Facebook Twitter

ას-1575-1574-11 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილ (თავჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილ, თეიმურაზ თორდია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გრ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – სამკვიდროს გაყოფა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გრ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის მიმართ და მოითხოვა 1986 წლის 25 ივლისს მამის _ ი. გ-ის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გრ. გ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში თ. გ-ისა და გ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული თბილისში, ი-ის ¹8 ჩიხში მდებარე (მიწის საკადასატრო კოდი ¹...) სახლთმფლობელობის 14/80 წილის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს დ. კ-ას მიერ 2005 წლის 28 იანვარს ი. გ-ის სამკვიდრო ქონებაზე გ. გ-ის სახელზე გაფორმებული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, საჯარო რეესტრში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე წილები განაწილდა შემდეგნაირად: 10/80 _ თ. გ-ს, 14/80 _ გრ. გ-ს, 56/80 _ გ. გ-ს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განჩინებით აპელანტ გ. გ-ს დაევალა, დაეზუსტებინა სააპელაციო მოთხოვნა და განემარტა, რა ნაწილში ასაჩივრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე, სადავო ქონების, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის, საბაზრო ღირებულების შეფასება, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შეფასებული ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დამადასტურებელი დედნის წარმოდგენა.

2011 წლის 14 ივნისს გ. გ-ის წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სადავო ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, იშუამდგომლა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე და მხარეს მიეცა 7 დღე ხარვეზის სრულად გამოსასწორებლად.

2011 წლის 4 ივლისს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა გ.გ-ის წარმომადგენელმა და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 183 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2011 წლის 11 ივლისის განჩინებით გ. გ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და ამ ვადაში მას დაევალა, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის 13/64 ნაწილის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და სადავო ქონების (გრ. გ-ის მოთხოვნის ნაწილში) 14.80 კვ.მ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა მის მიერ უკვე გადახდილი 183 ლარის გამოკლებით.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 აგვისტოს, განცხადებით მიმართა აპელანტმა, გ. გ-მა, წარადგინა აუდიტორიული დასკვნა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გადავადება 10 დღით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა ხარვეზის შესავსებად, თუმცა მას პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული არ განუხორციელებია. პალატამ აღნიშნა, რომ მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა 2011 წლის 9 აგვისტოს. მითითებული შუამდგომლობა პალატამ მხოლოდ სექტემბერში განიხილა, შესაბამისად, აპელანტმა არც აღნიშნული დრო გამოიყენა ხარვეზის შესავსებად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. გ-ის წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ დადგენილი წესით შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს წარმოებაში უნდა მიეღო სააპელაციო საჩივარი იმ ნაწილში მაინც, რა მოცულობითაც მხარეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი ჰქონდა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის მიკუთვნებულ წილზე. 2011 წლის 12 სექტემბერს ეს თანხა განჩინებით აპელანტს უკან არ უნდა დაბრუნებოდა.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის განჩინებით მხარეს არასწორად დაევალა სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება, რადგან საჩივარში მითითებულია და მკაფიოდაა დადასტურებული გ. გ-ის მოთხოვნა.

დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება საქმის განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რადგან აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხარვეზის გამოსწორების ვადა მხოლოდ ერთხელ გაუგრძელა. აუდიტორიული შეფასებები კი წარდგენილ იქნა დროულად. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის ფინანსური მდგომარეობა, უკვე გაწეული სასამართლო ხარჯები და ის ფაქტი, რომ მას არ ჰქონდა მუდმივი სამსახური. შესაბამისად, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დამატებით 10 დღის მიცემის თაობაზე დასაბუთებული იყო და სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლები.

ამდენად, სრულიად გაუგებარია სასამართლოს ვარაუდი მხარის მიერ საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობის თაობაზე. ასევე დაირღვა მისი კონსტიტუციით დაცული უფლება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ გ. გ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და მისი საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა. აღნიშნული ვადა სასამართლომ მხარის მოთხოვნით ჯერ 7, ხოლო შემდეგ კიდევ 5 დღით გაუგრძელა, თუმცა აპელანტს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია. გ. გ-მა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით მხოლოდ 183 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მიუთითა, რომ განიცდის ფინანსურ სიდუხჭირეს, არ გააჩნია მუდმივი სამუშაო ადგილი და მოითხოვა დამატებით დრო სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზი გამოსწორებულად უნდა ჩაეთვალა და სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში წარმოებაში უნდა მიეღო. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება ხდება ამ სააპელაციო საჩივრის მთელი მოცულობის ღირებულების გათვალისწინებით. აპელანტმა გ. გ-მა კი თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი სრულად არ გადაიხადა და არც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ შეუმცირებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის დამატებით გაგრძელების შემთხვევაში საქმის განხილვის გაჭიანურების თაობაზე. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გ. გ-ს ხარვეზის შესავებად ვადა ორჯარ გაუგრძელდა, შესაბამისად, მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა მის გამოსასწორებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო ვადის გაგრძელებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებიც, რათა ერთი მხარისათვის გარკვეული საპროცესო მოქმედების შესრულებაში ხელშეწყობისას არ შეილახოს მეორე მხარის მიმართ მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების პრინციპი. ამდენად, სააპელაციო პალატის უარი აპელანტის ზემოხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სავსებით მართლზომიერია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.