საქმე # 330100122005732977
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №20აპ-25 თბილისი
გ-ი თ, 20აპ-25 23 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ც-ისა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენით:
თ. გ-ი, დაბადებული .. წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2022 წლის 25 მარტს, დაახლოებით, 12:30 საათზე, თ-ში, დ. ა-ის ხეივნის №..-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს №65-ე დარბაზში სამოქალაქო დავის საქმეზე ჩატარებული პროცესის დასრულების შემდგომ, თ. გ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. მ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგად, ზ. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები – მსჯავრდებული თ. გ-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ნ. ც-ძე და ზ. დ-ი – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებასა და თ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას;
4.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით, ვიდეომასალის ობიექტური შეფასებით, ეჭვქვეშ დგება ზ. მ-ძის ჩვენების ის ნაწილი, სადაც უთითებს, რომ ასაკოვანი, არაერთი მძიმე დაავადების მქონე თ. გ-ის ხელის მის ხელზე ერთჯერადი მოხვედრით, მან ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მსჯავრდებულისათვის მატრავმირებელი თემებით მანიპულაციამ განაპირობა საკუთარ მოქმედებაზე კონტროლის მომენტალური დაკარგვა, დარჩა მხოლოდ შიშველი ემოციები და ვეღარ ჩაერთო აზრობრივი და განსჯითი კომპონენტი; სპონტანურად მოხდა რეტრავმატიზაცია, რამაც გამოიწვია მისი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვება; აღნიშნულით თ. გ-ის ცნობიერების ველი შევიწროვდა და მისი ემოცია განსჯას ვეღარ დაექვემდებარა. თ. გ-ი მოქმედება ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. სახეში ,,ვითომ დარტყმას“ ზ. მ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება რომ მოჰყოლოდა, ეს აქტი შეფასდებოდა საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით, მაგრამ როდესაც მოცემული არ იკვეთება და მხოლოდ ტკივილის განცდის ელემენტია, შეუძლებელია ქმედება შეფასდეს დანაშაულად.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6.საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
8. მოცემულ შემთხვევაში, თ. გ-ს ბრალად ედება ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა); საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად თანხვდენილია ერთმანეთთან და ერთობლივად ადასტურებს თ. გ-ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:
9. დაზარალებულ ზ. მ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის არის ბინათმენაშენთა ამხანაგობა „მ-ის“ თავმჯდომარე. კომპანიამ ბ-ში ააშენა საცხოვრებელი კორპუსები და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავები, რომელთაგან ერთ-ერთი, 2022 წლის 25 მარტს ჩანიშნული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. თ. გ-ი, როგორც დამსწრე პირი, იჯდა სხდომის დარბაზში. სასამართლომ დააკმაყოფილა მოწმის სარჩელი. იგი დაემშვიდობა მხარეებს, წავიდა სხდომის დარბაზის გასასვლელი კარისაკენ და ჩაილაპარაკა: ,,კიდევ ბევრ ყადაღას ელოდეთ.“ ამ ნათქვამს თ. გ-ის მხრიდან დედის მისამართით გინება მოჰყვა და როცა ბრალდებულისკენ შემობრუნდა, თ. გ-მა მას მოულოდნელად სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
10. 2022 წლის 25 მარტის ვიდეოჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს ზ. მ-ძე, რომელიც იცვამს ქურთუკს და მიემართება დარბაზის გასასვლელი კარისკენ; როცა თ. გ-ს გვერდით ჩაუარა, ბრალდებული დაეწია და დაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ ზ. მ-მ მოიგერია და ხელი ჰკრა ბრალდებულს, რომელიც ჩავარდა სკამებს შორის.
11. ზემოხსენებულ ვიდეოჩანაწერში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს აგრეთვე ადასტურებენ ადგილზე მყოფი პირები: ლ. ს-რი და შ. ქ-ძე. მოწმეები აღნიშნავენ, რომ ზ. მ-მ, სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვებისას, წარმოთქვა ფრაზა: ,,კიდევ ბევრი ყადაღა იქნება,“ – რასაც მოჰყვა თ. გ-ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელის დარტყმა. მოწმეები მიუთითებენ, რომ ზ. მ-მ ჰკრა მას ხელი საპასუხოდ, რის შედეგადაც თ. გ-ი სკამებს შორის ჩავარდა.
12. დაცვის მხარე იშველიებს სამედიცინო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, თ. გ-ი მოქმედებდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. კასატორის პოზიციით, სახეში ვითომ დარტყმას ზ. მ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება რომც მოჰყოლოდა, ეს აქტი შეფასდებოდა საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით, მაგრამ როცა აღნიშნული არ იკვეთება და მხოლოდ ტკივილის განცდის ელემენტია, შეუძლებელია, ქმედება შეფასდეს დანაშაულად.
13. თ. გ-ი იმყოფებოდა თუ არა უეცარი, ძლიერი, სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ზემოხსენებული დასკვნის თანახმად:
თ. გ-ს, წლებია, აღენიშნება დადასტურებული ნევროლოგიური დიაგნოზები. მისი ფსიქიკა გადატანილი სერიოზული სტრესების ფონზე, საკმაოდ მოწყვლადია და მიდრეკილია რეტრავმატიცაზიისკენ; ამას აძლიერებს ათეული წლების განმავლობაში დაუმთავრებელი დავები, გაურკვევლობა, უსამართლობის განცდა. მის მიმართ პირისგან, რომელთანაც აქვს მუდმივი დავა, სიტყვიერი მაპროვოცირებელი მიმართვა ამ პიროვნების ფსიქოტიპისთვის იქნებოდა მწვავე სტრესული რეაქციის გამომწვევი ტრიგერი. თ. გ-ის მატრავმირებელი თემებით მანიპულაციამ განაპირობა საკუთარ მოქმედებაზე კონტროლის მომენტალური დაკარგვა, დარჩა მხოლოდ შიშველი ემოციები და ვეღარ ჩაერთო აზრობრივი და განსჯითი კომპონენტი; სპონტანურად მოხდა რეტრავმატიზაცია, რამაც გამოიწვია მისი უეცარი, ძლიერი, სულიერი აღელვება, რომელმაც თ. გ-ის ცნობიერების ველი შეავიწროვა და მისი ემოცია განსჯას ვეღარ დაექვემდებარა.
14. დაცვის მხარის ზემოხსენებული არგუმენტის საპასუხოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მნიშვნელობას ანიჭებს, თუ უშუალოდ რამ გამოიწვია უეცარი, ძლიერი, სულიერი აღელვების მდგომარეობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, მოწმეები დეტალურად აღწერენ სასამართლო სხდომის დარბაზში განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიას, თ. გ-ის მიერ ჩადენილ ქმედებას სხდომის დასრულების შემდეგ, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ თ. გ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. მ-ს. აღნიშნულ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს. რაც შეეხება დაზარალებულის სიტყვებს, რომლებიც წინ უძღოდა თ. გ-ის ქმედებას, უკავშირდება მხოლოდ სასამართლოს მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას (დაკავშირებულს ყადაღასთან) და იგი ვერ განიხილება ზ. მ-ის როგორც ამორალურ ქცევად, ისე თ. გ-ის მიმართ გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორებს არ მიუთითებიათ რაიმე, ახალი სახის გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც, საკასაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას.
16.ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ც-სა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი