საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №109აპ-25 11 ივნისი, 2025 წელი
ბ-ე მ., №109აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ბ-ეს - ბრალად ედებოდა:
ა) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ბ) გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
გ) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. მ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2022 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, თ-ში, -ს ქუჩის --ის მიმდებარედ, მ. ბ-ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ, როგორც ქალი, მიაჩნდა უუფლებოდ და მის საკუთრებად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს – ს. მ-ეს, კერძოდ, თმები მოქაჩა ძლიერად და ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ ს. მ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2.2. 2022 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, თ-ში, -ს ქუჩის --ის მიმდებარედ, მ. ბ-ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ, როგორც ქალი, მიაჩნდა უუფლებოდ და მის საკუთრებად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს – ს. მ-ეს, კერძოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით მისწერა, რომ მოკლავდა და დამარხავდა. ს. მ-ემ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2022 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, თ-ში, -ს ქუჩის --ის მიმდებარედ, მ. ბ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. უ-ეს, კერძოდ, თმები მოჰქაჩა ძლიერად. აღნიშნულმა ქმედებამ მ. უ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, მ. ბ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 200 საათის ვადით;
· საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 150 საათის ვადით;
· საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 150 საათის ვადით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 200 საათის ვადით;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითმა სასჯელმა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ, 180 საათის ვადით და საბოლოოდ, მ. ბ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი; მასვე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მედეა ცირამუამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ბ-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი – მედეა ცირამუა – საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ბ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. პროკურორის პოზიციით, მ. ბ-ისთვის დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი უსამართლო და წამახალისებელია, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის არაკონტროლირებად ხასიათს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით. შესაბამისად, რამდენადაც მხარეთა შორის სადავო არ არის მ. ბ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის მ. ბ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რათა მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).
4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან –თავისუფლების აღკვეთას, ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას, ან – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან – გამასწორებელ სამუშაოს, ორ წლამდე, ანდა – თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი კი – ჯარიმას, ან – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა – თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ თითოეული დანაშაულისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახური დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – დანაშაულის მოტივი (გენდერული შეუწყნარებლობა) და კანონმდებლის მიერ განსაზღვრული სასჯელის ალტერნატივებიდან მ. ბ-ეს თითოეული დანაშაულისთვის დაუნიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, საბოლოო სასჯელი კი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენთან ერთობლიობით.
4.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მ. ბ-ისთვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია, რის გამოც, დანიშნული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
4.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.10. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, მ. ბ-ემ დანაშაულები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის საბოლოოდ დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილია, სასამართლო აღარ იმსჯელებს ხსენებული ამნისტიის კანონის გავრცელების მართებულობაზე.
4.10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე