Facebook Twitter

საქმე N 330100122005798192

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №128აპ-25 ქ. თბილისი

შ–ი თ., 128აპ-25 12 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. შ–ს ბრალად ედება: გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი); გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

თ. შ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2021 წლის 27 დეკემბერს, თ–ში, ხ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, თ. შ–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – თ. გ–ეზე ფიზიკურად იძალადა. თ. შ–ი, გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, თ. გ–ეს მუდმივად უკონტროლებდა მიმოსვლასა და ჩაცმულობას, უწოდებდა მას შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მითითებულ დღეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი საჯდომზე, რის შედეგადაც, თ. გ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 19 მარტს, თ–ში, ხ–ს ქუჩის №..ბინა №..-ში, თ. შ–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – თ. გ–ეზე ფიზიკურად იძალადა. თ. შ–ი, გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, თ. გ–ეს მუდმივად უკონტროლებდა მიმოსვლასა და ჩაცმულობას, უწოდებდა მას შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მითითებულ დღეს ფეხი მიარტყმევინა სკამზე, რის შედეგადაც, თ. გ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 8 აპრილს, ღამის საათებში, თ–ში, ხ–ს ქუჩის №..ბინა №..-ში, თ. შ–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – თ. გ–ეზე ფიზიკურად იძალადა. თ. შ–ი, გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, თ. გ–ეს მუდმივად უკონტროლებდა მიმოსვლასა და ჩაცმულობას, უწოდებდა მას შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მითითებულ დღეს რამდენჯერმე დაარტყა მუშტები სახის, კერძოდ, ლოყისა და ყბის არეში, აგრეთვე, თავის არეში, ყელში წაუჭირა ხელები და სცადა მისი დახრჩობა, რის შედეგადაც, თ. გ–ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ü 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 8 აპრილის ჩათვლით პერიოდში, მათ შორის, 2021 წლის 27 დეკემბერს, 2022 წლის 19 მარტს და 2022 წლის 8 აპრილს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, თ. შ–ი სრულად აკონტროლებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის – თ. გ–ის ქცევას, გადაადგილებასა და ჩაცმულობას, ამავდროულად, სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებდა შეურაცხმყოფელ სახელებს, მიმართავდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის აღმნიშვნელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით, რის გამოც, თ. გ–ე განიცდიდა ძლიერ ტანჯვას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენით:

თ. შ–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

თ. შ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

თ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა – 2022 წლის 8 აპრილიდან 2022 წლის 9 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 170 (ას სამოცდაათი) საათით.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 აპრილის განჩინებით თ. შ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ü თბილისის პროკურატურის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და თ. შ–ის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

ü მსჯავრდებულმა თ. შ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. შ–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ თ. შ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

თ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2021 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 19 მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ თ. შ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

გაუქმდა თ. შ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო. გირაოს შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა – ანა ლეკიაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. შ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

6. გამართლებული თ. შ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ბ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. შ–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2021 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 19 მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თ. შ–ი უდანაშაულოდ ცნო მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეები მოწმეთა სიმწირით ხასიათდება, რამდენადაც ასეთი კატეგორიის დანაშაულები დახურულ სივრცეში მიმდინარეობს და მტკიცებულებათა მოპოვება სირთულეს წარმოადგენს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის შესაბამისობას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

12. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის N41261/17 გადაწყვეტილება, საქმეზე Volodina v. Russia, პუნქტი 82). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

14. საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს თ. შ–ის ბრალდების ეპიზოდებთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პირველ რიგში დაზარალებულ თ. გ–ისა და გამართლებულ თ. შ–ის ჩვენებებს, კერძოდ:

15. დაზარალებული თ. გ–ის ჩვენებით, დადგენილია, რომ თ. შ–ი იყო მისი კლასელი. მათ წლების განმავლობაში ერთმანეთი არ უნახავთ. 2021 წლის მაისში შემთხვევით შეხვდნენ. ამ პერიოდში, თ. შ–ი დაშორებული იყო მეუღლესთან – ი. ბ–თან. შემთხვევითმა შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა მათ რომანტიკულ ურთიერთობას, რომელიც შემდეგ გადაიზარდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც გაგრძელდა 2022 წლის 8 აპრილამდე. რომანტიკული ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, თ. შ–მა სახლში, ხ–ს ქ-ის №.., ბინა №..-ში, მოაწყო კლასელების შეხვედრა. იქ ასევე იმყოფებოდნენ თ–ის ოჯახის წევრები: დედა – მ. შ–ი და შვილები. თ. შ–მა დემონსტრაციულად ყველას გაუმჟღავნა, რომ თ. გ–ესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. რამდენიმეთვიანი ურთიერთობის პერიოდში, თ. გ–ემ თ–ს არაერთი საყოფაცხოვრებო ნივთი აჩუქა, ზოგჯერ, კვირაში რამდენიმე დღე რჩებოდა კიდეც მასთან, ზემოხსენებულ მისამართზე. თანაცხოვრებას არ ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რისი მიზეზიც იყო თ. შ–ის ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ერთ-ერთი შვილის – გ. შ–ს პროტესტი. ათთვიანი ურთიერთობის პერიოდში, თ. შ–ი მუდმივად ღალატობდა, ამავდროულად, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მიმართავდა უხამსი სიტყვებით: „ბოზი“, „ძუკნა“; არ მოსწონდა მისი თამამი ჩაცმის სტილი, ეუბნებოდა, რომ ჩაცმის ვულგარული სტილით იწვევდა მამაკაცებს, უკრძალავდა მათთან კომუნიკაციას და ,,აბულინგებდა” ჭარბი წონის გამო. დამცირებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად, თ. გ–ე განიცდიდა ტანჯვას.

2021 წლის ივლისში, თ. შ–მა და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა – გ. შ–მა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 2021 წლის 27 დეკემბერს იმყოფებოდა თ. შ–თან სახლში, მისამართზე: თ–ი, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში. დაზარალებული იწვა საწოლზე. მოულოდნელად, თ. შ–მა საჯდომზე ხელი წამოარტყა, რაც ეტკინა. თავიდან ივარაუდა, რომ მან ეს ხუმრობით გააკეთა, რაც იყო სიყვარულის ჟესტი, ინტიმური შეხება, თუმცა თ. შ–ის ამ ქცევას წინ უსწრებდა საყოფაცხოვრებო თემაზე კამათი, რამაც მას გაუჩინა აღქმა, რომ სინამდვილეში იყო ძალადობა.

2022 წლის 19 მარტს თ. გ–ე იმყოფებოდა თ. შ–ის იმავე საცხოვრებელ მისამართზე. ამ დროს თ. შ–ის ტელეფონში შემთხვევით თვალი მოჰკრა ღალატის შემცველ საეჭვო მიმოწერას. ტექსტის წაკითხვის მცდელობამ თ. შ–ი ისე გააბრაზა, რომ ეცა ხელებში და ცდილობდა ტელეფონის წართმევას, ჯაჯგურის პროცესში ფეხი, ბარძაყის შიდა მხარე, ჩამოარტყა სკამს, რაც ეტკინა. ნატკენ ფეხზე განუვითარდა სისხლნაჟღენთი.

2022 წლის 7 აპრილს, საღამოს, თ. შ–მა დაპატიჟა რესტორანში ვახშამზე. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, დაუწყო დამცირება და დაკნინება, არ მალავდა, რომ ღალატობდა. რესტორნიდან ისინი წავიდნენ სხვადასხვა მისამართზე. მოგვიანებით, უკვე 7-8 აპრილს, დაზარალებული ახლობელთან სატელეფონო საუბრით დარწმუნდა, რომ თ. შ–ი დანამდვილებით ღალატობდა. ამის გამო, გადაწყვიტა მასთან სახლში მისვლა, მისი ნაყიდი საყოფაცხოვრებო ნივთების წამოღება და ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა. სახლში დახვდა თ. შ–ის დედაც – მ. შ–ი. თ. გ–ემ დაიწყო ნივთების შეგროვება, მათ შორის, შევიდა თ. შ–ის საძინებელ ოთახში მისი ნაყიდი ბალიშის ასაღებად. თ. შ–ი იწვა საწოლზე. დაზარალებული ცდილობდა ბალიშის აღებას, თან წარმოთქვამდა სიტყვებს, რომ ღალატს არ აპატიებდა. მის ამ სიტყვებზე, თ. შ–ი აგინებდა, თან ყვიროდა, რომ გასულიყო მისი ოთახიდან. სიტყვიერი კონფლიქტის დროს, მოულოდნელად, მან ცემა დაუწყო, მუშტებს ურტყამდა თავის, კისრისა და სახის არეში, თმაზე ქაჩავდა. ფიზიკური ძალადობის გამო, თ. გ–ე განიცდიდა ტკივილს და დახმარებას ითხოვდა. ხმაურზე ოთახში შევიდა თ. შ–ის დედა – მ. შ–ი, მაგრამ მან აუკრძალა მათ ურთიერთობაში ჩარევა და მოსთხოვა კარის დაკეტვა. დედამ ოთახი დატოვა. თ. შ–ი აგრძელებდა ძალადობას. თ. გ–ე, თავდაცვის მიზნით, იქნევდა ხელებსა და ფეხებს, თ. შ–ი კიდევ მეტად აგრესიული გახდა, ყელზე ხელს უჭერდა, ტკივილთან ერთად, დაზარალებულს სუნთქვა შეეკრა, ამ დროს, მოგერიების მიზნით, მოძალადეს ხელზე უკბინა, სწორედ ამ მომენტში თ. შ–მა თავი დაანება და შეწყვიტა ძალადობა. ძალადობის შედეგად, თ. გ–ე დაშავდა, სხეულზე მიიღო არაერთი დაზიანება. შემდეგ სასწრაფოდ დარეკა „112-ში“ და დააფიქსირა ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდა საპატრულო პოლიცია. დაზარალებულმა ადგილზევე დამატებით, ზეპირსიტყვიერად განმარტა ფიზიკური ძალადობის შესახებ. თ. შ–ი დააკავეს მისსავე ბინაში. დაზარალებულმა, სასამართლოში წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ. გ–ის მოთხოვნა და გაუქმდა მის წინააღმდეგ თ. შ–ის მოთხოვნით გამოცემული შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელი.

16. გამართლებული თ. შ–ი პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში, განვითარებულ მოვლენებს დაზარალებულისგან რადიკალურად განსხვავებულად აღწერს, კერძოდ: თ. შ–ის განმარტებით, თ. გ–ე იყო მისი კლასელი, რომელიც წლების განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. ისინი 2021 წლის 23 მაისს შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი ინტიმური ურთიერთობა, რომელიც გაგრძელდა 10 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში, დაახლოებით 2-4 თვე, ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდათ. თ. გ–ესთან რამდენიმეთვიანი ინტიმური ურთიერთობის პერიოდში, მას ჰყავდა ოფიციალური მეუღლე – ი. ბ–ი, რომელსაც არასდროს დაშორებია. მასთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ი. ბ– ჰყავს 3 საერთო შვილი. თ. გ–ესთან ურთიერთობას კი, არასდროს მიუღია ოჯახური კავშირის – არარეგისტრირებული ქორწინების სახე, ვინაიდან მათ არასდროს უცხოვრიათ ერთად, როგორც ოჯახის წევრებს და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2021 წლის გაზაფხულიდან 2022 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, თ. შ–ი, ერთ-ერთ შვილთან – გ. შ–თან ერთად, დროებით, ქირით ცხოვრობდა თ–ი, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, რისი მიზეზიც იყო ძირითად სახლში, სადაც მეუღლესთან – ი. ბ–თან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა, მიმდინარე რემონტი და ამ სარემონტო სამუშაოებით შექმნილი დისკომფორტი. დროებით საცხოვრებელ ბინაში კვირაში რამდენიმე დღე ასევე რჩებოდა თ. შ–ის დედაც – მ. შ–ი. ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ თ. გ–ე იყო მისი კლასელი და მეგობარი. თ. გ–ეც ერიდებოდა თ. შ–ის ოჯახის წევრების თანდასწრებით ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში მისვლას. დაზარალებული იქ მიდიოდა და რჩებოდა იშვიათად, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც თ. შ–ის გარდა, სახლში სხვა არავინ იმყოფებოდა. თ. გ–ემ ურთიერთობაში გამოავლინა მესაკუთრული დამოკიდებულება, ხშირად საყვედურობდა, იმის გამო, რომ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. 2021 წლის ივლისში, თ. შ–ის უყურადღებობით გაბრაზებულმა დაზარალებულმა, გადაწყვიტა მისულიყო მასთან სახლში, ზემოხსენებულ მისამართზე და გადაეყარა სპორტული ჰანტელები, ვინაიდან ფიქრობდა, რომ თ–ი სპორტულ აქტივობას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე მას. ამ დროს მისამართზე იმყოფებოდა თ. შ–ის არასრულწლოვანი შვილი – გ. შ–ი, რომელმაც დაზარალებულს წინააღმდეგობა გაუწია და არ აძლევდა ბინიდან ჰანტელების წაღების უფლებას. გაბრაზებულმა თ. გ–ემ არასრულწლოვანს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი გაარტყა სახეში.

თ. შ–მა აგრეთვე განმარტა, რომ თ. გ–ე ერეოდა მის პირად სივრცეში, უკონტროლებდა მიმოწერას. დროთა განმავლობაში დაზარალებული გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურადაც ძალადობდა, მეგობრების თანდასწრებით ამცირებდა. თ. გ–ის ქცევების შედეგად, განიცდიდა ტანჯვას, მუდმივად აფიქსირებდა მკაფიო პოზიციას, რომ მათი ურთიერთობა ვერასდროს იქნებოდა ოჯახური კავშირი, რადგან არ სურდა მასთან თანაცხოვრება. მას ასევე ჰყავდა მეუღლე – ი. ბ–ი, რომელთანაც განქორწინებას არ გეგმავდა. თ. გ–ემაც იცოდა, რომ მათი ურთიერთობა იყო უპერსპექტივო. ამ თემაზე ხშირად ჰქონდათ მიმოწერა, კამათი და უთანხმოება. თ. გ–ეს მაინც არ სურდა კონტაქტის გაწყვეტა, უფრო მეტიც, ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა გადაჭარბებული ყურადღებით. ზემოხსენებულ დროებით საცხოვრებელ მისამართზე დაზარალებულმა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთი მიიტანა, რამდენჯერმე საჩუქარიც აჩუქა. თ. შ–ი ამგვარ ზრუნვას აპროტესტებდა და დაზარალებულისგან კატეგორიულად მოითხოვდა, რომ არ მიეტანა რაიმე ნივთი.

თ. შ–მა ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს, თ. გ–ეზე არ უძალადია. იმას, რასაც თ. გ–ემ უწოდა საჯდომზე ფიზიკური ძალადობა, იყო ინტიმი, ურთიერთშეთანხმებული ქცევა, რაზეც შემდგომ მოკლეტექსტურ მიმოწერებშიც იხუმრეს. თ. გ–ეს აღნიშნულზე არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია, უფრო მეტიც, ე.წ. ,,ვოისებში” იგი ამ ქცევას იწონებდა. თ. შ–მა, ასევე უარყო 2022 წლის 19 მარტს ფიზიკური ძალადობა და აღნიშნა, რომ მითითებულ დღეს, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, მის მობილურ ტელეფონში თ. გ–ემ სცადა პერსონალური ინფორმაციის – სხვა პირთან პირადი მიმოწერის – წაკითხვა, რის გამოც, მან, ფიზიკური ძალადობის გარეშე, ხელიდან გამოართვა საკუთარი ტელეფონი.

თ. შ–ის ჩვენებით, 2022 წლის 7 აპრილს მან საბოლოოდ გადაწყვიტა თ. გ–ესთან ინტიმური კავშირის გაწყვეტა, რის სათქმელადაც იგი რესტორანში დაპატიჟა. თ. გ–ემ თ. შ–ის გადაწყვეტილება უარყოფითად მიიღო. რესტორანში შეხვედრის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 7-8 აპრილის პერიოდში, გვიან ღამით, თ. შ–ი დედასთან – მ. შ–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, დროებით საცხოვრებელ მისამართზე. ვინაიდან იყო გვიანი, საწოლში იწვა. მოულოდნელად საძინებელში თავს დაესხა თ. გ–ე, ყვირილით: „რატომ მიღალატე“, „სად არის ჩემი ნაჩუქარი ნივთები“, „სხვა ქალმა რატომ უნდა იხმაროს ჩემი ნაჩუქარი ნივთები“. დაზარალებული ეძებდა ნაჩუქარი ხელსახოცის ჩასადებ ინვენტარს და ბალიშს, რომლებიც თვალსაჩინო ადგილზე ეწყო. თ. გ–ე ვერ თოკავდა ემოციას, იყო უკიდურესად აგრესიული. დაზარალებული დაახტა საწოლზე, შიშველ სხეულზე და სახის არეში დაუწყო გაშლილი ხელებით ცემა, მან კი სახეზე ხელები აიფარა და ელოდებოდა, როდის შეწყვეტდა თ. გ–ე ძალადობას. დარტყმების გამო, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ყვირილზე ოთახში შევიდა მ. შ–ი, რომელსაც თ. შ–მა სთხოვა, არ ჩარეულიყო ამ კონფლიქტში და ოთახი დაეტოვებინა. მ. შ–მა დატოვა საძინებელი. ძალადობის აღკვეთის მიზნით, თ. გ–ეს ხელი ჰკრა, ის გადავარდა საწოლიდან, ამ მომენტით ისარგებლა, წამოდგა საწოლიდან, წამოაყენა თ. გ–ეც, შემდეგ თავზე და უკან მხარზე ხელის მოკიდებით გაიყვანა საძინებლიდან. ცოტა ხანში დაზარალებული ისევ შეეჭრა ოთახში, კვლავ დაახტა სხეულზე და განაგრძო მუშტების დარტყმა. მან კვლავ სახეზე ხელი აიფარა. ამ დროს თ. გ–ემ მაჯისა და მხრის არეში უკბინა, რაც ძალიან ეტკინა. გაუსაძლისი ტკივილისა და თავდაცვის მიზნით, თ. გ–ეს სახეში ხელი გაარტყა. თ. გ–ემ დაიწყო ყვირილი, რომ ეს იყო ქალზე ძალადობა და სასწრაფოდ რეკავდა პოლიციაში. იქვე დარეკა „112-ში“ და გამოიძახა პოლიცია. ბინაში გამოცხადებულმა სამართალდამცავებმა, თ. შ–ი ადგილზე დააკავეს.

17. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს:

18. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112 -ში”, 2022 წლის 8 აპრილს, ღამის 01:51 საათზე, შესული შეტყობინების – აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება: - ზარის ინიციატორი არის თ. გ–ე, ზარის შინაარსი: ,,…ინიციატორი: – პოლიცია მინდა ხ–ს .., მცემეს…მე ამას არ შევარჩენ…მე წიხლქვეშ გამიგდო…ერთი წლის ურთიერთობის მერე მე მცემეს…ოპერატორი - …რა მოხდა, ვინ, ვინ გცემათ, ნათესავი არის?... - ინიციატორი - ...მყავდა მეგობარი 1 წლის, მიღალატა სხვასთან, ამოვედი ნივთები დავუტოვე და რატომ მიღალატე მეთქი და ადგა და მცემა დედამისის წინ…” ოპერატორი: - …სახელი და გვარი მითხარით ვინ გცემათ… ინიციატორი - თ. გ–ე, ოპერატორი - ...არა ვინ გცემათ… ინიციატორი - …თ., თ. შ–ი”. აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით ასევე იკვეთება, რომ შეტყობინების პროცესში თ. გ–ესთან ერთად იმყოფება თ. შ–ის დედაც, მსხვერპლი ესაუბრება ოპერატორს, პარალელურად, მიმართავს ბრალდებულის დედას …მ–ა დეიდა, მე ამას არაფერს არ ვაპატიებ, მე ამას არ ვაპატიებ”.

19. პატრულ-ინსპექტორების ნ. კ–ის და გ. გ–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2022 წლის 8 აპრილს, ღამით, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ თ–ში, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში მისამართზე დახვდათ ზარის ინიციატორი – თ. გ–ე, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, აცხადებდა, რომ თ. შ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისამართზე იმყოფებოდა თ. შ–იც და მისი დედა – მ. შ–იც. ბრალდებული, თავის მხრივ, განმარტავდა, რომ კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა თ. გ–ემ მიაყენა. ორივე მხარე ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმებმა მისამართზე თ. გ–ეს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, თ. შ–მა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა. გ. გ–მა თ. შ–ი ბინაშივე დააკავა.

20. თ. შ–ის მიმართ გამოცემული N....... შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც შეივსო თ. გ–ის კარნახით, ირკვევა, რომ ფიზიკური ძალადობა მოხდა 2022 წლის 8 აპრილს, თ–ში, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში. თ. გ–ეს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თ. შ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მსხვერპლს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების სახით.

21. გამომძიებელ ა. გ–ს ჩვენებით დგინდება, რომ გამოკითხვის პროცესში თ. გ–ეს სხეულზე ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები. იგი აცხადებდა, რომ დაზიანებები რამდენიმე საათის წინ მიაყენა თ. შ–მა. დაზიანებები აღენიშნებოდა დაკავებულ თ. შ–საც. ორივე პირის მიმართ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზები.

22. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2022 წლის 8 აპრილს, 00:45 საათზე, თ–ში, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, თ. გ–ისადმი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა თ. შ–ი. დაკავებულს ყელის, მკერდის, მუცლის და მარცხენა მკლავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც, მისი განმარტებით, მიიღო დაკავებამდე.

23. დაზარალებულ თ. გ–ის სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით ირკვევა, რომ პირადი შემოწმებით 08/04/2022 წელს თ. გ–ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (კერძოდ, სახის მიდამოში მარცხნივ, თვალბუდის გარეთა ნახევრისა და საფეთქლის საპროექციოდ, აღენიშნება არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოლურჯო-მოიისფრო, უსწორო ფორმის სისხლნაჟღენთები, ზომებით: 1,8X0,5სმ, 2,5X0,3სმ და 2,3X0,6სმ; ასეთივე ფერის, უსწორო ფორმის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: ყვრიმალის მიდამოში მარცხნივ, 2X1სმ ზომის; კისრის მარცხენა, გვერდით ზედაპირზე, შუა მესამედში 3X2სმ ზომის; მარჯვენა მხრის სახსრის გარეთა ზედაპირზე 2,9X2სმ ზომის; მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში 5,5X5სმ ზომის; მარჯვნივ თეძოს ქედის საპროექციოდ 4X0,8სმ ზომის; ბოქვენის მიდამოში ცენტრალურად აღენიშნება მომწვანო-მოყვითალო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, უსწორო ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი, ზომით 1,5X1სმ), რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ბოქვენის მიდამოში არსებული მომწვანო-მოყვითალო სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 08/04/2022წ-ს თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 08/04/2022წ-ს თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2022 წლის 7 აპრილიდან 8 აპრილამდე გარდამავალ პერიოდში, მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა – ელგუჯა ლაჭყეპიანმა.

24. თ. შ–ის სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ 11.04.22 წელს თ. შ–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ: გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, ლავიწშუა ხაზზე, დაახლოებით, მე-3-4 ნეკნების საპროექციოდ, აღენიშნება მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 3,0X3,0სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, იღლიის წინა ხაზზე, დაახლოებით, მე-8-9 ნეკნების საპროექციოდ, ზომით 3,0X2,0სმ; კისრის ქვემო მესამედში, წინა და მარჯვენა ზედაპირების საზღვარზე, ზომით 2,0X2,5სმ; კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე, შუა მესამედში, ზომით 1,4X0,8სმ; მარცხენა მხრის ზემო მესამედში, წინა ზედაპირზე ზომით 4,0X10,0სმ, რომლის ფონზეც აღენიშნება კანის დონიდან მაღლა მდებარე მოყავისფრო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ზომით 1,0X0,4სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება: მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში, წინა ზედაპირზე, ზომით 4,0X8,0სმ; მუცლის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, შუა მესამედში, ლავიწშუა ხაზზე, ზომით 4,0X3,0სმ; ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება: მუცლის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, ქვემო მესამედში, ლავიწშუა ხაზზე, ზომით 9,0X3,0სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

25. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში აღწერილია სამედიცინო საბუთების მონაცემები, კერძოდ, იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმა 17/04/1/47/16-ის მიხედვით, თ. შ–ის სამედიცინო შემოწმება ჩატარდა თ–ს №.. დმი-ში, 08.04.22 წლის 06:20 საათზე. პოლიციის მხრიდან რაიმე ძალადობას უარყოფს, პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. სქემაზე გამოსახული დაზიანებების აღწერა: მუცლის შუა მესამედში აღენიშნება განივი, ხაზოვანი ფორმის განივად მდებარე, მოვარდისფრო, სადა რელიეფის ნაკაწრი, ზომით 3,0 სმ, დაკავებამდე მეგობარმა ქალბატონმა ჩხუბის დროს მიაყენა დაზიანება – დეტალებს ვერ ასახელებს; ყელზე ორივე მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთთან ხაზოვანი ფორმის მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები, ზომებით 3 სმ და 2 სმ, მეგობარ ქალბატონთან ჩხუბის დროს ყელში ხელის წაჭერის შედეგად განვითარებული დაზიანება; მარცხენა მკლავის წინა ზედაპირზე ზემო მესამედში მოიისფრო კიდეებიანი სისხლნაჟღენთი, ზომით 3 სმ, დაკავებამდე ქალბატონთან ჩხუბის დროს კბენის შედეგად განვითარებული დაზიანება; მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში მომრგვალო ფორმის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 3,0 სმ, მეგობარმა ქალბატონმა უკბინა ჩხუბის დროს; მარცხნივ ნეკნთა რკალის დონეზე არათანაბრად მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ზომით 5,0 სმ, მეგობარმა ქალმა ჩაარტყა მუშტი ჩხუბის დროს; მუცლის მარცხენა ქვედა კვადრატში მოწითალო ფერის ხაზოვანი ნაკაწრი, ზომით 12 სმ, მეგობარ ქალბატონთან ჩხუბის დროს მიღებული დაზიანება, დეტალებს ვერ ასახელებს. დიაგნოზი: სხეულის ზედაპირული დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. შესამოწმებლის გადმოცემით, 2022 წლის 7-8 აპრილის პერიოდში, მეგობარმა ქალმა – თ. გ–ემ ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, უკბინა მარცხენა ზემო კიდურზე.

26. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #......... დასკვნის თანახმად, თ. გ–ის მდგომარეობა ფასდება ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობად.

27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები: გამართლებულის დედა – მ. შ–ი, შვილი – გ. შ–ი, მეუღლე – ი. ბ–ი და ახლო მეგობარი – გ. კ–ა.

28. აღნიშნულმა მოწმეებმა, თ. შ–ის მსგავსად, თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ თ. შ–ი და თ. გ–ე არასდროს ყოფილან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თ. შ–ი რამდენიმე ათწლეული, რეგისტრირებულ ქორწინებაშია ი. ბ–თან, რომელიც არასდროს შეწყვეტილა. 2021–2022 წლებში თ. შ–ის ძირითად სახლში წარმოებდა სარემონტო სამუშაოები. შექმნილი დისკომფორტის გამო, ბრალდებული, ერთ-ერთ შვილთან – გ. შ–თან ერთად, დროებით ცხოვრობდა ქ. თ–ში, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში. კვირაში რამდენიმე დღე მათთან რჩებოდა მ. შ–ი, იქ ასევე მიდიოდა ი. ბ–ი. ამ პერიოდში, ამ მისამართზე თ. გ–ეს ბრალდებულთან არ უცხოვრია.

29. მოწმე გიორგი კუჭავამ დამატებით აღნიშნა, რომ 2021–2022 წლებში, ოჯახთან ერთად, ხშირად, თითქმის ყოველკვირეულად დადიოდა თ. შ–თან მითითებულ მისამართზე. თ. შ–ი იმყოფებოდა ოჯახთან ერთად. მას ამ მისამართზე თ. გ–ე არასდროს უნახავს.

30. მოწმე მ. შ–ის ჩვენებით, დამატებით ირკვევა შემდეგი: 2022 წლის 7 აპრილს, იგი იმყოფებოდა ხ–ს ქ-ის N.., ბინა N..-ში, შვილთან – თ. შ–თან ერთად. 7-8 აპრილის პერიოდში, კარზე გაისმა უხეში კაკუნის ხმა. ბინაში შემოვიდა გაბრაზებული თ. გ–ე ყვირილით: – ,,თ–მ მიღალატა“ და დაიწყო ნაჩუქარი ხელსახოცის ჩასადები კოლოფის, ბალიშისა და ურნის ძებნა. ამ დროს თ. შ–ი იმყოფებოდა საძინებელში და იწვა. დაზარალებული შევიდა მასთან ოთახში, საიდანაც მოწმეს ესმოდა თ. გ–ის გაბრაზებული ფრაზები: – ,,რატო მიღალატე“, ისმოდა ბრალდებულის ხმაც: „გადი ოთახიდან“, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა. რამდენიმე წუთში მოწმე თავადაც შევიდა საძინებელში, თუმცა, თ. შ–ის მოთხოვნით, დატოვა ოთახი. ამ დროს მას რაიმე სახის ძალადობა, რომელიმე მხარის მხრიდან არ დაუნახავს. ცოტა ხანში ბრალდებულმა თავსა და უკან მხარზე ხელის მიდებით, ოთახიდან გამოიყვანა თ. გ–ე, რომელიც იყო აღელვებული და სახეზე აწითლებული. თ. შ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. თ. გ–მ დარეკა ,,112-ში“ და გამოიძახა პოლიცია. ზარიდან რამდენიმე წუთში მისამართზე გამოცხადდა პოლიცია. თ. გ–ემ, მოწმის თანდასწრებით, პოლიციას განუცხადა, რომ თ. შ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თ. შ–ი ადგილზევე დააკავეს.

31. მოწმე გ. შ–ის ჩვენებით დამატებით ირკვევა შემდეგი: 2021 წლის ივლისში იმყოფებოდა სახლში, ხ–ს ქ-ის N.., ბინა N..-ში. ამ დროს, მამამისმა – თ. შ–მა უთხრა, რომ ცოტა ხანში მოვიდოდა მისი კლასელი და მეგობარი – თ. გ–ე სავარჯიშო ჰანტელების გადასაყრელად. გ. შ–მა მამის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალიან განიცადა, რადგან ბავშვობიდან მამასთან ერთად ვარჯიშობდა ჰანტელებით, რაც მისი საყვარელი ნივთი იყო. ცოტა ხანში, მითითებულ მისამართზე მივიდა თ. გ–ე. თ. გ–ე ცდილობდა სავარჯიშო ჰანტელების წაღებას და გადაყრას, გ. შ–ი კი წინააღმდეგობას უწევდა. ამ პროცესში მოწმის ჩვენებით, თ. გ–ემ ლოყასა და ყურზე ხელი შემოარტყა, რაც ძალიან ეტკინა, თავი დამცირებულადაც იგრძნო და ოთახში ჩაიკეტა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მას თ. გ–ე არ უნახავს.

32. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ თ. გ–ისა და თ. შ–ის ურთიერთობები არ მოიცავდა ოჯახური ურთიერთობისთვის დამახასიათებელ ისეთ ნიშნებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა კანონის მიზნებისთვის მათი ერთი ოჯახის წევრებად მიჩნევა, შემდეგ გარემოებათა გამო:

33. დაზარალებულს ცალსახად მიაჩნია, რომ მისი და თ. შ–ის ურთიერთობა ოჯახური თანაცხოვრების ნაწილი იყო, რა დროსაც თ. შ–ი მას ავიწროებდა გენდერის ნიშნით, უკონტროლებდა კავშირებს, ჩაცმულობას და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, ხოლო თ. შ–ი არ მიიჩნევს მათ შორის მოულოდნელი შეხვედრით წამოწყებულ სასიყვარულო ურთიერთობას, ერთიანი საოჯახო მეურნეობის ნაწილად და ყველა უთანხმოების მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ თ. გ–ე წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის შეწყვეტის, რის სურვილიც მასთან არაერთხელ დაუფიქსირებია გამართლებულს.

34. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამართლებულის დედის – მ. შ–ის, მეუღლის – ი. ბ–ის და შვილის – გ. შ–ის ჩვენებებზე, რომელთა მიხედვით, დგინდება, რომ თ. შ–ი და თ. გ–ე არასდროს იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ცხოვრობდნენ ერთად და არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თ. შ–ი, რამდენიმე ათწლეული, უწყვეტად იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში ი. ბ–თან, რაც არასოდეს შეწყვეტილა. გამართლებულის, შვილთან – გ. შ–თან ერთად, დროებით საცხოვრებელში გადასვლის ერთადერთი მიზეზი იყო, ძირითად საცხოვრებელ ადგილზე რემონტის დაწყება. კვირაში რამდენიმე დღე მათთან რჩებოდა მ. შ–ი, მათთან ასევე მიდიოდა ი. ბ–იც. ამ პერიოდში, ამ მისამართზე თ. გ–ეს გამართლებულთან არ უცხოვრია. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს თ. შ–ის მეგობარიც, მოწმე გ. კ–ა, რომელმაც მიუთითა, რომ მას გამართლებულის დროებით საცხოვრებელ ადგილზე, არასდროს უნახავს თ. გ–ე.

35. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს სხვა არცერთი პირი, რომელიც ნათელს მოჰფენდა თუნდაც იმ ფაქტს, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდათ დაზარალებულსა და თ. შ–ს 2021 წლის მაისიდან. თ. გ–ე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ თ. შ–მა მოაწყო კლასელების შეხვედრა, სადაც მან, დაზარალებულის განმარტებით, ოფიციალურად განაცხადა მათი არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი, თუმცა აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთაგანაც არავინ დაკითხულა. ასევე, არ არსებობს რაიმე ინფორმაცია არც იმ პირისგან, რომელთანაც, დაზარალებულის გადმოცემით, თ. შ–ის მხრიდან ღალატის ფაქტი გადაამოწმა 2022 წლის 8 აპრილის ინციდენტამდე და დარწმუნდა, რომ დანამდვილებით ღალატობდა. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ თ. შ–ი და თ. გ–ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

36. რაც შეეხება უშუალოდ თ. შ–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს, 2021 წლის 27 დეკემბრისა და 2022 წლის 19 მარტის ფიზიკური ძალადობის, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 8 აპრილის ჩათვლით პერიოდში სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ბრალდების ეპიზოდებში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

37. მითითებული ბრალდებების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ თ. გ–ის ჩვენება, ხოლო მისი ჩვენების გარდა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა ყველა მტკიცებულება, უკავშირდება 2022 წლის 8 აპრილის ფაქტს და მათში ირიბადაც კი არ არის მითითებული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, არც ფიზიკური ძალადობის ადრინდელ ეპიზოდებზე.

38. თ. შ–ის მიმართ 2022 წლის 8 აპრილს შედგენილი №......... შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ 2022 წლის 8 აპრილს, მან ოჯახური კონფლიქტისას, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ თ. გ–ს. მითითებული ოქმის შესაბამის გრაფებში აღნიშნულია, რომ მსხვერპლს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის სახით. ოქმში, კითხვაზე – აკონტროლებს თუ არა მოძალადე მსხვერპლის გადაადგილებას, კომუნიკაციას, ჩაცმულობას, სხვა პირებთან ურთიერთობას და ა.შ., რაც მისთვის არის არასასურველი და რაც განხორციელდა ორჯერ ან მეტჯერ, – მონიშნულია უარყოფითი პასუხი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და დამცირების შესახებ საინფორმაციო გრაფაში – მითითებულია მხოლოდ 2022 წლის 8 აპრილის ფაქტი, ხოლო ფიზიკური ძალადობის გრაფაში აღნიშნულია, რომ მოძალადემ მსხვერპლზე იძალადა ერთჯერადად. შეკითხვაზე, იგივე ქმედება განახორციელა თუ არა მოძალადემ მრავალჯერადად, ასევე მონიშნულია უარყოფითი პასუხი.

39. სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე, ფიზიკური ძალადობის 2022 წლის 8 აპრილამდე ფაქტებთან დაკავშირებით, თ. გ–ე არანაირ ინფორმაციას არ აწვდის არც შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორებს – ნ. კ–სა და გ. გ–ს, რომლებიც ,,112-ში” შესული დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, 2022 წლის 8 აპრილს გამოცხადდნენ თ–ში, ხ–ს ქ-ის №.., ბინა №..-ში.

40. დაზარალებულის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნის მიხედვით, მართალია, თ. გ–ის მდგომარეობა შეფასებულია ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობად, მაგრამ, მითითებული ექსპერტიზის დასკვნაც ვერ იქნება მიჩნეული თ. შ–ის ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად, ვინაიდან, როგორც დასკვნის გამცემი ექსპერტის – თინათინ კახიძის ჩვენებით დგინდება, ჩატარებულმა ექსპერტიზამ პირდაპირ ვერ განსაზღვრა ტანჯვის მიზეზობრივი კავშირი თ. შ–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტებთან. ექსპერტის დასკვნით, თ. გ–ის ტანჯვა შეიძლება გამოეწვია, როგორც ფიზიკურ ანდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე – მიტოვებულობის განცდას, ღალატის ფაქტებს, თ. შ–ის შვილის მხრიდანაც სახელდებოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტი.

41. არც თ. შ–სა და თ. გ–ეს შორის სადავო პერიოდში არსებული მიმოწერა (რომელსაც პირადული და ინტიმური ხასიათი გააჩნია და დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ) იძლევა რომელიმე ფაქტობრივი გარემოების უტყუარობის დასადასტურებლად გამოყენების შესაძლებლობას.

42. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება თ. შ–ის მიერ 2021 წლის 27 დეკემბრისა და 2022 წლის 19 მარტის ფიზიკური ძალადობის, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 8 აპრილის ჩათვლით პერიოდში სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ბრალდების ეპიზოდებით ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

43. რაც შეეხება 2022 წლის 8 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაზარალებულ თ. გ–ის ჩვენებას, უპირისპირდება თ. შ–ის ჩვენება, რომელიც უარყოფს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაზარალებულ თ. გ–ის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები, არ დგინდება იმგვარად, როგორც აღნიშნულზე თავად დაზარალებული მიუთითებს, სახელდობრ:

44. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 8 აპრილს, თ. გ–ე მივიდა ქ. თ–ში, ხ–ს ქ. №.., ბინა №..-ში, თ. შ–ის სახლში, სადაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ფაქტი, რომ თ. შ–მა თ. გ–ეს დაზიანებები განზრახ მიაყენა, არ დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

45. აღნიშნულის თაობაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, რომელიც განმარტავს, რომ თ. შ–მა მასზე სხვადასხვა ფორმით ფიზიკურად იძალადა, სახელდობრ, დაზარალებულს მოულოდნელად ცემა დაუწყო, რა დროსაც მას თავის, კისრისა და სახის არეში მუშტებს ურტყამდა, ქაჩავდა თმაზე და ყელზე ხელს უჭერდა.

46. მის საპირისპიროდ, გამართლებულმა მიუთითა, რომ მას თავისსავე საძინებელ ოთახში, მოულოდნელად სწორედ დაზარალებული დაესხა თავს ყვირილით: „რატომ მიღალატე“, „სად არის ჩემი ნაჩუქარი ნივთები“, „სხვა ქალმა რატომ უნდა იხმაროს ჩემი ნაჩუქარი ნივთები“. დაზარალებული იყო უკიდურესად აგრესიული და თავს ვერ თოკავდა. თ. გ–ე მას დაახტა საწოლზე, შიშველ სხეულსა და სახის არეში ურტყამდა გაშლილ ხელებს. მან კი, თავის დასაცავად, სახეზე ხელები აიფარა და ელოდებოდა, როდის შეწყვეტდა დაზარალებული ძალადობას. ყვირილზე ოთახში შევიდა მ. შ–ი, რომელსაც თ. შ–მა სთხოვა, არ ჩარეულიყო ამ კონფლიქტში და ოთახი დაეტოვებინა. მ. შ–მა დატოვა საძინებელი. თ. შ–მა ძალადობის აღკვეთის მიზნით, თ. გ–ეს ხელი ჰკრა, ის გადავარდა საწოლიდან, ამ მომენტით ისარგებლა, წამოდგა საწოლიდან, წამოაყენა თ. გ–ეც და თავზე და უკან მხარზე ხელის მოკიდებით გაიყვანა საძინებლიდან, ცოტა ხანში დაზარალებული ისევ შეეჭრა ოთახში, კვლავ დაახტა სხეულზე და განაგრძო მუშტების დარტყმა, მან კვლავ სახეზე ხელი აიფარა, ამ დროს თ. გ–ემ მაჯისა და მხრის არეში უკბინა, რაც ძალიან ეტკინა. გაუსაძლისი ტკივილისა და თავდაცვის მიზნით, თ. გ–ეს სახეში ხელი გაარტყა. თ. გ–ემ დაიწყო ყვირილი, რომ ეს იყო ქალზე ძალადობა და გამოიძახა პოლიცია.

47. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ თ. შ–ის ჩვენებას სრულად შეესაბამება და მასთან სრულად თანხვდენილია შემთხვევის ადგილზე მყოფი ერთადერთი თვითმხილველი მოწმის – მ. შ–ის ჩვენება, რომელიც, გამართლებულის მსგავსად, ადასტურებს, რომ თ. გ–ე მივიდა მათთან სახლში. დაზარალებული იყო ძლიერ გაბრაზებული და ყვირილით შევიდა თ. შ–ის ოთახში, რომლიდანაც მას ესმოდა გაბრაზებული ფრაზები: – „რატომ მიღალატე“, ისმოდა ბრალდებულის ხმაც: – „გადი ოთახიდან“, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა. რამდენიმე წუთში მოწმე თვითონაც შევიდა საძინებელში, თუმცა, თ. შ–ის მოთხოვნით, დატოვა ოთახი. ამ დროს მას რაიმე სახის ძალადობა, რომელიმეს მხრიდან, არ დაუნახავს. ცოტა ხანში, თ. შ–მა, თავსა და უკან მხარზე ხელის მიდებით, ოთახიდან გამოიყვანა აღელვებული და სახეზე აწითლებული თ. გ–ე. თ. შ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

48. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ცალსახად დგინდება, რომ ურთიერთდაპირისპირების დროს უფრო მეტი დაზიანება მიღებული აქვს თ. შ–ს, ვიდრე – თ. გ–ეს; საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ თ. შ–ი პოლიციის მუშაკებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. როგორც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში, ისე – წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებამდე შედგენილ სამედიცინო შემოწმების შესახებ დოკუმენტში, აღწერილია თ. შ–ის სხეულზე არსებული დაზიანებები; თ. შ–მა მაშინვე განმარტა, თუ რა ვითარებაში მიიღო ისინი; შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორები – ნ. კ–ი და გ. გ–იც თავიანთ ჩვენებებში უთითებენ, რომ ბრალდებულის განმარტებით, კონფლიქტის დროს მას ფიზიკური შეურაცხყოფა თ. გ–ემ მიაყენა. დაპირისპირებული ორივე მხარე ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას; თ. შ–ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა ლოკალიზაცია და სახე სრულად თანხვდენილია თ. შ–ის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან.

49. იმ ფაქტს, რომ თ. შ–ს ნამდვილად არ გააჩნდა თ. გ–ეზე ფიზიკური ძალადობის განზრახვა (რაც განსახილველი დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს), დამატებით ადასტურებს ისიც, რომ იგი არ ყოფილა კონფლიქტის ინიციატორი და მას დაზარალებულის მიმართ არ ამოძრავებდა რაიმე მოტივი. თ. გ–ის ბინაში მისვლისას, თ. შ–ი იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, საწოლზე იწვა. როდესაც დაზარალებული სახლში შევიდა, გამართლებული ოთახიდან არც გამოსულა. თ. გ–ე მის ოთახში შევიდა ხმაურითა და ყვირილით, აგრესიით განწყობილი.

50. ხსენებულიდან გამომდინარე, არადამაჯერებელია დაზარალებულის ჩვენება, რომ იმ ვითარებაში, როდესაც თ. შ–მა დაზარალებულს მოულოდნელად დაუწყო ცემა, რა დროსაც მას თავის, კისრისა და სახის არეში მუშტებს ურტყამდა, ქაჩავდა თმაზე და ყელზე ხელს უჭერდა, თ. გ–ე კი, თავდაცვის მიზნით, იქნევდა ხელებს, ფეხებს და ბოლოს უკბინა, გამართლებულს სხეულზე ძალადობის გაცილებით მეტი ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, ვიდრე თვითონ ძალადობის მსხვერპლს.

51. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება ფიზიკური დაპირისპირების დროს თ. შ–ის მიერ თ. გ–ისათვის დაზიანებების განზრახ მიყენების ფაქტი, არამედ იკვეთება, აღელვებული პირის – თ. გ–ის მხრიდან ემოციურ ფონზე განხორციელებული ქმედებების მოგერიების მიზნით, ცალკეული აგრესიული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ აღწევს დანაშაულის ხარისხს, რაც თ. შ–ის გამართლების საფუძველია 2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდშიც.

52. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი გონივრული ეჭვი თ. შ–ის ბრალეულობასთან მიმართებით ფიზიკური ძალადობის 2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდთან მიმართებითაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უდანაშაულობის სასარგებლოდ.

53. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

54. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

55. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი