Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №111აპ-25 2 ივნისი, 2025 წელი

ა-ი მ., №111აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ა.- ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

1.2. მ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

1.2.1. 2024 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით, 07:30 საათიდან 08:00 საათამდე, გ-ში, დ----ის ქუჩაზე, მ. ა.მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის გამო, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყოფილ მეუღლეს – ე. შ-ას – უწოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ასევე, მოსთხოვა ფულადი თანხა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ, თუ თანხას ყოველ დღე არ მისცემდა, ნაჯახით მოკლავდა. მ. ა-ის მუქარა ე. შ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.2.2. 2024 წლის 31 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, გ-ში, გ. ხ-ის ქუჩის --ის მიმდებარედ, მ. ა.მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყოფილ მეუღლეს – ე. შ-ას – მოსთხოვა ფულადი თანხა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ, თუ თანხას არ მისცემდა, ნაჯახით მოკლავდა. მ. ა-ის მუქარა ე. შ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:

2.1.1. მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა:

· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

· საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 31 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა.ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

2.1.3. მ. ა.ს დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ა-ისთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის – სალომე ქემაშვილის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი – სალომე ქემაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ა-ისთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად მსუბუქი და შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან, რაც ქმნის საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების აღუსრულებლობის საფრთხეს; სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, რომელმაც მორალურად მნიშვნელოვნად დააზარალა დაზარალებული.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს მ. ა-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებათა ჩადენა. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის მ. ა-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა გამაფრთხილებლად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რათა მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

4.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ დანაშაული ჩადენილია, მათ შორის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

4.6. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რითაც მ. ა.ს დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის დაენიშნა სასჯელი, სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა – თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან – უამისოდ.

4.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მ. ა-ისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ოჯახური დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევით სწრაფი მართლმსაჯულებისთვის ხელშეწყობის ფაქტი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არქონა, მსჯავრდებულის ქცევა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ და მ. ა.ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაუთვალა პირობითად, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით.

4.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლა დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლებას არ მოიაზრებს. სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, მსჯავრდებულს უწესდება გამოსაცდელი ვადა, რომელსაც ერთგვარი შემაკავებელი ეფექტი გააჩნია, რადგან მსჯავრდებული ვალდებულია, ამ პერიოდში შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა და, ამასთან, არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამძიმდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

4.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 53-ე და 531-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია, რის გამოც, დანიშნული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

4.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე