Facebook Twitter

საქმე N 010142224702063872

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №5აგ-25 16 ივნისი, 2025 წელი

ა–ე დ., №5აგ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. ა–ის საკასაციო საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 მარტის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: დ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა. ა–ას და მ. ნ–ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ. ო–ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა. ა–ას და მ. ნ–ის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ. ო–ის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 30000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ა–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 30000 ლარი.

1.2. 2024 წლის 27 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა დ. ა–ემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 მარტის განაჩენის ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.

1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, დ. ა–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

1.4. დ. ა–ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.

1.5. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი საკითხებისა, რაც მიუთითებდა დ. ა–ის უდანაშაულობას. კერძოდ, დ. ა–ისთვის საქმის არსებითი განხილვის დასრულებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისი მსჯავრდების ერთი-ერთი მთავარი მოწმე – ლ. თ–ი–გ–ი შიზოფრენიითაა დაავადებული. შესაბამისად, მის მიერ მითითებული ფაქტები სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. ამასთან, დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიზა, რაც უტყუარად დაადასტურებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის სიყალბეს, რომლის საფუძველზეც მიიღო სამკვიდრო ქონება ლ. თ–ი-გ–მა. ექსპერტიზის ჩასატარებლად კი, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ითხოვს დ. ა–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმიდან დედნების გადაგზავნას. კასატორის პოზიციით, აღნიშნულის უფლებამოსილება გააჩნია სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე​1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით, დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

2.4. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გახდებოდა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

2.5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რაც დაადასტურებდა, რომ დ. ა–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმე – ლ. თ–ი–გ–ი – დაავადებული იყო იმგვარი დაავადებით, რაც საეჭვოს გახდიდა მის უნარს სწორად აღექვა, დაემახსოვრებინა და აღედგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

2.6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის დროს, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია დაუდასტუროს სასამართლოს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არის ახალი და ამასთან, გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო მისთვის ცნობილი. ამავდროულად, დაასაბუთოს, თუ როდის გახდა აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი.

2.7. რაც შეეხება დ. ა–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკეული დოკუმენტების (დედნების) ამოღებასა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნას – საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულს არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით. დასრულებულ სამართალწარმოების საქმეზე, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვისას, შესაბამისი საპროცესო დოკუმენტის არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სისხლის სამართლის საქმიდან ამოიღოს და გადასცეს მხარეს ან გადაუგზავნოს ექსპერტიზის ბიუროს ცალკეული მტკიცებულებების დედნები.

2.8. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/1/608,609 გადაწყვეტილებას, რომელშიც განმარტებულია, რომ ,,სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.“.

2.9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე