ას-1559-1559-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ჭ. ჯ-ე, გ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 17 დეკემბერს ჭ. და გ. ჯ-ეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ლ. ბ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის ჭ. ჯ-ის სასარგებლოდ 35 000 აშშ დოლარის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ – 2 000 ლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს, 652 ლარის, ასევე სესხის - 930 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს – 258,54 აშშ დოლარის დაკისრება.
ლ. ბ-ემ იმავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა და 2009 წლის 27 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ჭ. და გ. ჯ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ბ-ეს მოსარჩელე ჭ. ჯ-ის სასარგებლოდ 35 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო მოსარჩელე გ. ჯ-ის სასარგებლოდ - 2000 ლარისა და პირგასამტეხლოს, 652 ლარის, ასევე სესხის _ 930 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 258.54 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ბ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ეს ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად, ასევე საკუთარი მოთხოვნის დასაზუსტებლად 14 დღე მიეცა.
აღნიშნული განჩინების პასუხად ლ. ბ-ემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან გადავადება და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა. აპელანტის მითითებით, მისი მამა, გ. ბ-ე, გარდაიცვალა; მის კმაყოფაზე არიან დედა და ავადმყოფი ბებია და მას არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საკმარისი შემოსავალი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით გაუგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით კი, ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ლ. ბ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ ლ. ბ-ემ სასამართლოს გ. ბ-ის გადაცვალების შესახებ ცნობა არ წარუდგინა. აღნიშნული ცნობა კი, საქმეში მოიპოვებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა მისი ქონებრივი მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის შემცირებაზე ან გადავადებაზე უსაფუძვლოდ უთხრა უარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უსაფუძვლოდ დატოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
ამგვარად, ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მხარემ დაასაბუთოს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობა.
განსახილველ შემთხვევაში ლ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრის შეტანისას სახელმწიფო ბაჟის გადავადება ან შემცირება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მისი მამა გარდაცვლილი იყო, ხოლო დედა და ბებია მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ. აღნიშნული გარემოებები კი, მხარის ქონებრივ მდგომარეობას არ ადასტურებს. მამის გარდაცვალების ფაქტი, თავისთავად არ ნიშნავს, რომ სრულწლოვან შვილს საკმარისი შემოსავალი არ გააჩნია, ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ გ. ბ-ის გარდაცვალების ცნობა საქმეში იყო და სააპელაციო სასამართლოს ის არ უნახავს. მნიშვნელობა არ აქვს, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე წარადგინა ლ. ბ-ემ მამის გარდაცვალების ცნობა, სასამართლო ხარჯების შემცირების ან გადავადებისათვის, მას საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები უნდა წარედგინა. მოცემულ შემთხვევაში კი, რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებები მართებულად არ ჩათვალა სასამართლო ხარჯების შემცირების ან გადავადების საფუძვლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, რომელიც აპელანტს 2011 წლის 20 სექტემბერს ჩაბარდა, ლ. ბ-ეს ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინების პასუხად, აპელანტს სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს, არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები წარუდგენია.
ყოველივე ზემომითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ. ბ-ის საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ამდენად კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 241-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.