Facebook Twitter

ას-1594-1590-2011 12 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. გ-მა მოპასუხე მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა: მ. მ-ეს, როგორც აწ გარდაცვლილი თ. მ-ის უფლებამონაცვლეს, მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 7000 აშშ დოლარის გადახდა, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეს დაკისრებოდა 8500 აშშ დოლარის (7000 აშშ დოლარის 2% 2004 წლის 4 აპრილიდან, სააღსრულებო ფურცლის გაცემიდან _ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე) ანაზღაურება, ვალის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულიყო თბილისში, მ-ის ქ.¹6/1-ში მდებარე ბინაში აწ გარდაცვლილი თ. მ-ის 1/3 წილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) ჩაება რ. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ამავე სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. მ-ეს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9592.5 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების განხორციელება ქ.თბილისში, მ-ის ქ.¹6/1-ში მდებარე, რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის 1/5 წილის რეალიზაციით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით, მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, რითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და შემდგომში გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2011 წლის 8 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. გ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტება შემდეგი საფუძვლებით: აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მითითებულ გადაწყვეტილებაზე აღსრულება შეწყვიტა, რადგან მოვალე მ. მ-ე არ წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, მაშინ, როცა რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული ბინის 1/5 წილი, რომლის რეალიზაციის შესახებაც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, არის მ. მ-ის საკუთრება, რაც ბინის ამ ნაწილზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა იმდაგვარად, რომ ქ. თბილისში, მ-ის ქ. ¹6/1-ში მდებარე რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის 1/5 წილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ. მ-ეს, რაც წარმოადგენს საჯარო რეესტრში მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით განმარტა თავისი 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, ისე, რომ შეცვალა თავისივე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა შემდეგი საპროცესო დარღვევევები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა იმდაგვარად, რომ ქ.თბილისში, მ-ის ქ.¹6/1-ში მდებარე რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის 1/5 წილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ. მ-ეს, რაც წარმოადგენს საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, სასამართლომ ამ განმარტებით შეცვალა თავისი 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და, ფაქტობრივად, მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რადგან, წინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად დადგინდა: „მ. მ-ეზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს ქ.თბილისში მ-ის ქ.¹6/1-ში მდებარე რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის 1/5 წილის რეალიზაციით“, ხოლო განმარტების მიხედვით, ეს წილი მიეკუთვნა მ. მ-ეს. გარდა ამისა, ამ განმარტებით სასამართლო გასცდა ნ. გ-ის სასარჩელო და სააპელაციო მოთხოვნებს და მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა ის, რაც ნ.გ-ს არ მოუთხოვია, რითაც დაარღვია მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რ. მ-ის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში. როგორ შეიძლება ქონების 1/5 წილი აღირიცხოს დამოუკიდებლად და განხორციელდეს მისი რეალიზაცია, მთლიანი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, ხოლო თუ მთლიანი ქონება უნდა აღირიცხოს, ამაზე სასამართლო გადაწყვეტილება მაინც უნდა არსებობდეს. სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ეს ნ. გ-ის სასარგებლოდ მიაკუთვნა რ. მ-ის მფლობელობაში არსებული ქონების 1/5 წილი, ისე, რომ რ. მ-ე ამ სასამართლო დავაში საერთოდ არ ყოფილა ჩართული არა თუ მხარედ, მესამე პირადაც კი. ბუნებრივია, დაუშვებელი, მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგოა, სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება პირის მიმართ ისე, რომ ამ პირს დადგენილი წესით არ მიანიჭოს პროცესის მონაწილის სტატუსი და არ მისცეს შესაძლებლობა პოზიციის დაფიქსირებით დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ. გ-ის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლომ მ. მ-ეს მიაკუთვნა რ. მ-ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან 1/5 წილი, ისე, რომ რ. მ-ე საერთოდ არ ყოფილა ამ დავის მონაწილე პირი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა იმდაგვარად, რომ ქ. თბილისში, მ-ის ქ. ¹6/1-ში მდებარე, რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის 1/5 წილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ. მ-ეს, რაც წარმოადგენს საფუძველს საჯარო რეესტრში მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის ქ.თბილისში, მ-ის ქ. ¹6/1-ში მდებარე ბინის 1/5 წილზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და, თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას, ამდენად, იმისთვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2011 წლის ¹889 ბრძანების თანახმად, განსამარტი გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხდებოდა, იმის გამო, რომ მოვალე მ. მ-ე არ წარმოდგენდა უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოითხოვა ნ. გ-მა გადაწყვეტილების განმარტება, რაც დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ განმარტა გადაწყვეტილება, ისე, რომ შეცვალა მისი სარეზოლუციო ნაწილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციიო საჩივარი. მ. მ-ეს ნ. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 9592.5 აშშ დოლარი, დადგინდა მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების განხორციელება ქ. თბილისში, მ-ის ქ.¹6/1-ში მდებარე, რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის 1/5 წილის რეალიზაციით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისში, მ-ის ქ. ¹6/1-ში მდებარე რ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის 1/5 წილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მ. მ-ეს, რაც წარმოადგენს საჯარო რეესტრში მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. აღნიშნულით სასამართლო არ გასცდენია გადაწყვეტილების განმარტების მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილია, რომ მ. მ-ემ, როგორც თ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო – სადავო ქონების 1/5 წილზე საკუთრების უფლება, ამასთან ეს სამკვიდრო მის საკუთრებად მიიჩნევა 2006 წლის 11 მაისიდან (ს.ფ. 181-182).

მაშასადამე, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მხოლოდ დაზუსტდა და აღმოიფხვრა ის ბუნდოვანება, რაც 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში იყო. გადაწყვეტილების განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არ შეუცვლია, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი ფაქტი დააზუსტა და შეუსაბამა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.