებარე მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან სულ 57.19 კვ.მ.-ის მესაკუთრედ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ჩ-ის წილი მითითებულ მისამართზე შეადგენს 86.41 კვ.მ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი შემდეგნაირად განმარტა: მ. ჩ-ისათვის 12 295 ლარის გადახდის სანაცვლოდ ც. ც-ი ცნობილი იქნა თბილისში, ხიდისთავის მე-2 ჩიხი, ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ¹3 ოთახის ფართით 26,55 კვბმ. ¹4 ოთახის – 18,19 კვ.მ., შესასვლელის – 7.02 კვ.მ. და სამზარეულოს – 5.43 კვ.მ., სულ 57.19 კვ.მ.-ს მესაკუთრედ. მ. ჩ-ის საკთრებაში დარჩა ქ.თბილისში, ხ-ის მე-2 ჩიხი, ¹1-ში მდებარე შენობა-ნაგებობა 86.41 კვ.მ. ფართის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჩ-მა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლოს განჩინება არის უკანონო, იგი არ შეესაბამება საპროცესო კანონის მოთხოვნებს, სასამართლო გასცდა გადაწყვეტილების განმარტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენლ ფარგლებს და ფაქტობრივად, საკუთარი განჩინებით გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. ამასთან, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილით დაადგინა: „მ. ჩ-ისათვის 12 295 ლარის გადახდის სანაცვლოდ ც. ც-ი ცნობილ იქნა თბილისში, ხ-ის მე-2 ჩიხი, ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ¹3 ოთახის ფართით 26.55 კვ.მ ¹3 ოთახის, 18.19 კვ.მ. ¹4 ოთახის და 7.02 კვ.მ. შესასვლელისა და 5.43 კვ.მ. სამზარეულოს მესაკუთრედ“ როგორც ვლინდება, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუცო ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს ც. ც-ის საკუთრების საგნის ფარგლებსა და იგი რაიმე ბუნდოვანებს არ შეიცავს. ამასთან, მოცემული სასამართლო გადაწყვეტილება თავისი არსით წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას, რაც იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება. მასზე არ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი და მისი აღსრულება შესაძლებელია გადაწყვეტილების უძრავი ქონებით. საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 63-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ქონებაზე აღსრულების სახეებს, რაც შეიძლება იყოს: 1) იძულებითი იპოთეკის რეგისტრაცია; 2) იძულებითი აუქციონი: 3) სეკვესტრი (ქონების იძულებითი მართვა). არც ერთ დასახელებულ სააღსრულებო მოქმედებათა შინაარსში არ თავსდება ისეთი სააღსრულებო მოქმედება, როგორიცაა უძრავი ქონების საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისაკენ მიმართული მოქმედებები. ასეც რომ არ იყოს, გადაწყვეტილებით იძულებითი აღსრულება დასრულდა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე მ. ჩ-ისათვის გადასაცემი თანხის ჩარიცხვის მომენტიდან. ხოლო საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო-ადმინისტრაციულ წარმოებაში სააღსრულებო ბიუროს იძულებითი აღსრულების მოქმედებები ვერ განხორციელდება გამომდინარე იქიდანაც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შეიტანა არა სააღსრულებო ბიურომ, არამედ ც.ც-მა, ამასთანავე საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებით დამატებითი მონაცემების წარდგენას მხოლოდ ამ უკანასკნელიდან (და არა აღმარსულებლიდან) ითხოვს. აგრეთვე, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტებით რეალურად დადგინდა ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვით ც. ც-ს საკუთრებაში გადაეცა ფართი, რომელიც მდებარეობს მ.ჩ-ის საკუთრებაში. მაშასადამე, საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფარგლებს მოიცავს ც.ც-ის საკუთრების უფლება, მოითხოვდა დამოუკიდებელ, აღიარებით სარჩელის აღძვრას და მხოლოდ ასეთი სარჩელს არსებობის პირობებში სასამართლოს მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ სააღსრულებო ბიუროს განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არის დაუშვებელი, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არაა ბუნდოვანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების ნაწილში უკვე აღსრულებულია. ამასთან, განცხადება შეტანილ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ. ო-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: «მ. ჩ-ისათვის 12 295 ლარის გადახდის სანაცვლოდ ც. ც-ი ცნობილ იქნა თბილისში, ხ-ის მე-2 ჩიხი, ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ¹3 ოთახის ფართით 26,55 კვ.მ, ¹4 ოთახის _ 18,19 კვ.მ, შესასვლელის _ 7,02 კვ.მ, სულ 57, 19 კვ.მ-ის მესაკუთრედ. მ. ჩ-ის საკუთრებაში დარჩეს ქ. თბილისში, ხ-ის მე-2 ჩიხი, ¹1_ში მდებარე შენობა-ნაგებობა 86,41 კვ.მ ფართის ოდენობით.»
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და, თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისთვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც. ც-ის შეგებებული სარჩელი. მ. ჩ-ისათვის 12 295 ლარის გადახდის სანაცვლოდ ც. ც-ი ცნობილ იქნა თბილისში, ხ-ის მე-2 ჩიხ ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე ¹3, 26,55 კვ.მ ოთახის, ¹4, 18.19 კვ.მ ოთახის, 7.02 კვ.მ შესასვლელისა და 5.43 კვ.მ სამზარეულოს მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ც. ც-ი ცნობილ იქნა აღნიშნულ მისამართზე 57,19 კვ.მ-ის მესაკუთრედ წარმოადგენს მიკუთვნებული ფართების არითმეტიკულ დაჯამებას, რითაც სააპელაციო სასამართლო არ გასცდენია გადაწყვეტილების განმარტების მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ის ფაქტი, რომ ც. ც-ის საკუთრებაში 57,19 კვ.მ ფართი გადავიდა, მ. ჩ-ისათვის ცნობილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებითაც. მ. ჩ-ისათვის ასევე ცნობილ იყო, რომ მის საკუთრებაში დარჩა 86,41 კვ.მ ფართი, რადგან აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 287,21 კვ.მ-ს თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერისა, ხოლო მ. ჩ-ის საკუთრებაში იყო უძრავი ქონების ½1/2 წილი ანუ 143,6 კვ.მ. შესაბამისად, ც. ც-ისათვის 57,19 კვ.მ-ის მიკუთვნებისას მ. ჩ-ის საკუთრებაში დარჩებოდა 143,6 კვ.მ-ს გამოკლებული 57,19 კვ.მ, რაც შეადგენს 86,41 კვ.მ-ს.
მაშასადამე, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მხოლოდ დაზუსტდა და აღმოიფხვრა ის ბუნდოვანება, რაც 2009 წლის 16 დეკემბრის სარეზოლუციო ნაწილში იყო. გადაწყვეტილების განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არ შეუცვლია, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ფაქტი დააზუსტა და შეუსაბამა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.