Facebook Twitter

ას-1620-1612-2011 1 დეკემბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ტ. და ა. ჭ-ეები

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ფ-ის პ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასამართლო შეტყობინება და დაბარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 14 მარტს ა. და ტ. ჭ-ეებმა ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს «ფ-ის პ-ის» წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს აღნიშნული საზოგადოების 2010 წლის 20 სექტემბრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ა. და ტ. ჭ-ეები სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.

იმავე სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, ტ. და ა. ჭ-ეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები კანონის მოთხოვნათა დაცვით იყვნენ დაბარებულები სასამართლო სხდომაზე.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ტ. და ა. ჭ-ეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, სასამართლო უწყება არ გაგზავნილა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაიბარა ა. ჭ-ის დამ, რომელსაც უწყება მისთვის არ გადაუცია. ტ. ჭ-ეს კი უწყება საერთოდ არ ჩაბარებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. და ტ. ჭ-ეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

იმავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად კი, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასმაართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეები 2011 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე უწყებით დაიბარა. საქმეში წარმოდგენილია ორი შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 207-208). მათი მეშვეობით ირკვევა, რომ შპს «ფ-ის პ-ს» გაეგზავნა უწყება და შესაგებლის ასლი, ხოლო ა. ჭ-ეს – მხოლოდ შესაგებლის ასლი, გარდა ამისა, ბარათზე აღნიშნული გზავნილის გაგზავნის თარიღი არ ემთხვევა საქმეში არსებულ უწყების მეორე ეგზემპლარზე მითითებულ თარიღს (ს.ფ. 202). ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, რა დოკუმენტი ჩაბარდა ა. ჭ-ეს, შესაბამისად, შეუძლებელია ჩაითვალოს, რომ იგი სასამართლო სხდომაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო დაბარებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 241-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. და ტ. ჭ-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და საქმე ა. და ტ. ჭ-ეების სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.