ას-1577-1576-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინების რეგისტრაცია შ. ც-ესა და ლ. ც-ეს შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო ხულოს რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ 2001 წლის 1 ნოემბერს, სააქტო ჩანაწერი ¹04; მოსარჩელე შ. ც-ის მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილების, მ. ც-ისა და ლ. ც-ის საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; შ. ც-ისა და ლ. ც-ის არასრულწლოვანი შვილების _ ლ. ც-ისა და მ. ც-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის, ლ. ც-ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ტომი 1, ს.ფ. 166-173).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრებოდა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი (ტომი 1, ს.ფ. 181-190).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით აპელანტს, შ. ც-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დღეის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;
2011 წლის 22 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა შ. ც-ემ. განმცხადებელმა წარადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა, რომლის თანახმად, ოთარ ც-ის სარეგისტრაციო ქულა შეადგენს 17800-ს და ამ პირის ოჯახი დღეის მდგომარეობით იღებს საარსებო შემწეობას;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შ. ც-ეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით;
2011 წლის 3 ოქტომბერს შ. ც-ემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გზავნილის ჩაბარების შესახებ საქმეში არსებული შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 23 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 24 სექტემბერს და ამოიწურა 2011 წლის 26 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 27 სექტემბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 3-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ტომი 2, ს.ფ. 18-191).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინება შ. ც-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე მის მიერ გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 3 დღით გაგრძელების შესახებ, მას ჩაბარდა სამუშაო კვირის ბოლო დღეს, პარასკევს, საღამოს საათებში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს უნდა მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის ოფისისათვის, რაც განახორციელა კიდეც. აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციამ დაიტოვა მისი განცხადება და პასუხის გასაცემად დაიბარა მომდევნო დღისათვის. ამდენად, მხარემ ხარვეზი ვერ შეავსო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და მოთხოვნილი დოკუმენტი სასამართლოში გააგზავნა 27 სექტემბერს (ტომი 2, ს.ფ. 22-23).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საქმის მასალებით დასტურდება და არც აპელანტი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან გაუშვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.
კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევას, რასაც იმით ასაბუთებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის ფილიალიდან მან დროულად ვერ მიიღო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შერულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, ისეთი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოობას. კერძოდ, მას არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის ფილიალიდან დროულად ვერ მიიღო სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი. ამ გარემოების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაედასტურებინა ასევე ის გარემოებაც, რომ მან ობიექტური მიზეზის გამო დროულად ვერ აცნობა სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოსგან შესაბამისი დოკუმენტის მიღების დაყოვნების თაობაზე. ხსენებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.