Facebook Twitter

ას-1646-1636-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,... +-ის’’ დირექტორი ო. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ აქციათაAწილის გამოთხოვა, ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,... +-ის” დირექტორმა ო. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისთვის გადაცემული შპს ,,... +-ის” აქციათა 25%-იანი წილის უკან უსასყიდლოდ გამოთხოვა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრში და საწარმოს მიერ შეძენილი და მ. კ-ის მიერ უკანონოდ გასხვისებული ელექტრომოწყობილობების 50%-ის საწარმოსთვის დაბრუნების დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ო. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ. კ-ეს დაევალა მოსარჩელე შპს ,,... +-სთვის” 2009 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით გადაცემული აქციათა 25%-იანი წილის უსასყიდლოდ დაბრუნება, მოპასუხეს ასევე დაევალა შპს ,,... +-ის” საკუთრებაში არსებული და მის მიერ გასხვისებული ელექტრონული დანადგარ-მოწყობილობების 50%-ის დაბრუნება საწარმოში.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღის ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა. საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 12 სექტემბერს პირადად ჩაბარდა მ. კ-ეს. შესაბამისად, დაცულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2011 წლის 18 სექტემბრამდე, რაც მას არ განუხორციელებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

მ. კ-ემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 2011 წლის 5 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში მითითებულ ვადაში, თუმცა სასამართლოსთვის ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა სავალდებულოდ არ ჩათვალა და იმედოვნებდა, რომ გადახდის ფაქტი საკმარისი იქნებოდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მ.კ-ემ მოითხოვა მტკიცებულების დაგვიანებით წარმოდგენა საპატიო გარებოებად ჩათვლილიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო ცალსახად და პირდაპირ განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ მ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 5 დღის ვადა. ხარვეზის შესახებ განჩინება მ. კ-ეს 2011 წლის 12 სექტემბერს პირადად ჩაბარდა. მითითებულ დროს გზავნილის მიღების ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მისთვის უცნობი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარდგენის ფაქტის აუცილებლობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით აპელანტ მ. კ-ეს განემარტა, რომ ხარვეზის შესავსებად მას სასამართლოსთვის უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 13 სექტემბერს და ამოიწურა 2011 წლის 17 სექტემბერს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.