Facebook Twitter

ას-1554-1554-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი 20 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ქ. თბილისი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჯ-ას წინააღმდეგ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ჯ-ას არასრულწლოვანი შვილის _ ნ. ჯ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში 100 ლარის ოდენობით 2011 წლის პირველი ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა თვეში 40 ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჯ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი მან წარადგინა არა 2011 წლის 31 აგვისტოს, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ 2011 წლის 25 აგვიტოს _ კანონით დადგენილ ვადაში., რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს თან დაურთო შპს «ს. ფ-ის» ქვითრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება გ. ჯ-ას პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 12 აგვისტოს (იხ. ს.ფ.43); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 13 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 26 აგვისტოს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2011 წლის 26 აგვისტო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 31 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რომლის აღდგენაც დაუშვებელია (იხ. ს.ფ. 57-65).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2011 წლის 25 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერც კერძო საჩივარზე დართულ შპს «ს. ფ-ის» ქვითრებს მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ეს ქვითარები არ შეიცავს გ. ჯ-ას მიერ აღნიშნული ორგანიზაციისათვის ჩაბარებული კორესპონდენციის დასახელებას.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაესაბუთებინა, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.