საქმე N 010142224701985746
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №14აგ-25 18 ივნისი, 2025 წელი
კ-ა დ., №14აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით, დ. კ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დ. კ–ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. კ–ას მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას და მსჯავრდებულ დ. კ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჭ–ას, შ. მ–ისა და ნ. ბ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დ. კ–ას მიმართ, დარჩა უცვლელი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიასა და მსჯავრდებულ დ. კ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჭ–ას, შ. მ–ისა და ნ. ბ–ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. 2024 წლის 7 ნოემბერს, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა დ. კ–ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. კ–ას მიმართ, დარჩა უცვლელი.
6. 2025 წლის 24 მარტს, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი და მოითხოვა მისი გაუქმება.
7. კასატორის პოზიციით, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ: 2023 წლის 17 მაისის მიმართვა, 2023 წლის 17 მაისის სამედიცინო (კომისიური) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება, მოწმე დ. მ–ას 2023 წლის 4 მაისის გამოკითხვის ოქმი, 2023 წლის 8 მაისის შუამდგომლობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინება, 2023 წლის 15 მაისის ამოღების ოქმი (თანდართული საოპერაციო ჟურნალის ჩანაწერის ასლით), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნა და 2024 წლის 31 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი უტყუარად ადასტურებს დ. კ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში გაწერილია საფუძვლები, რა შემთხვევაშიც ხდება ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
3. ბრალდების მხარე განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად: ,,განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამარლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.
4. აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორი პირობის ერთდროულად არსებობასთან. კანონის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი ფაქტი ან მტკიცებულება უნდა იყოს ახალი ანუ მხარესთვის გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამავდროულად თავისთავად თუ სხვა გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
5. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის დროს შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია დაუდასტუროს სასამართლოს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არის ახალი. ამავდროულად, დაასაბუთოს თუ როდის გახდა აღნიშნული მისთვის ცნობილი.
6. მოცემულ შემთხვევაში, დ. კ–ას მიმართ სისხლის სამართლის საქმითა და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას შესახებ სასამართლო წარმოებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მასალები მოპოვებულია 2023 წელს, ხოლო დ. კ–ას მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა დასრულდა 2024 წლის 30 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობით. ამასთან, საგულისხმოა, რომ ხსენებული მასალები მოპოვებულია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და პროკურორის მიერ წარდგენილი იქნა დ. კ–ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, რაც მტკიცებულებად არ იქნა დაშვებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები არ არის ახალი და შესაბამისად, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას.
7. საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე, 314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე