Facebook Twitter

ას-1638-1628-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ ვ. ბ-ი, სამშენებლო კომპანია «კ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით, ე. რ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად, შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ე. რ-ს გაეგზავნა 2010 წლის 26 აპრილს, საქმეში მითითებულ მისამართზე: ჩ-ის 3, ბინა 40 (ტომი I, ს.ფ. 355). აღნიშნული გზავნილის (გადაწყვეტილების) ჩაბარებაზე ე. რ-მა უარი განაცხადა 2010 წლის წლის 28 მაისს (ტომი I, ს.ფ. 365).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ე. რ-ისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2010 წლის 28 მაისი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 29 მაისიდან, რომელიც დასრულდა 2010 წლის 11 ივნისს. რამდენადაც სააპელაციო საჩივარი ე. რ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 28 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ იგი განუხილველად დატოვა დაუშვებლობის მოტივით (ტომი V, ს.ფ. 3-5).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განჩინებაზე ე. რ-მა შეიტანა კერძო საჩივარი (ტომი V, ს.ფ. 12-16).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ე. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინება (ტომი V, ს.ფ. 36-40).

2010 წლის 6 დეკემბერს ე. რ-მა საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საფოსტო გზავნილზე მიეთითა მისი არასწორი მისამართი: ჩ-ის ქ.¹9/113, ბინა 40. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მე-7 სართულზე სულ არის ექვსი კარები, რომელთაგან არც ერთზე არ არის აღნიშნული ბინის ნომერი. ამის შესახებ იგი ვერ მიუთითებდა უზენაეს სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარში, რადგან აღნიშნულის თაობაზე შეიტყო მხოლოდ მაშინ, როდესაც მიეცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება, ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2010 წლის 6 ნოემბერს (ტომი V, ს.ფ. 63-65, 75-77).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ე. რ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ე. რ-ს გაეგზავნა მისამართზე: ქ.თბილისი, ჩ-ის 3, ბინა 40.

სააპელაციო სასამართლოს მიერ, ე. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის (ტომი IV, ს.ფ. 365) საფუძველზე, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ე. რ-მა (ადრესატმა) უარი განაცხადა მისამართზე _ ქ.თბილისი, ჩ-ის 3, ბინა 40, გაგზავნილი გზავნილის (გადაწყვეტილების) ჩაბარებაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დასაწყისად და იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გზავნილის ჩაბარების შესახებ ზემოაღნიშნული შეტყობინების ბარათი შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ე. რ-ის კერძო საჩივრის განხილვისას და მისი, როგორც ოფიციალური დოკუმენტის მონაცემების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ე. რ-ს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე (რასაც დაეყრდნო სასამართლოს დასკვნა გაგზავნილი გადაწყვეტილების ჩაბარებაზე ადრესატის მიერ უარის განცხადების თაობაზე), მისამართის უსწორობის შეასახებ მხარემ მიუთითა მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების შემდგომ, მას გასაცნობად გადაეცა საქმის მასალები.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარის მიერ მითითებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ისეთი სახის მტკიცებულებად, რომელიც თავის დროზე მხარის ბრალის გარეშე არ იქნა წარდგენილი და რომლის წარდგენისა და შეფასების შემთხვევაში სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. დასახელებული ბარათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების, ხოლო შემდეგ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, შემოწმებულ და შეფასებულ იქნა როგორც სააპელაციო, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ. აღნიშნულმა სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ე. რ-მა (ადრესატმა) უარი განაცხადა მისამართზე _ ქ.თბილისი, ჩ-ის 3, ბინა 40, გაგზავნილი გზავნილის (გადაწყვეტილების) ჩაბარებაზე.

ზემომითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი (ტომი V, ს.ფ. 193-196).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

უსაფუძვლოა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოს ს.ფ. 365-ზე (ტომი IV) არსებული საფოსტო გზავნილი შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მისი 2010 წლის 10 აგვისტოს კერძო საჩივრის განხილვისას. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მსჯელობა შეეხება იმას, რომ ე. რ-მა არ ჩაიბარა სასამართლო გზავნილი და არა იმას, თუ რა მისამართზე გაეგზავნა აპელანტს სასამართლო გზავნილი;

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ ჩათვალა ის ფაქტი, რომ საფოსტო განყოფილების კურიერმა ე. რ-ის ფაქტობრივ მისამართზე არ მიიტანა გადაწყვეტილება;

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2010 წლის 19 ივლისის განჩინება ე. რ-ს ჩაბარდა 2010 წლის 29 ივლისს. აღნიშნულ პერიოდში საქმის განმხილველი მოსამართლე ქ.კუჭავა იმყოფებოდა შვებულებაში. ამდენად, აპელანტს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს და დაეფიქსირებინა სასამართლოს შეცდომა, რათა კერძო საჩივარში იგი სადავოდ გაეხადა. აქედან გამომდინარე, ზემომითითებული გარემოება ვერ გახდებოდა უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანი. გზავნილის არასწორ მისამართზე გაგზავნის ფაქტი მხარისათვის ცნობილი გახდა 2010 წლის 16 ნოემბერს, საიდანაც განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მან წარადგინა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში (ს.ფ. 209-212).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით ე. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ე. რ-მა უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარის თქმის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 29 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 11 ივნისს. მითითებულ ვადაში ე. რ-ს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, რაც გახდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

კერძო საჩივრის ავტორი ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და ასეთ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ საფოსტო გზავნილზე მითითებულია მისი არასწორი მისამართი, კერძოდ: ჩ-ის ქ.40, ბინა 9/113, მაშინ როდესაც მისი ზუსტი მისამართია: ჩ-ის ქ.¹3, ბინა 40. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მე-7 სართულზე სულ არის ექვსი კარი, რომელთაგან არც ერთზე არ არის აღნიშნული ბინის ნომერი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის «ე»-»ვ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს ჰქონდა საქმის არსებითად განხილვის პერიოდში.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი განმარტავს, რომ სასამართლო გზავნილზე მისამართის არასწორად მითითების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მიერ მისი კერძო საჩივრის განხილვის შემდეგ და ამდენად, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ ახალ გარემოებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება შეიცავს მითითებას იმის შესახებ, თუ რა მისამართზე გაეგზავნა აპელანტს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის დროს აპელანტისათვის ცნობილი იყო იმ გარემოების თაობაზე, რაც მას ახლად აღმოჩენილად მიაჩნია. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ამ გარემოებაზე.

გარდა ამისა, ყურადსაღებია, რომ სასამართლო გზავნილის (გადაწყვეტილების) ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის კანონიერება შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ე. რ-ის კერძო საჩივრის განხილვისას და მიიჩნია, რომ მას გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.