Facebook Twitter

ას-1574-1573-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს «მ-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებელი უკანონოდ მიიჩნევდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 ივლისისა და 2011 წლის 8 ივნისის განჩინებებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადებას მიღებაზე ეთქვა უარი შემდეგი დასაბუთებით: მ.მ-ე ითხოვდა ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 8 ივნისისა და 1 ივლისის განჩინებების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას. პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით განმცხადებელ მ. მ-ეს დაუდგინდა ხარვეზი. 2011 წლის 17 ოქტომბერს მ. მ-ემ, ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა რომ წარმოდგენილი განცხადებით იგი ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 8 ივნისის განჩინებას. პალატამ აღნიშნა, რომ იგივე განცხადება განსახილველად აწერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ი. პ-ეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად პალატამ განმარტა, ვინაიდან მ. მ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება, ამ განცხადების ქსეროასლი განსახილველად დაეწერა მოსამართლეებს, თ.ს-ესა და ი. პ-ეს, აღნიშნული წარმოადგენს მ. მ-ის განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ ხარვეზი არასწორად დაუდგინა, მან შეადგინა ერთი განცხადება, რომელიც განსახილველად დაეწერა მოსამართლე ი. პ-ეს, მითითებული განცხადების ქსეროასლშიც იგივე ეწერა, რაც დედანში და ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება არ მიეღო აღნიშნული განცხადებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მოცემულ საქმეზე მ. მ-ემ განცხადებით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისისა და 2010 წლის 1 ივლისის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, როგორც დადგენილია, სასამართლოში წარმოებს იმავე შინაარსის განცხადების განხილვა სხვა მოსამართლესთან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად: სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ეს მართებულად უთხრა უარი განცხადების მიღებაზე და შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.