საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№126აპ-25 თბილისი
პ-ი ფ., 126აპ-25 2 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით ფ. პ-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2024 წლის 9 მარტის, იმავე წლის 10 მარტის, იმავე წლის 11 მარტის 14:00 საათისა და 17:00 საათის ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 9 მარტის, იმავე წლის 10 მარტისა და 11 მარტის ეპიზოდი) და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და “დ“ ქვეპუნქტებით 2024 წლის 11 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა სხვა სასჯელები და ფ. პ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 12 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ფ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამი
ეპიზოდი) და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და ფ. პ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 12 მარტიდან. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართ 4 თვით გამოიცა დამცავი ორდერი. მსჯავრდებულს, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, განემარტა, რომ ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. პ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (4 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (3 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2024 წლის 9 მარტს, დაახლოებით, 13:30 საათზე, ქ. გ-ში, -ის №--ში მდებარე თავის სახლში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ფ. პ-მა, ალკოჰოლური სასმლის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, ხელების ორივე ხელზე ძლიერად მოჭერითა და შენჯღრევით ფიზიკურად იძალადა დედაზე – ა. პ-ზე. ფ. პ-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ა. პ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 9 მარტს, დაახლოებით, 13:30 საათზე, ქ. გ-ში, ----ში მდებარე თავის სახლში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ნასამართლევი ფ. პ-ი, განაწყენდა რა ალკოჰოლური სასმლის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ა. პ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ, ფულს თუ არ მისცემდა, დაახრჩობდა. ფ. პ-ის მუქარა ა. პ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 10 მარტს, დაახლოებით, 14:20 საათზე, ქ. გ-ში, ---ში მდებარე თავის სახლში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა, ფ. პ-მა, ალკოჰოლური სასმლის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, ხელების ორივე ხელზე ძლიერად მოჭერითა და შენჯღრევით ფიზიკურად იძალადა დედაზე – ა. პ-აზე. ფ. პ-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ა. პ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 10 მარტს, დაახლოებით, 14:30 საათზე, ქ. გ-ში, ---ში მდებარე თავის სახლში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ნასამართლევი ფ. პ-ი, განაწყენდა რა ალკოჰოლური სასმლის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ა. პ-ას, კერძოდ, უთხრა, რომ, ფულს თუ არ მისცემდა, დაახრჩობდა. ფ. პ-ის მუქარა ა. პ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2024 წლის 11 მარტს, დაახლოებით, 14:00 საათზე, ქ. გ-ში, --ში მდებარე თავის სახლში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ფ. პ-მა, ალკოჰოლური სასმლის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის მიღებით განაწყენებულმა, მუშტის თავის არეში დარტყმით, თმის მოქაჩვითა და ყელზე ხელის მოჭერით, ფიზიკურად იძალადა დედაზე – ა. პ-აზე. ფ. პ-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ა. პ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 11 მარტს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. გ-ში, - №-ში მდებარე თავის სახლში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ფ. პ-მა მოსთხოვა, საჭმელი გაემზადებინა მისთვის, შეწინააღმდეგების გამო კი, თმის მოქაჩვით, ყელში ხელის მოჭერით, ხელის კვრითა და ძირს დაგდებით ფიზიკურად იძალადა დედაზე – ა. პ-აზე. ფ. პ-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ა. პ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2024 წლის 11 მარტს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ქ. გ-ში, ---ში მდებარე თავის სახლში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ მუქარისთვის ნასამართლევი ფ. პ-ი საჭმლის გამზადებას სთხოვდა, შეწინააღმდეგების გამო კი ყელში ხელი მოუჭირა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ა. პ-ას, კერძოდ, უთხრა, რომ დაახრჩობდა და არ აცოცხლებდა. ფ. პ-ის მუქარა ა. პ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ფ. პ-ისათვის მკაცრი, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
8. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
9. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ფ. პ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება) გარემოებების გათვალისწინებით, თითოეული მუხლით განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ერთი მეექვსედით შეუმცირდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე), რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. პ-ისთვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე