ას-1601-1597-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «მ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ემ მოპასუხე სს «მ-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. სს «მ-ის» 2007 წლის 28 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა და შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის აღდგენა; ბ. 2007 წლის იანვრიდან ფაქტობრივად დასაქმებამდე მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება საწყისი 160 ლარიდან, თვიური სახელფასო განაკვეთით ხელფასების მასიური ზრდის გათვალისწინებით; გ. სს «მ-ის» დირექტორ ბ. გ-ას მიერ პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და რეპრესიის გაგრძელებისათვის მორალური ზიანის 1000000 ლარის სს «მ-ის» ადმინისტრაციისათვის დაკისრება (ს.ფ. 49-57).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ზემოაღნიშნულ საქმეზე წარმოება შეწყდა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 იანვრის განჩინებით სარჩელის მოთხოვნაზე სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2007 წლის 28 ივნისის ¹6 ბრძანების გაუქმების და შესაბამისი ზიანის ანაზღაურების (სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, ქონებრივი, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება) მოთხოვნით შეწყდა საქმის წარმოება, რამდენადაც ამ საკითხზე დავა განხილული იყო რაიონულ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. შესაბამისად, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა იმთავითვე ნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში.
რაიონულმა სასამართლომ ყურადსაღებად მიიჩნია ის, რომ ცნობილი იყო 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის შედეგი _ განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებით მხარეებს შორის არსებითად გადაწყდა შემდეგი სადავო საკითხები: 1. 2007 წლის 28 ივნისის ¹6 ბრძანების ბათილად ცნობა და შრომითი ურთიერთობის აღდგენა 2007 წლის 12 აპრილიდან; 2. 2007 წლის საშტატო განრიგში მოსარჩელის სახელფასო განაკვეთის შეცვლა, ეკონომიკური სამსახურის უფროსის საშტატო ერთეულის დამატება 110 ლარის ოდენობის სახელფასო განაკვეთით, შესაბამისად მატერიალური ზიანის (განაცდურის) ანაზღაურება ამ განაკვეთით; 3. 2007 წლის 15 დეკემბრის შინაგანაწესის, 2010 წლის 5 იანვრის შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 4. სამსახურში ფაქტობრივად აღდგენა, შრომის უწყვეტი სტაჟის შენარჩუნება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1575 ლარის ოდენობით.
სასამართლოს შეფასებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განჩინება ადასტურებდა, რომ არსებობდა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ ასეთი შემთხვევისათვის მთავარია გაირკვეს სარჩელის საგანი და საფუძველი, ხოლო თვითონ ზიანის ანაზღაურების თანხების სხვადასხვა ოდენობის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამგვარი ლოგიკით ერთი და იგივე საგანზე და საფუძველზე მხარეს შესაძლებლობა ექნებოდა წარედგინა უამრავი სარჩელი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება საკუთარი ინიციატივით გაერკვია მხარეთა მიერ დასახელებულ და მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი, რადგან ასეთ შემთხვევაში ერთი და იმავე მხარეებს შორის, ერთი და იმავე საგანზე, ერთი და იმავე საფუძვლით შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე გადაწყვეტილების არსებობა, რაც რათქმაუნდა დაუშვებელი იყო და ეწინააღმდეგებოდა სამართლის ზოგად პრინციპებს (ს.ფ. 136-137).
დასახელებული განჩინება მ. მ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 144-148).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 266-270).
2011 წლის 20 სექტემბერს მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დატოვა ძალაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. სასამართლო სხდომაზე სს «მ-ის» იურისტმა წარადგინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში არაა შესული, ასევე სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც არ იძლეოდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს. სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნები იმ მიზნით, რომ საქმეზე წარმოება შეეწყვიტა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლას (ს.ფ. 271-273).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჩამონათვალს, რა შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი გამოიტანოს მხარის განცხადების ან თავისი ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილება. კერძოდ, დადგენილია, რომ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა. იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ. სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ. სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლებოდა გამხდარიყო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან ისინი არ მოიცავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ს.ფ. 283-287).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად სიტყვებისა: «საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე», მიეთითა «სხდომის მდივანი: მ. მ-ე» (ს.ფ. 288-289).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრისა და 3 ოქტომბრის განჩინებებზე მ. მ-ე შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მათი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო ვერ გაერკვა მის მოთხოვნაში. განცხადებით მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სხვა მოსამართლისათვის გადაცემა დამატებითი გადაწყვეტილებით, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტიდან. მითითებული მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც საქმის წარმოების შეწყვეტას დაასაბუთებდა. პირველი ინსტანციის წესით საქმის განმხილველი მოსამართლე არის დაინტერესებული დავის შედეგით, იგი არის მხარე ამ დავაში და მას არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (ს.ფ. 295).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრისა და 3 ოქტომბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს, კერძოდ, კანონმდებელი სასამართლოს დამატებითი გდაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილებას ანიჭებს, თუ: ა. იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ. სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ. სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ე ვერ მიუთითებს კანონის მითითებული ნორმით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვერცერთ საფუძველზე, შესაბამისად, განმცხადებლის აღნიშნული მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინების მართლზომიერებას, რაც ასევე წარმოადგენს კერძო საჩივრის დავის საგანს, ხსენებული განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების შესავალ ნაწილში ნაცვლად სიტყვებისა: «საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე», მიეთითა: «სხდომის მდივანი: მ. მ-ე». საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს უსწორობის გასწორებას, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმით უდავოდ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ მითითებულ დღეს მ. მ-ის კერძო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენით, სხდომის მდივნის, მ.მ-ის მონაწილეობით. არსებულ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განჩინებაში გაესწორებინა დაშვებული უსწორობა, რაც მან სწორად განახორციელა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრისა და 3 ოქტომბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.