Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№110აპ-25 თბილისი

ს. ი., 110აპ-25 2 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – ი. ს-ისა და მ. ა-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ი. ს-ეს, - ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად; სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად; სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი. ს-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ს-ეს მიესაჯა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, ასევე – ჯარიმა 1000 ლარი;

მ. ა-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად; სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ა-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

ზ. მ-ს, - ნასამართლობის არმქონეს,– საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11–ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად; სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. მ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

მსჯავრდებულებს: ი. ს-ეს, მ. ა-სა და ზ. მ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 6 ივლისიდან 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა:

მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“

ქვეპუნქტით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა-ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. მ-ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით და 6 თვით (თვრამეტი თვით) თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი. ს-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 21 აპრილის – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ი. ს-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – ჯარიმა 1000 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს-ემ, მ. ა-მა და ზ. მ-მა ჩაიდინეს: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, ხოლო ი. ს-ემ ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 5 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, ვ-ის მ. მასივში, ზემო პ-ს მ. მიკრორაიონში მდებარე №- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ს-ემ, ზ. მ-მა და მ. ა-მა, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლ. ფ-ს, კერძოდ: ხელისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენეს დაზიანებები თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ი. ს-ემ ასევე დანა ფეხის არეში დაუსვა ლ. ფ-ს. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ. ფ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 5 ივლისს, ღამის საათებში, ი. ს-ემ, ზ. მ-მა და მ. ა-მა, ჯგუფურად, ჩაიდინეს იძულება ლ. ფ-ის მიმართ, კერძოდ: მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის გამოყენებით, თ-ში, - მასივის ზემო პლატოს - მიკრორაიონის N- კორპუსის ეზოდან გადაიყვანეს №- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით.

· 2024 წლის 5 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, - მესამე მასივში, ზ. პ-ოს მეორე მიკრორაიონში მდებარე №- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ს-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ფ-ს, კერძოდ: დანა დაადო სხეულზე და უთხრა, რომ ჯერ დაასახიჩრებდა, ხოლო შემდეგ – გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნული მუქარა ლ. ფ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულების – ი. ს-ისა და მ. ა-ის – ადვოკატი მ. ვ-ი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას: ი. ს-ისა და მ. ა-ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს ი. ს-ისა და მ. ა-ისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (ი. ს-ის შემთხვევაში – ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის) და შემამსუბუქებელი (აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედებები, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ჯგუფურად ძალადობა, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმა და ისეთი ქმედების იძულება, რომლის განხორციელება არ უნდოდა დაზარალებულს), ბრალდებულთა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მათი სურვილი და მისწრაფება, დაზარალებულისთვის მიეყენებინათ ფიზიკური ტკივილი და ეიძულებინათ შეესრულებინა ისეთი ქმედება, რომლის შესრულებაც არ უნდოდა, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ბრალდებულთა პირადი და ეკონომიკური პირობები, მათი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი, ი. ს-ესთან მიმართებით – დანაშაულის რეციდივი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელების ისეთი სახე და ზომა, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლის სანქციის ფარგლებშია.

8. რაც შეეხება სასჯელების პირობითად ჩათვლას, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელია, მათ შორის – მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება ან/და თანამშრომლობა გამოძიებასთან.

9. როგორც საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, გამოძიების ეტაპზე არცერთ მსჯავრდებულს დანაშაული არ უღიარებია და არასდროს მიუცია ჩვენება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მათი ჩვენებებზე დაყრდნობით გამოძიებას არ მოუპოვებია რომელიმე მტკიცებულება და არც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება დადგენილა. მითითებული გარემოებები კი ცალსახად გამორიცხავს გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტს.

10. გარდა ამისა, სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი, დანაშაულებრივ ქმედებათა სიმრავლე და ი. ს-ის, მ. ა-ის და ზ. მ-ის ქმედებებში გამოვლენილი აშკარად გულგრილი დამოკიდებულება მოქმედი სამართლის ნორმების დაცვისადმი. მსჯავრდებულებმა თვითნებურად მოირგეს „სახელმწიფოს“ როლი და, ფაქტობრივად, საჯაროდ ჩაიდინეს ისეთი საზოგადოებრივად განსაკუთრებით საშიში ქმედებები, როგორიცაა აშკარა ძალადობით, დაშინებითა და სხვა

უკანონო ქმედებებით მოქალაქის უფლებების შეზღუდვა. მსჯავრდებულებმა დანაშაულის ჩადენა განაგრძეს მას შემდეგაც, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მეტიც, მისი პიროვნების დადგენის მოტივით, პოლიციელს წაართვეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ასევე – სხვა ნივთები და გააგრძელეს ძალადობა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ი. ს-ესა და მ. ა-ს დაუნიშნა კანონიერი და სამართლიანი სასჯელები რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. მათ შემსუბუქებასა და პირობითად ჩათვლას კი, საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამასთან, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – ი. ს-ისა და მ. ა-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე