Facebook Twitter

ას-1581-1580-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შ. კ-ის მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის ნოემბრიდან რვა თვის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე შ. კ-ესთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინა ვაჟი – გ. კ-ე. ორსულობის მერვე თვეს მოპასუხემ მიატოვა, შექმნა სხვა ოჯახი და მონაწილეობას არ იღებს შვილის რჩენა-აღზრდაში.

მოპასუხე შ. კ-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ნ. კ-ეს იცნობს, ვინაიდან ეს უკანასკნელი იყო მისი თანამშრომელი, მაგრამ არც ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონია მასთან და არც საერთო მეურნეობა უწარმოებიათ, შესაბამისად, არ არსებობს გ. კ-ის მამად აღიარების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის განმავლობაში მოპასუხე მხარის საქართველოში არყოფნის გამო. შ. კ-ე მუშაობს საზღვარგარეთ და დავის განმავლობაში არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი. მას უფლება აქვს, ჩამოვიდეს საქართველოში წელიწადში ერთხელ. მოპასუხის დედამ ც. შ-ემ სასამართლოს შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიეღო ექსპერტიზის ჩატარებაში (აეღო ბიოლოგიური ნიმუში), უარი განაცხადა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გაურკვეველია მხარის ნება, თანახმაა თუ არა ჩაიტაროს ექსპერტიზა. ამასთან, არ დასტურდება მისი არასაპატიო მიზეზით ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით მონაწინააღმდეგე მხარეს ათავისუფლებს თავისი პოზიციის მტკიცების ტვირთისგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მითითებული გარემოებების გარკვევის, ასევე ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით, უნდა შეჩერდეს საქმის წარმოება მოპასუხის სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში. წარმოდგენილი მასალებით და, მათ შორის გასაჩივრებული განჩინებით უტყუარად დგინდება ის გარემოება, რომ შ. კ-ემ ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში საქმის დაწყებამდე გადაკვეთა საზღვარი და დღემდე არ ჩამოსულა საქართველოში. შ.კ-ე იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ აშშ-ში სამუშაოდ, თუმცა ისევ და ისევ შ.კ-ის განმარტებიდან გამომდინარე, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი სამსახურის შესახებ და დატოვოს შტატების ტერიტორია. შ.კ-ე არ მსახურობს საქართველოში მოქმედ არც ერთ შეიარაღებული ფორმირების სამსახურში, რაც დასტურდება კიდევაც თავდაცვისა და შსს სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობებით და ასევე იგი არ მუშაობს საქართველოს მოქმედ რომელიმე კერძო სამართლის იურიდიული პირის სისტემაში. საოქმო განჩინებაში პალატამ მიუთითა, რომ საქმე შეჩერდეს შ.კ-ის მივლინებიდან დაბრუნებამდე, თუმცა არ დაუსაბუთებია კონკრეტულად სად მუშაობდა შ. კ-ე, ვინ გააგზავნა იგი მივლინებაში, რომელ ტერიტორიაზე და რა ვადით, შესაბამისად, განჩინება დაუსაბუთებელია, მასში მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა. შ.კ-ეს სურს ექსპერტიზაში მიღოს მონაწილეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იმყოფება საქართველოში. პალატას ყურადღება უნდა გაემახილებინა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას ეწინააღმდეგება. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა საქმე და მიეღო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა შოთა კ-ის სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებამდე.

მოცემული განჩინების გაუქმების საფუძველია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კანონის დარღვევით შეაჩერა საქმის წარმოება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს შოთა კ-ის სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებამდე, ისე, რომ პირის (შ. კ-ის) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არAარის. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებილი არ არის. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის თვით შ. კ-ე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამასახურებრივ მივლინებაში. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს საქმის წარმოების შეჩერების ვადა. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა რა შეჩერების ვადაზე, დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც გაურკვევლია შ. კ-ე რა ვადით არის საქართველოს ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნილი, გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სასამართლო განჩინების აღსრულების საკითხიც ბუნდოვანია და ამ პირობებში შეუძლებელია საზოგადოდ ექსპერტიზის ჩატარების სავარაუდო ვადის განსაზღვრაც, სასამართლოს წარმოება კი, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის შედეგების მოლოდინში მიზანშეუწონელია დაუსრულებლად გაგრძელდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხარისათვის ცნობილია გენეტიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, თუმცა მას არ მიუღია შესაბამისი ზომები საიმისოდ, რომ სასამართლოსთვის ეცნობებინა აპირებდა თუ არა საერთოდ ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოში ჩამოსვლას და კონკრეტულად რა დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის საფუძველზე მართლმსაჯულებას სასამართლოები თანასწორობის საწყისზე ახორციელებენ, რის გამოც შეუძლებელია მოპასუხის მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით განუსაზღვრელი ვადით ლოდინის გამო, შეილახოს მეორე მხარის ინტერესი მამობის დადგენის საკითხის სასამართლოს მხრიდან დროულად განსაზღვრის თაობაზე. მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებისა და სამართალწარმოების დროული და ეკონომიკური განხორციელების მიზნით მიზანშეწონილია მსგავსი ექსპერტიზის ჩასატარებლად კონკრეტული ვადის დაწესება. ამასთან, ექსპერტიზისათვის საჭირო მასალების მიუღებლობის შემთხვევაში საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის დანაწესი.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის განხილვის შეუძლებლობის მიზეზები და საქმის შეჩერების ობიექტური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.