Facebook Twitter

ას-1587-1586-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ა-ე, გ. ვ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-ემ და გ. ვ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში აჭარის სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ე. ვ-ის მიმართ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვის შესახებ.

მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, ხოლო ე. ვ-ე დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის იოსებ ორაგველიძის მიერ 2011 წლის 2 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი ნივთები: «შარფისა» და «დაევუს» მარკის 2 ტელევიზორი და 1 ცალი დივიდი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2011 წლის 2 მარტის აქტიდან ამორიცხული და ყადაღისაგან გათავისუფლებული მოძრავი ნივთები _ 1 ცალი ,,შარფის” მარკისა და 1 ცალი ,,დაევუს” მარკის ტელევიზორები, ასევე 1 ცალი დივიდი.

საქმეში წარმოდგენილი ბანკი ,,...ისა” და სს ,,... ბანკის” სამომხმარებლო და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების თანახმად, ტელევიზორი ,,შარფის” ღირებულებაა 269 ლარი, დივიდის _ 99 ლარი, ხოლო ტელევიზორი ,,დაევუს” _ 289 ლარი, ანუ საერთო ჯამში ყადაღისაგან გათავისუფლებული ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 657 ლარს.

ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს შეფასებაზე დამოკიდებული არ არის.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2011 წლის 2 მარტის აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოძრავი ნივთები.

საქმეში წარმოდგენილი ბანკი ,,...ისა” და სს ,,... ბანკის” სამომხმარებლო და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ირკვევა აღნიშნული ნივთების ღირებულება: ტელევიზორი ,,შარფის” ღირებულება შეადგენს 269 ლარს, დივიდის _ 99 ლარს, ხოლო ტელევიზორი ,,დაევუს” _ 289 ლარს, ანუ სულ ყადაღისაგან გათავისუფლებული ნივთების საერთო ღირებულებაა 657 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.