საქმე N 330802225011605492
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№89I-25 26 ივნისი, 2025 წელი
ა–ი ე., №89I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე– (E.) ა–ის (A.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე– (E.) ა–ის (A.) მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. 2024 წლის 22 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. შირვანის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოიცა დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.2.3-1 მუხლით (ქურდობა ჩადენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ბაზების გამოყენებით), სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.
1.2. 2024 წლის 6 სექტემბერს გამოცემული ე. ა–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ამ უკანასკნელს ბრალი დაედო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.2.3-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა ჩადენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ბაზების გამოყენებით) შესაძლო ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.3. 2024 წლის 12 მარტს, ე. ა–მა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ა. რ–ის კუთვნილი საკრედიტო ბარათებიდან ა. ვ–ს სახელზე რეგისტრირებულ საკრედიტო ბარათზე გადარიცხა 2000 და 2830 აზერბაიჯანული მანათი, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა გადაირიცხა საკუთარ ანგარიშის ნომერზე. აღნიშნული ქმედებით, ე. ა–მა დაზარალებულს მიაყენა ჯამში 4830 აზერბაიჯანული მანათის ოდენობის ზიანი.
1.4. იმავე დღეს გამოცემული იქნა დადგენილება ე. ა–ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
1.5. 2024 წლის 6 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. შირვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ე. ა–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.
1.6. 2024 წლის 30 ოქტომბრიდან ე. ა–ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ე. ა–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2025 წლის 27 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა–ი.
2.2. 2025 წლის პირველ მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ა–ს შეეფარდა გირაო – 2000 ლარის ოდენობით. იმავე განჩინებით, ე. ა–ს აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება.
2.3. 2025 წლის 11 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ე. ა–ის ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
2.4. 2025 წლის 7 აპრილს გირაოს თანხა სრულად იქნა გადახდილი პ. შ–ის (პ/ნ .........) მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
2.5. 2025 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.
2.6. სასამართლო სხდომაზე სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ე. ა–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – შ. ხ–ა არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომელიც აღწერილია ე. ა–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2024 წლის 6 სექტემბრის დადგენილებაში და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.2.3-1 მუხლით (ქურდობა ჩადენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ბაზების გამოყენებით).
2.8. 2025 წლის 18 ივნისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ–ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ცხოვრობს ბ–ში და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. ბრალადწარდგენილი ქმედების დროს ე. ა–ი ა–ს რესპუბლიკაში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, გასარკვევია ს–დან არის თუ არა ჩადენილი ის ქმედება, რასაც ე. ა–ს ედავება ა–ი. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ე. ა–ს ბრალად წარდგენლი აქვს ქურდობა, აღნიშნული ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მიხედვით ამნისტირებულია სრულად და პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. საქართველო ვალდებული იყო გადაემოწმებინა ჰქონდა თუ არა საქართველოს იურისდიქცია ამ დანაშაულზე. სწორედ ამ მიზნით დაცვის მხარემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსთხოვა დამატებითი მასალების წარმოდგენა. ე. ა–ის ადვოკატი 2025 წლის 6 მარტის შემდეგ ცდილობს ა–ში მიიღოს საქმის მასალები, თუმცა უშედეგოდ. ბრალდებულის საქმის მასალებთან წვდომა უმნიშვნელოვანესია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის, მოცემულ შემთხვევაში კი, უხეშად ირღვევა აღნიშნული უფლება. მას შემდეგ, რაც ა–ში ვერ მოხდა ბრალდებულის უფლებების რეალიზება და ვერ მიიღო საქმის მასალების ასლები, ე. ა–მა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი, რაზეც 2025 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრების ეტაპზეა, რისი შედეგების შესახებაც მოგვიანებით იქნება ცნობილი. კასატორის აზრით, გასარკვევია საქმეზე საქართველოს იურისდიქციის და საქართველოში ამნისტიის გამოყენების საკითხი, ასევე აშკარაა, რომ აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოები უხეშად არღვევენ ე. ა–ის, როგორც ბრალდებულის უფლებებს (საქმის მასალებთან წვდომის ნაწილში), რის გამოც, ცხადია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს მხრიდან. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განჩინება ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ე. ა–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით სასამართლოს მიერ შესწავლილ იქნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, შეფასებულ იქნა ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ა–ის უფლებების დარღვევის რისკები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობა და უფლებების დაცვის გარანტიები და ყველა გარემოების გათვალისწინებით, დასაშვებად სცნო ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია. რაც შეეხება, დაცვის მხარის მიერ, საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილ დოკუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ე. ა–ის ადვოკატს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა არ გადასცეს საქმის მასალები, პროკურორმა მიუთითა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 62 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მხარეები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. პროკურორის პოზიციით, იმ შემთხვევაშიც, თუ დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით, მათი ავთენტურობა და წარმომავლობა დაუდგენელია. აღნიშნულ დოკუმენტაციას არ ერთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების უარი საქმის მასალების გადაცემაზე და უარის თქმის მიზეზი. ამასთან, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს 2025 წლის თებერვლიდან, შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა გონივრული ვადა, მსგავსი დოკუმენტაციის მოსაძიებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ა. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით და მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სამართლებრივ დახმარებას პროცესუალური და სხვა ქმედებების შესრულების გზით, რომელთაც ითვალისწინებს თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, კერძოდ:...დანაშაულის ჩამდენი პირების ძებნა და გადაცემა ...
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა–ი 2025 წლის 27 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე შეაჩერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შემდეგაც ხელწერილით გათავისუფლდა. ჩხრეკის მიმდინარეობის დროს ე. ა–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
8. ამდენად, მოცემულ საქმეში ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისთვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
10. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
11. დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ე. ა–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ე. ა–მა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2024 წლის მარტში, ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, ა–ს რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
13. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ. ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში არსებობს ე. ა–ის უფლებების დარღვევის საფრთხე და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ე. ა–ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი უფლებების დარღვევის „აშკარა“ ეჭვს წარმოშობდა. საგულისხმოა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ე. ა–ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
17. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.
18. ე. ა–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და არც თავშესაფარი აქვს მიცემული. გარდა ამისა, მისი ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არის უსაფრთხო სახელმწიფო. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
19. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმა შესაძლოა პირზე გავრცელდეს იმ შემთხვევაში თუ სახეზეა კუმულაციურად ორივე წინაპირობა.
20. საექსტრადიციო მასალებში არსებული ე. ა–ის საზღვრის კვეთის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 12 მარტს (შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს), იგი არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად, განსახილველ საქმეში სახეზე არ არის, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
21. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
22. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ე. ა–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მას შეეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
23. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ა–ს საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი არ აქვს, არც საგამონაკლისო შემთხვევაა სახეზე, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
25. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ–ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციით, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცით სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე– (E.) ა–ის (A.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე