ას-1609-1603-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ც-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეწყდა საქმის წარმოება მ. ც-ის სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ც-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2011 წლის 26 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და ითხოვა ხარვეზის შესების ვადის გაგრძელება 3 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა კერძო საჩივარში ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ხარვეზის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2011 წლის 22 დეკემბერს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ გ. ე-ეს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებულად ითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2011 წლის 23 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 26 დეკემბერს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი უნდა შეევსო 26 დეკემბრის ჩათვლით.
2011 წლის 26 დეკემბერს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი. ასეთი ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ასევე სასამართლოს ინიციატივით. მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს, კერძოდ, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის განცხადება არ შეიცავს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ც-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ც-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მ. ც-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.