Facebook Twitter

¹ბს-289-228(კ-05) 15 მარტი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე,),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - გ. ილინა

კასატორი - საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი,

წარმომადგენლები: მ. გ-ი, ვ. ო-ი, რ. მ-ე, ვ. ქ-ი, ლ. გ-ი, ბ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს მთავრობა, წარმომადგენელი - ი. კაპანაძე; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი - ნ. წ-რი

მესამე პირი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, წარმომადგენელი თ. ო-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 21 ივლისს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ გასული საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს მწერალთა კავშირი განთავსებულია თბილისში, ..... ქ. ¹13-ში მდებარე მწერალთა სასახლეში. თავდაპირველად, აღნიშნული შენობის მწერლებისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა - 1921 წლის 23 თებერვალს.

1991 წელს ..... ქ. ¹11-ში მდებარე შენობაც გადაეცა მწერალთა კავშირს - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით.

მოსარჩელის განცხადებით, .... ქ. ¹11-ში მდებარე შენობაზე მწერალთა კავშირის საკუთრება აღიარებულია აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის დადგენილებითაც. 2001 წელს მწერალთა კავშირმა გაიარა ხელახალი რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში, როგორც შემოქმედებითმა კავშირმა. აღნიშნული აქტების საფუძველზე ორივე შენობა ტექბიუროს მიერ აღრიცხული იყო მწერალთა კავშირის სახელზე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, კავშირი ფაქტობრივად ფლობდა ორივე შენობას, რაც აღიარებულია სახელმწიფო ორგანოების მიერაც, ამასთან, არც ერთი შენობა არ ყოფილა აღრიცხული სახელმწიფო ქონებად, რასაც არ უარყოფს ეკონომიკის სამინისტროც.

2004 წლის 12 ივნისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა ¹50 განკარგულება, რომლის საფუძველზეც მწერალთა კავშირის ორივე შენობა გადაეცა კულტურის სამინისტროს.

მოსარჩელის განმარტებით, მითითებული განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, განკარგულება ეწინააღმდეგება ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, ის ქონება, რომელიც ადრე ირიცხებოდა ამა თუ იმ ფორმით შემოქმედებით კავშირზე, გადაცემულია მათ საკუთრებაში, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, სამოქალაქო კოდექსის III კარის და კერძო საკუთრების შესახებ საყოველთაოდ აღიარებულ სამართლებრივ პრინციპებს, რამდენადაც ხდება იმ ქონების განკარგვა, რომელზეც არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების, მფლობელობის და არც რაიმე სხვა სანივთო უფლება. განკარგულებაში არ არის მითითებული არც ის ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციული აქტი და არც მისი გასაჩივრების წესი, რაც ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებს.

განკარგულება გამოცემულია ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 96-99-ე მუხლებისა და 115-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹80 განკარგულების ბათილად ცნობას და მითითებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

ამავე სასამართლოს ამავე განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის სახით საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹80 განკარგულების მოქმედების შეჩერების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს მწერალთა და შემოქმედებითმა კავშირმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განჩინების, სარჩელის უზრუნველყოფის სახით სადავო აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში, გაუქმება და სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის სახით სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეჩერდა მითითებული აქტის მოქმედება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

მოპასუხე საქართველოს მთავრობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო შენობები (მდებარე ქ. თბილისში, .... ქ. ¹11-ისა და ¹13-ში არ წარმოადგენს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის საკუთრებას. საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს არ განუხორციელებია სადავო განკარგულებაში მითითებული შენობის მოსარჩელეთა საკუთრებაში გადასვლა. სადავო შენობები არ არის რეგისტრირებული მოსარჩელის სახელზე.

მოპასუხის განმარტებით, .... ¹13-ში მდებარე სადავო შენობა წარმოადგენს ძველი სტატუსის მქონე კულტურულ ობიექტს და ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების ნებისმიერი მოტივით გადაცემა (გასხვისება) აკრძალულია. ეს ძეგლი შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მოპასუხის მითითებით, სადავოა იმ დოკუმენტების შინაარსი, რომლებიც მტკიცებულებების სახით წარმოადგინა მოსარჩელემ. იგი არ თვლის დადგენილად იმ გარემოებას, რომ დღეს მოქმედი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი არის 1917 წელს შექმნილი ორგანიზაციის და შემდგომი ორგანიზაციების სამართალმემკვიდრე, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობდნენ და სარგებლობდნენ სადავო შენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს სარჩელის დაუშვებლობაზე.

მოპასუხის მითითებით, სადავო განკარგულება არ ეწინააღმდეგება ,,შემოქმედებით მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 340-ე მუხლის მე-5 პუნქტს, ვინაიდან მითითებული ნორმის შესაბამისად, ქონება არ წარმოადგენს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის საკუთრებას. საქართველოს მთავრობა იყო აღჭურვილი უფლებამოსილებით, ,,საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი" პუნქტის შესაბამისად, გადაეცა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის სადავო ნაგებობები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

2004 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელე - საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მიუთითა, რომ საქმის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოსცა 2004 წლის 1 სექტემბრის ¹1-1183 ბრძანება, ,,საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ბალანსზე რიცხული შენობების საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ". მითითებული ბრძანება საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცა სადავო განკარგულების საფუძველზე, მისი აღსრულების მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 1 სექტემბრის ¹1-1183 ბრძანების ბათილად ცნობასა და ამ აქტის მოქმედების შეჩერებას.

2004 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹80 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004 წლის 1 სექტემბრის ¹1-1183 ბრძანების ბათილად ცნობა.

2004 წლის 9 ნოემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ წერილობითი ფორმით წარმოადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება, სადაც პირველ მოპასუხედ მითითებული იყო საქართველოს მთავრობა, მეორე მოპასუხედ - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მესამე მოპასუხედ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური. მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ორი სადავო აქტის ბათილად ცნობის გარდა, საჯარო რეესტრში 2004 წლის 29 ივნისს, თბილისში ..... ქ.¹11-სა და ¹13-ში მდებარე შენობების მიმართ შესრულებული ჩანაწერების ბათილად ცნობა, ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალებოდა მითითებული შენობები საკუთრების უფლებით გადასცემოდა საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს ,,შემოქმედებით მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

მოპასუხეებმა უარი განაცხადეს საბოლოო მოთხოვნის გაზრდაზე. სასამართლო კოლეგიამ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირს უარი უთხრა 09.11.04 წლის დამატებითი სასარჩელო განცხადების მიღებასა და მის არსებით განხილვაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემოქმედებითი კავშირი წესდების რეგისტრაციის დღიდან საჯარო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია. ამავე კანონის მე-9 თავით განისაზღვრა შემდეგი ქცევის წესი. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი შემოქმედებითი კავშირები 6 თვის ვადაში ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. შემოქმედებითი კავშირი, რომელიც გაივლიდა ხელახალ რეგისტრაციას, ჩაითვლებოდა რეგისტრირებული შესაბამისი იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.

,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა ქცევის შემდეგ წესს: უძრავი ქონება, რომელიც შემოქმედებითი კავშირის ან ამ კავშირის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე ირიცხებოდა 25.11.1997 წლამდე (ანუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე) და ამჟამადაც ირიცხება შემოქმედებითი კავშირის ან სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე, გადაეცემათ შემოქმედებით კავშირებს საკუთრებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო 2 თვის ვადაში ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შემოქმედებითი კავშირისათვის ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქონების საკუთრებაში გადაცემა.

სასამართლო კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს არ მოუთხოვია დადგენილი წესით ამ კავშირის საკუთრებაში იმ ქონების გადაცემა, რომელიც 25.11.1997 წლამდე და ამჟამადაც ირიცხება მის ბალანსზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ მე-5 მუხლის ,,ი" პუნქტების თანახმად, უფლებამოსილი იყო გამოეცა სადავო განკარგულება (თავისი ბუნებით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი) და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავწირის ბალანსზე რიცხული შენობები, რომელთა მისამართებია: თბილისი, ..... ქ. ¹11 და ¹13, კანონით დადგენილი წესით გადაეცა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა საქართველოს მთავრობის 12.06.2004წ. ¹50 განკარგულების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,გ" პუნქტებით განსაზღვრული ბათილობის სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მეორე სადავო აქტს, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 01.09.2004წ. ¹1-1/83 ბრძანება ასევე გამოცემული იყო სამინისტროს უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში და ამდენად, არ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი. აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ ამ სადავო აქტების გამოცემისას არ ყოფილა დარღვეული არსებითად მისი მომზადებისა და გამოცემის წესი.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად განმარტა ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" კანონი. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს: ,,უძრავი ქონება, რომელიც შემოქმედებითი კავშირის ან ამ კავშირის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე ირიცხებოდა 1997 წლის 25 ნოემბრამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე) და ამჟამადაც ირიცხება შემოქმედებითი კავშირის ან სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე, გადაეცემა მათ საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით". სასამართლოს არც ამ მუხლის შინაარსი გაუთვალისწინებია და, მით უმეტეს, არაფერია ნათქვამი ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დამკვიდრებულ წესზე, რომ ,,საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შემოქმედებითი კავშირებისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქონების საკუთრებაში გადაცემა". კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს სასამართლომ ძირითად მოტივად ის ,,დაუპირისპირა", რომ მწერალთა შემოქმედებით კავშირს აღნიშნული ქონება არ მოუთხოვია, თუმცა იმის ფონზე, რასაც ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, ეს მსჯელობა ყოვლად უსუსური და უსაფუძვლოა, მაშინ, როცა სახელმწიფო, ანუ ქონების მართვის სამინისტრო თავად იყო ვალდებული, აღესრულებინა ეს კანონი, რომელიც 1999 წელსაა მიღებული და დღემდე ძალაშია. შესაბამისად, ძალაშია მწერალთა კავშირის უფლება, საკუთრებაში მიიღოს ..... ქ.¹11-სა და ¹13-ში მდებარე შენობები და სახელმწიფო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით გადასცეს მწერალთა კავშირს ეს შენობები საკუთრებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაგები ხდება, თუ რატომ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი მთავრობის და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ადმინისტრაციული აქტები - ისინი ეწინააღმდეგება ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ" კანონს. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, როცა მსჯელობდა შესაბამისი აქტების ბათილობის საკითხებზე, კერძოდ, საუბარია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც: ,,ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცეს საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა", რაც არ მომხდარა, ანუ, მაშინ, როცა მთავრობა მსჯელობდა აღნიშნული შენობების ბედზე, მწერალთა კავშირი მხოლოდ სტატისტის მდგომარეობაში იყო.

სასამართლო ასევე არ დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 96-ე მუხლის პირველი ნაწილით და 98-ე მუხლით, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში (მუხლი 95, 1-ლი ნაწილი). მხარე არათუ მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში, არამედ კანონით აღჭურვილია უფლებით, ,,წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით" (მუხლი 98). მხარის უფლება, ესარგებლა ამ საშუალებით, მთავრობამ და ეკონომიკის სამინისტრომ არ გაითვალისწინეს, რაც სასამართლო კოლეგიამ იმით ახსნა, რომ მთავრობის სხდომებზე დასწრება რეგლამენტით შეზღუდულია. სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში იმდენად სუსტია, რომ მისი გაქარწყლება არც არის საჭირო.

შესაბამისად, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული აქტების მიღებისას დაირღვა წესი, რომელსაც ასევე განსაზღვრავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო შემადგენლობამ არც ეს მუხლი გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდას საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათაAგამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" პუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რის გამოც, საქმე შემდგომი განხილვა-გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია ძირითადად შემოიფარგლება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამოსილების შემოწმებით, მაშინ, როდესაც სასამართლოს არ შეუფასებია ის სამართლებრივი საფუძვლები, რასაც წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება ემყარება და სამართლებრივად არ გაუანალიზებია.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სავალდებულოდ მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 სადავო განკარგულებაში მითითებული ქონება 25.11.1997 წლამდე ირიცხებოდა და საქმის განხილვის მომენტისათვისაც ირიცხება საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ბალანსზე. ამდენად, დადგენილია, რომ მითითებული განკარგულება უშუალოდ ეხება კასატორის ინტერესებს.

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითებული აქტები მიეკუთვნება სამართლებრივ აქტებს.

უდავოა, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის ¹50 განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელზედაც, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სრული მოცულობით ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დებულებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ მუხლში დეკლარირებული ნორმები მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმ პირის ინტერესების მაქსიმალური დაცვა, რომლის უფლებებსაც შესაძლოა მითითებული აქტი შეეხოს. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მითითებული ნორმიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითად მიიჩნევს, სასამართლოს მხრიდან დადგენილ და გამოკვლეულ იქნეს, დაცულია თუ არა სადავო აქტის გამოცემისას ზემოაღნიშნული მუხლის დებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს თუ არა კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო ხასიათის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა ამ ნორმებისაგან გადახვევის კანონისმიერ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს რა ზემოაღნიშნულ მუხლზე, იმავდროულად განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენს ზოგად ნორმას და მასში წარმოდგენილი პრინციპის გამოყენება უზრუნველყოფილია იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა გასაჩივრებული აქტის შინაარსსა და ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიულ ხასიათს, არსებითად მიჩნევს იმ გარემოების გამოკვლევას, უზრუნველყოფილ იქნა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კასატორის მიმართ კანონით დადგენილი გარანტიები.

საყურადღებოა, რომ დაინტერესებული მხარის უფლებათა დაცვის მიზნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მხარის უფლებით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. მას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც გულისხმობს პირის უფლებას, წარადგინოს მტკიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები და ა.შ. აღნიშნული რეგლამენტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-99-ე მუხლებით, რაც ასევე უნდა იქცეს სასამართლო მსჯელობისა და შეფასების საგნად.

ამდენად, ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, დაცულია თუ არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ: ეცნობა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე დაინტერესებულ მხარეს, მიეცა თუ არა ამ უკანასკნელს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და გამოკვლეულია თუ არა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებები. შესაბამისად, არის თუ არა სახეზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით (მხედველობაშია სადავო აქტის გამოცემის მომენტში არსებული რედაქცია) აქტის ბათილობისათვის დადგენილი აბსოლუტური საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება დაუსაბუთებლად და გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ" კანონის 30.1 მუხლის შესაბამისად, რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და წარმოადგენს მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში 1998 წლის 29 დეკემბერს და 2001 წლის 5 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლეს. ,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ" კანონის მე-3 და მე-11 მუხლების თანახმად, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი არის საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ამდენად, კასატორზე, როგორც ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილ პირზე, სრული მოცულობით ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება.

,,შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ" კანონის 30.5 მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონება, რომელიც შემოქმედებითი კავშირის ან ამ კავშირის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე ირიცხებოდა 1997 წლის 25 ნოემბრამდე და ამჟამადაც ირიცხება შემოქმედებითი კავშირის ან სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე, გადაეცემა მათ საკუთრებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა 2 თვის ვადაში უზრუნველეყო ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შემოქმედებითი კავშირების ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელ ნორმას, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს მავალდებულებელი ხასიათის ნორმას და მითითებულის გათვალისწინებით არსებითად მიიჩნევს მსჯელობას იმის თაობაზე, წარმოეშვა თუ არა მწერალთა შემოქმედებით კავშირს სადავო ქონებაზე კანონისმიერი საკუთრების უფლება და თავისთავად ის გარემოება, რომ მას ქონების გადაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოსათვის, იძლევა თუ არა ამ უფლების გაქარწყლების საკმარის სამართლებრივ საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც, გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას და საქმის ხელახალი გამოკვლევის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.