Facebook Twitter

საქმე N 210100124009047738

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №103აპ-25 2 ივნისი, 2025 წელი

კ–ი გ., №103აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. კ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. კ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო და, ასევე, მობილური ტელეფონის გამოყენებისგან თავი უნდა შეეკავებინა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. კ–ს, კერძოდ: ყვავილის მეტალის ქოთანი ესროლა, რაც მოხვდა მარცხენა მუხლის არეში. აღნიშნულის შედეგად, მ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2024 წლის 29 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. კ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო და, ასევე, მობილური ტელეფონის გამოყენებისგან თავი უნდა შეეკავებინა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. კ–ს, კერძოდ: ორივე ხელი წაუჭირა ყელის არეში და ორივე ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც მ. კ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2024 წლის 29 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. კ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო და, ასევე, მობილური ტელეფონის გამოყენებისგან თავი უნდა შეეკავებინა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. კ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით, გ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 30 იანვრისა და 2024 წლის 29 თებერვლის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 30 დეკემბერს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ. კ–ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებები. კერძოდ, მართალია, მ. კ–მა უარი თქვა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილია მ. კ–ის მიერ დაწერილი წერილი, სადაც დეტალურად აღწერს გ. კ–ის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ. კ–ს ჰქონდა დაზიანებები. დასკვნის სისწორე დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ა. კ–მა. აღნიშნული მტკიცებულებები ცალსახად უთითებს, რომ გ. კ–მა ჩაიდინა ბრალადშერაცხილი ქმედებები. სწორედ წერილი უსვამს ხაზს გ. კ–ის სტერეოტიპულ აზროვნებას და იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. მ. კ–მა, ასევე, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც აღდგენილ იქნა საქმის ვითარება და გადაღებულ იქნა ფოტოები, რაც დაერთო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს. ამასთან, სასამართლოში დაიკითხნენ მ. კ–ის მშობლები – ნ. და გ. ქ–ები, რომლებმაც ირიბად დაადასტურეს გ. კ–ის მიერ მ. კ–ზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები. კასატორის პოზიციით, დაცვის მხარის მოწმეები იყვნენ მიკერძოებულები და თითოეულის მიზანს წარმოადგენდა გ. კ–ისთვის პასუხისმგებლობის არიდება. ისინი არ ყოფილან ფაქტის შემსწრე პირები და მათი სასამართლოში წარმოდგენის მიზანი იყო მხოლოდ გამართლებულის დადებითად დახასიათება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.

5.4. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ხოლო ამავე მუხლის, მესამე ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა გ. კ–ის წარდგენილი ბრალდებებით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა გ. კ–ის დამნაშავეობაში და არ გააჩენდა კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

5.11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც გ. კ–ის მიმართ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის ნეიტრალური მტკიცებულება. მართალია საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის წერილი და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თუმცა მან ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ. კ–ის მიერ ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. კ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.13. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მოწმეები გ. კ–ს ახასიათებენ დადებითად, ამასთან არ საუბრობენ მის სტერეოტიპულ მიდგომებზე. მას დადებითად ახასიათებენ, ასევე დაზარალებულის მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ფაქტებს განმარტავენ, რომლის თვითმხილველნიც არ ყოფილან. ამდენად, ნეიტრალური მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს არ გააჩნდა ერთი მხარის მტკიცებულების გაზიარებისა და თანაბარი ძალის მქონე მეორე მხარის მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

5.14. აღსანიშნავია, რომ თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობების არსებობისას, სასამართლომ ცხადად უნდა განმარტოს მიზეზები, რის გამოც იზიარებს ერთ მტკიცებულებას და გამორიცხავს მეორეს ან წარმოაჩინოს ის საფუძვლები, რის გამოც უარს აცხადებს თითოეული მათგანის გაზიარებაზე. როდესაც საქმე ეხება მოწმეთა მიკერძოებულობის საკითხს, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებს დაცვის მხარის მოწმეებთან დაკავშირებით (არიან გამართლებულის მეგობრები და ოჯახის წევრები), საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ყველა სხვა მტკიცებულება კი, რომელზეც ბრალდების მხარე მიუთითებს დაზარალებულისგან მომდინარე ინფორმაციას წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ ამგვარ სიტუაციებში მნიშვნელოვანია ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და შეფასება ბრალდების მხარის პოზიციის გასამყარებლად და ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

5.15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.

5.16. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე