Facebook Twitter

საქმე # 330100124008541674

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №10აპ-25 ქ. თბილისი

მ. ა. 10აპ-25 19 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ა. მ–ისა და ა. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ა. მ–ს, – დაბადებული ...ს, – და ა. ლ–ს, – დაბადებული ... წელს, – ბრალი ედებოდათ შემდეგში:

1.1. ა. მ–მა და ა. ლ–მ, გასაღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები: მეფედრონი, წონით – 2,8682 გრამი, ალფა პვპ, წონით – 1,9944 გრამი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – პსილოცინის სოკო, წონით – 5,01 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), საერთო წონით – 2,9494 გრამი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა, საერთო წონით – 2,085 გრამი, რასაც 2023 წლის 20 ოქტომბერს ინახავდნენ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.... და ავტომობილში, ქ....- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. მ–ის და ა. ლ–ს საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ა. მ–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, არაერთგზის, ასევე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. ლ–მ – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით;

1.2. ა. მ–მა და ა. ლ–მ გასაღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ, წონით –1,02616 გრამი, მეთადონი – 0,1998 გრამი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – მდმა, წონით – 2,85254 გრამი, რაც 2023 წლის 11 ოქტომბერს უკანონოდ გაასაღეს ა. ა–ზე, რომელიც 2023 წლის 18 ოქტომბერს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. ა–ის პირადი ჩხრეკის, ასევე – ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ა. მ–მა და ა. ლ–მ ჩაიდინეს: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება; ასევე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, მე-6 ნაწილის ,,ა“ და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით;

1.3. ა. მ–მა და ა. ლ–მ გასაღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს გამომშრალი მარიხუანა, საერთო წონით – 27,86 გრამის ოდენობით, რაც 2023 წლის 11 ოქტომბერს უკანონოდ გაასაღეს ა. ა–ეზე, რომელიც 2023 წლის 18 ოქტომბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ა. ა–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად;

1.3.1. აღნიშნული ქმედებით ა. მ–მა და ა. ლ–მ ჩაიდინეს: მარიხუანას უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით:

2.1. ა. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

2.1.1. ა. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ასევე დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა (გადაუხდელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

2.1.3. ა. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 19 ოქტომბრიდან;

2.1.4. ა. მ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

2.2. ა. ლ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

2.2.1. ა. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

2.2.2. ა. ლ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 18 ოქტომბრიდან;

2.2.3. ა. ლ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – ნუგზარ ჭიტაძემ მოითხოვა მსჯავრდებულების ა. მ–ისა და ა. ლ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი ყველა ქმედებისათვის; ასევე – მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულების ა. მ–ისა და ა. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. კ–ემ მოითხოვა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების მინიმუმამდე შემსუბუქება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ა. მ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

4.1.1. ა. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით;

4.1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ასევე – დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა (გადაუხდელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით;

4.1.3. ა. მ–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

4.1.4. ა. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 19 ოქტომბრიდან;

4.2. ა. ლ– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

4.2.1. ა. ლ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 2 თვითა და 12 დღით;

4.2.2. ა. ლ–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

4.2.3. ა. ლ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 18 ოქტომბრიდან.

5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების – ა. მ–ისა და ა. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. კ–ემ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009); „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“(Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ა. მ–ისა და ა. ლ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას. კასატორი პოზიციის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ მსჯავრდებულების აღიარებაზე.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის, ხოლო დაცვის მხარის მიერ მხოლოდ სასჯელის ნაწილის გასაჩივრების პირობებში, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს: ა. მ–ის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ა. ლ–ს – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობა; ასევე – ა. მ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდება.

3.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ა. მ–ისა და ა. ლ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.

4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

5. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობისა და სახეობების, ასევე – მსჯავრდებულების აღიარების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით, კერძოდ: ა. მ–ს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, ხოლო ა. ლ–ს – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; იმავდროულად, მათ მიმართ მსჯავრდების ამ (მიმდინარე განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ნაწილში სწორად გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. მ–ისა და ა. ლ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა განაპირობა. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. მ–ისა და ა. ლ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში, რის გამოც, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „შეჯიბრებითობის პრინციპი ...არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე (იხ.: იქვე, II-21). „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს. ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება ისიც, თუ რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ“(იხ.: იქვე, II-22). კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20).

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს ა. მ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილში. კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენით: ა. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა (გადაუხდელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით.

9.1. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენით არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის – განაჩენით დანიშნულ სასჯელზე.

10. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის – განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო (მიმდინარე) განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩნება). შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა აღსრულდეს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით შეფარდებულ და მოუხდელ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 16 მარტის განაჩენით ა. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

11.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისულების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სსჯ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

11.1.2. საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ჯარიმა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

11.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისულების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

11.2. თბილისის პრობაციის ბიუროს 2023 წლის 23 ოქტომბრის წერილს თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენის საფუძველზე, ა. მ–ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება თბილისის პორბაციის ბიუროში მიმდინარეობს და გამოსაცდელი ვადა უნდა დასრულებულიყო 2024 წლის 15 მარტს (ტ. N3; ს.ფ. 209);

11.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2023 წლის 25 ოქტომბრის წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი (რომლის თანახმად, ა. მ–ს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ), მოვალეს არ წარუდგენია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები (ტ. N8; ს.ფ.50).

12. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

13. შესაბამისად, მსჯავრდებულების – ა. მ–ისა და ა. ლ–ს -ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ა. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. მ–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული – 1 წლით თავისულების აღკვეთის მოხდისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული შემსუბუქება (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული 1 წლით თავისულების აღკვეთის მოხდისაგან გათავისუფლება) გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი – მიმდინარე – საქმის ფარგლებში განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების – ა. მ–ისა და ა. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენში ა. მ–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

16.1. ა. მ–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;

16.2. ა. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

16.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით;

16.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 16 მარტის განაჩენით – განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით;

16.4. ა. მ–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

16.5. ა. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 19 ოქტომბრიდან.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების ა. მ–ისა და ა. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენში, ა. მ–ის მიმართ, შევიდეს ცვლილება:

2.1. ა. მ–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში;

2.2. ა. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

2.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის 16 მარტის განაჩენით – განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 4 თვით;

2.4. ა. მ–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

2.5. ა. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 19 ოქტომბრიდან.

3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე