საქმე N010142224701911572
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №6აგ-25 16 ივნისი, 2025 წელი
ს-ე ზ., №6აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახმეტის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, ზ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ–ის) 91-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც იმავე კოდექსის 46-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) შესაბამისად შეეცვალა პირობით ოთხი წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის განაჩენით, ზ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ს–ეს სასჯელის ზომად შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა საპყრობილის პირობებში.
3. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, ზ. ს–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზ. ს–ეს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორ ა.... შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
ზ. ს–ეს ¼–ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელსაც დამატებული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი, და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ს–ეს ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელსაც დამატებული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულისთვის დანიშნული სასჯელი, და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ს–ეს ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელსაც დამატებული აქვს საქართველოს უზენაესი სასმართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ს–ეს ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ზ. ს–ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება ზ. ს–ის მიმართ.
6. 2024 წლის 20 სექტემბერს, მსჯავრდებულმა ზ. ს–ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის განაჩენის გადასინჯვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ზ. ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
ზ. ს–ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება:
ზ. ს–ეს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტი;
ზ. ს–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – თავისუფლების ღკვეთა 13 წლით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ზ. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 9 თვით.
ზ. ს–ე პატიმრობაშია 2004 წლის 21 ივნისიდან.
ზ. ს–ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება: ზ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ¼-ით შემცირებულ სასჯელს სრულად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის განაჩენის გადასინჯვის საფუძველზე ამ განაჩენით განსაზღვრული და ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შემცირებული სასჯელი 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზ. ს–ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, რაც მოხდილი აქვს და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
8. 2024 წლის 4 დეკემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ზვიად ფხაკაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კასატორის პოზიცია ემყარება შემდეგ სამართლებრივ არგუმენტაციას: გასაჩივრებული განაჩენით ზ. ს–ეს მსჯავრდებიდან ამოერიცხა ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი, რომლითაც მას განსაზღვრული ჰქონდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. კასატორს მიაჩნია, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, დასრულებულ სამართალწარმოების საქმეზე სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გარემოება და სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანოლს ზემოხსენებული მუხლის მე-3 ნაწილით, რადგან აღნიშნული მიემართება სისხლის სამართლის საქმეებს რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს არ გამოუტანია, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე N2/4/1365 ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი და ძალადაკარგულად გამოცხადებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონის მე-2 მუხლი, რომლითაც 2007 წლის 4 ივლისის N5196 კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე არ ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით დადგენილი არაერთგზისი დანაშაულის დეფინიცია.
4. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავდა არაერთგზისი დანაშაულის ცნების დახვეწას, უკეთ ფორმულირებას. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შეცვლილი რედაქცია უფრო სწორია და უკეთ პასუხობს საზოგადოების გამოწვევებს. ამდენად, კანონმდებლის მიერ ნორმის ცვლილება და ზოგიერთ შემთხვევაში, სასჯელის შემსუბუქება ნაკარნახევი იყო ცვლილებამდე არსებული შედარებით უფრო მკაცრი სასჯელის ზომის საჭიროების არარსებობით. ამრიგად, სადავო ნორმა კრძალავს ისეთი კანონის უკუძალით გამოყენებას, რომელიც პასუხისმგებლობას ამსუბუქებს ცვლილებამდე არსებული სასჯელის ზომის გამოყენების საჭიროების არარსებობის გამო. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის, შესადარებელი პირები არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები და სადავო ნორმა იწვევს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით განმტკიცებული უფლების შეზღუდვა.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების არსის, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის შინაარსის გათვალისწინებით, არსებობს ზ. ს–ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საპროცესო და ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ: დადგენილია, რომ ზ. ს–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული – განზრახ მკვლელობა არაერთგზის. მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კანონი „არაერთგზის“ დანაშაულს მიაკუთვნებდა ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით კი, შეიცვალა არაერთგზისი დანაშაულის ცნება და სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის, 2007 წლის 3 აგვისტოდან მოქმედი რედაქციის მიხედვით, არაერთგზის დანაშაულად განისაზღვრა – წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამდენად, ახალმა კანონმა შეამსუბუქა მსჯავრდებულ ზ. ს–ის პასუხისმგებლობა, ვინაიდან მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენისას არ ჰქონდა მოქმედი ნასამართლობა მკვლელობის მსჯავრდებით, ხოლო შეცვლილი საკანონმდებლო რეალობა ასეთ მოცემულობას აღარ განიხილავს არაერთგზისობად.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და მიიჩნევს, რომ ზ. ს–ისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი – „არაერთგზისობა“, ახალი საკანონმდებლო რეგლამენტაციის გათვალისწინებით, მსჯავრიდან უნდა ამოირიცხოს.
7. რაც შეეხება კასატორის პოზიციას სისხლის სამართლის კანონის უკუძალასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში, ხოლო მე-3 ნაწილით, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით ზ. ს–ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი და სააპელაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს შუამდგომლობას იწყება სისხლის სამართლის საქმის განხილვა, დაშვებული შუამდგომლობის ფარგლებში.
11. შესაბამისად, სახეზეა მოცემულობა, როდესაც საქმეზე გამოტანილი უნდა იქნეს ახალი განაჩენი, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე მსუბუქი კანონი, ხოლო მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოცემულობა იქმნება მაშინ, როდესაც ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, რაც სასამართლოსთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლს „ვ“ ქვეპუნქტით (ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო) მიმართვის საფუძველია.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება მსჯავრადშერაცხილი ქმედებისათვის კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამოდენიმეჯერ შეიცვალა, არსებობდა ზ. ს–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გადახედვის ფორმალურ-სამართლებრივი წინაპირობა.
13. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ 2005 წლის 5 მაისის მდგომარეობით მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ათიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2006 წლის 28 აპრილის N2937 საქართველოს კანონით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. შესაბამისად, განაჩენის დადგომის დროს მოქმედი კანონი, რომელსაც ჰქონდა სასჯელის უფრო დაბალი ქვედა ზღვარი (10 წლიდან), ზოგადი ფორმულირებით იყო უფრო მსუბუქი ვიდრე ახალი კანონი (ქვედა ზღვარით 13 წლიდან), თუმცა მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის ზედა ზღვარს, რომელიც ახალ კანონში უფრო მსუბუქი იყო ვიდრე უვადო თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს ახალი კანონით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმუმი. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზ. ს–ეს ასევე მსჯავრი დაედო ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის, რა დროსაც დაუშვებელია უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ამ ეპიზოდისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის განაჩენით მსჯავრდებულს დანიშნული აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე, 314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე