Facebook Twitter

ას-1639-1629-2011 8 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ქ-ი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ქ-ისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ გ. ქ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ მ. ზ-ის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387-ე მუხლებზე, 229-ე მუხლის პირველსა და მე-2 ნაწილებზე, 232-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტმა მ. ზ-მა, მიუხედავად სააპელაციო პალატის განმარტებისა, არ ისურვა საქმის განხილვაში მონაწილეობა და თვითნებურად დატოვა სხდომის დარბაზი, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მიიჩნევა სხდომაზე გამოუცხადებლობად. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან აპელანტი ითვლება სხდომაზე გამოუცხადებლად (არასაპატიოდ) და მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანია და მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ზ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

2004 წლის 27 აგვისტოს გურჯაანის რაიონის გამგეობის თანხმობით გაგრძელდა იჯარის ხელშეკრულების ვადა და მ.ზ-ს უფლება მიეცა, 20 წლით გაეგრძელებინა ნ-ის კოლმეურნეობის მიერ 1993 წლის 30 მარტს იჯარით გადაცემული 0.35 ჰა მიწით სარგებლობა. მოგვიანებით ეს მიწის ნაკვეთი გადაეცა გ. ქ-ს იმ საფუძვლით, რომ სადავო ტერიტორია სოფელ კაჭრეთს ეკუთვნოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით დავა დაიწყო თელავის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოპასუხე გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მთავარი მოპასუხის _ გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დაიწყო საქმის განხილვა. სასამართლო ვალდებული იყო, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სხდომა სხვა დროისათვის გადაედო ან გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებას საფუძვლად დაუდო მ.ზ-ის მიერ სხდომის დატოვება და არასათანადო მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნული არასწორია, რადგანაც სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, განეხილა საქმე ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლომ არ მიიღო აპელანტის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სხდომას არ ესწრებოდა ძირითადი მოპასუხე, მ.ზ-მა ჩათვალა, რომ არ შედგებოდა სასამართლო სხდომა, რაც დარბაზის დატოვების საფუძველი გახდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მ. ზ-ი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» და «მ1» ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება შემდეგი გარემოებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი მ. ზ-ი, მოწინააღმდეგე მხარე გ. ქ-ი, მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამავე სხდომაზე არ გამოცხადებულა მეორე მოწინააღმდეგე _ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა. სასამართლო სხდომაზე, შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე აპელანტმა დატოვა სხდომის დარბაზი, რომელსაც ამომწურავად გენემარტა თვითნებურად სასამართლო სხდომის დატოვების შესაძლო ნეგატიური შედეგების თაობაზე.

გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია აპელანტისა და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ხოლო მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ამავე კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმის შესწავლით დასტურდება და ეს არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ (მას სხდომის ოქმი არც კი გაუსაჩივრებია), რომ სასამართლო სხდომის დატოვების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ აპელანტის წარმოდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვის საკითხის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა. აპელანტის განმარტებით, ამ მტკიცებულებათა საქმეზე დაურთავობით მისთვის აზრი დაკარგა საქმის განხილვის გაგრძელებამ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ არსებობდა მ. ზ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა, რადგანაც მ.ზ-მა სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვებით მისი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა დაადასტურა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლისა. ასეთ შემთხვევაში კი, გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგანაც, დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს არ უნდა დაეწყო საქმის განხილვა, უნდა გადაედო სასამართლო სხდომა სხვა დროისათვის ან მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე იმას, რომ გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არასათანადო მოპასუხე იყო, რომელსაც არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. ამ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმეზე დართვის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა და გახდა მიზეზი მის მიერ სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვებისა. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შეჯიბრებითობის პრინციპის ცნებაზე, რომლის თანახმადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთანავე, კანონმდებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ამომწურავად დაადგინა მხარეთა საპროცესო უფლებების ჩამონათვალი და განსაზღვრა, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით. მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს.

დასახელებული ნორმების განმარტების საფუძველზე დასტურდება, რომ შეჯიბრებითობის ფარგლებში, მხარე ვალდებულია, მისი უფლების რეალიზება მოახდინოს აქტიურად, თავადვე მიუთითოს სადავო გარემოებებსა და ამა თუ იმ პროცესუალურ საკითხებზე, მათ შორისაა არასათანადო მხარის შეცვლის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადებისა და სხვათა მოთხოვნის შესაძლებლობა, რაც მხარემ სასამართლო სხომაზე მონაწილეობისას პროცესუალური წესის განუხრელი დაცვით შეიძლება გახადოს სადავოდ. განსახილვბელ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლო სხდომის თვითნებურად დატოვებით ამ უფლებათა რეალიზაციაზე კონკლუდენტურად განაცხადა უარი. ამდენად, მითითება იმისა, რომ, მთავარი მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მხარეს არ ეგონა, რომ საქმის განხილვა დაიწყებოდა, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ იქება მიჩნეული, რადგანაც ეს მოსაზრება, ისევე, როგორც მასში მითითებული გარემოებები, ემყარება მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას სადავო საკითხებთან მიმართებით და არა ობიექტურ ფაქტორებს.

რაც შეეხება მ.ზ-ის მიერ კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლისა და 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. ამ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მიმართ მოქმედი კანონმდებლობა კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში, მიშვნელოვანია ისიც, რომ წარმოდგენილ მასალებს კერძო საჩივრის საფუძვლიანობასთან შემხებლობა არ აქვს, ამასთან, მართალია მხარეს მტკიცებულებათა მიუღებლობა კერძო საჩივრით სადავოდ არც კი გაუხდია, თუმცა საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატა არ იქნებოდა უფლებამოსილი, მიეღო მითითებული მტკიცებულებები და დაერთო საქმისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ზ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ზ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. მ. ზ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 16 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.75-90). კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.