საქმე # 340100123007917495
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1296აპ-24 ქ. თბილისი
ყ. ლ. 1296აპ-24 6 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ლ. ყ–ს, - პ/ნ ...., - ბრალად ედებოდა:
1.1.1. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ. ლ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით), 2023 წლის 9 იანვარს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, ლ. ყ–მა მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, მის მიერ 2022 წლის 7 და 9 მაისს, გამოძიების სტადიაზე ს–ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოწმის სახით გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ასევე, 2022 წლის 12 მაისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მიწოდებული ინფორმაცია და 2023 წლის 9 იანვარს სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებული პოზიცია არსებითად წინააღმდეგობაში მოვიდა ერთმანეთთან. აღნიშნული ქმედებით ლ. ყ–მა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას.
1.1.2. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 23 ივლისს, დღის საათებში, ლ. ყ–მა უსაფუძვლო მოტივით, განზრახ დააზიანა (დაამტვრია) ს–ს რაიონის სოფელ პ–ში გაჩერებული გ. ყ–ის კუთვნილი „TOYOTA AQUA“-ს მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ....), რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა 250 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.1.3. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 23 ივლისს, დღის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ პ–ში, უსაფუძვლო მოტივით, ლ. ყ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ. ყ–ს, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა წარბის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სკალპის ღია ჭრილობა, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
1.2. გ. ყ–ს, – პ/ნ ...., – ბრალად ედებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ. ლ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით), 2023 წლის 16 იანვარს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, გ. ყ–მა მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, მის მიერ 2022 წლის 7 და 9 მაისს, გამოძიების სტადიაზე ს–ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოწმის სახით გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ასევე, 2022 წლის 12 მაისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მიწოდებული ინფორმაცია და 2023 წლის 16 იანვარს სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებული პოზიცია არსებითად წინააღმდეგობაში მოვიდა ერთმანეთთან. აღნიშნული ქმედებით გ. ყ–მა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენით:
2.1. გ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. ლ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. ლ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.4. ლ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 1 წელი;
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ლ. ყ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 1 წელი;
2.6. ლ. ყ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 23 ივლისის 22:45 საათიდან.
2.7. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, მსჯავრდებულ ლ. ყ–ის ქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა და მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში, ლ. ყ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით (მათ შორის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა; ასევე - გ. ყ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ გ. ყ–ისა და მსჯავრდებულ ლ. ყ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. მ–მა და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3.2. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა დააზუსტა თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, დაეთანხმა ლ. ყ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე და მოხსნა მოთხოვნა მისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა გ. ყ–ისა და ლ. ყ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:
4.1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.2.1. გ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4.2.2. ლ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4.2.3. ლ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
4.2.4. ლ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში, ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ გ. ყ–ისა და მსჯავრდებულ ლ. ყ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. მ–მა წარმოადგინა შესაგებელი. დ. მ–ი ითხოვს დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 275-ე მუხლს.
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს პროფესიული ეთიკის ნორმებსა და სტანდარტებს (იხ.: მაგ: საკასაციო საჩივარში ტერმინი – „ტიპიური კრიმინალი“ და სხვა).
3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენს და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რაც ქმნის მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის აბსტრაქტულ საფრთხეს და ისჯება იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევაში ამ მოქმედებამ de facto/ რეალურად გამოიწვია თუ არა ძირითად საქმეზე, მათ შორის, პირის უკანონოდ გამართლება. ქმედების საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების განხორციელებას, თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ართულებენ საქმის ობიექტურ განხილვას, ხელს უშლიან საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და იწვევენ დროის/რესურსის გაუმართლებელ ხარჯვას და ა.შ. (მაგ.: იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის N982აპ-19 განჩინება).
4. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლი ბრალის ფორმის მიხედვით, მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ხასიათდება - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სასამართლოს აძლევს ცრუ ჩვენებას და სურს ეს. ამასთან, მოცემული მუხლით პასუხისმგებლობას იწვევს არა უბრალოდ წინააღმდეგობრივი ჩვენებები, არამედ ცრუ ჩვენება, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა. დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი სხვადასხვაგვარია – ბრალდებულისათვის მდგომარეობის შემსუბუქება, პასუხისმგებლობის აცილება, შურისძიება, შიში, ანგარება და სხვა. ამასთან, მოტივი/მიზანი, გავლენას არ ახდენს დანაშაულის კვალიფიკაციაზე, ვინაიდან, აღნიშნული დანაშაული არ არის მიზნით დაფუძნებული შემადგენლობა და შესაბამისად, კანონმდებელი პასუხისმგებლობის დაკისრების სავალდებულო წინაპირობად არ ადგენს რაიმე სახის სპეციალური, კონკრეტული მიზნის/მოტივის არსებობას. მიზანი/მოტივი არ არის არც მაკვალიფიცირებელი გარემოება (მაგ. იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის N666აპ-24 განაჩენი).
5. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ან ცრუ ჩვენების მიცემა - დამთავრებულად ითვლება ქმედების ჩადენის მომენტიდან (ფორმალური შემადგენლობა), იმის და მიუხედავად ძირითად საქმეზე (რომელზეც მოცემულ შემთხვევაში პირი იკითხებოდა მოწმედ) გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, ძირითად საქმეზე საბოლოო განაჩენის სახე არ არის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა, და არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილით კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის (პირველი თუ მე-3 ნაწილი), რადგან კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს ბრალდებას (...საქმეზე რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება..). თუმცა ძირითად საქმეზე (რომლის ფარგლებშიც მისცა პირმა ცრუ ჩვენება) სასამართლოს მიერ განსახილველი მოწმის ჩვენების შეფასება საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, მისი სანდოობის, სარწმუნოობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით მსჯავრდების მიზნებისათვის.
5.1. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით ისჯება მხოლოდ ცრუ ჩვენების მიცემა. ჩვენება ითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ განზრახ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის. შესაბამისად, თუ დგინდება, რომ სამართალწარმოების პროცესში მოწმის მიერ არასწორი ჩვენების მიცემა გამოწვეული იყო მოწმის მიერ ფაქტის/მოვლენის არასწორი აღქმით ან მაგალითად, მახსოვრობის დეფექტით, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის საფუძველზე პირის მსჯავრდების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ცრუ ჩვენება შეიძლება ეხებოდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ნებისმიერ ასპექტს - როგორც მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ასევე დანაშაულის ფაქტს, ბრალდებულის პიროვნებას, მის მიერ განხორციელებულ ქმედებას, დაზარალებულს, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთობას, ზიანს და ა.შ.
5.2. მოწმის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემულ ჩვენებას შორის, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია, ერთ-ერთის სიცრუე სასამართლოს დასადგენია.
6. ამდენად, ცრუ ინფორმაციის/ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოწმის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით მსჯავრდებისთვის საჭიროა შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1. მოწმის მიერ ცრუ ინფორმაციის/ ჩვენების მიცემა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით მისი გამოკითხვის/დაკითხვისას; 2. ინფორმაციაში/ ჩვენებაში საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების/გარემოებების შეგნებულად და მიზანმიმართულად სრულად/ნაწილობრივ დამახინჯება; 3. აღნიშნულით მართლმსაჯულების განხორციელებისთვის (ნებისმიერი ფორმით/სახით) ხელი შეშლა/საფრთხის შექმნა (იხ.: II-3).
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ყ–ი და გ. ყ–ი გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ ორჯერ - 2022 წლის 7 მაისსა და 9 მაისს, ხოლო 2022 წლის 12 მაისს მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში.
8. მოწმეები ლ. ყ–ი და გ. ყ–ი გამოკითხვისას, კანონით დადგენილი წესით, იქნენ გაფრთხილებულნი ცრუ დასმენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ (იხ.: ლ. ყ–ის 2022 წლის 7 მაისის გამოკითხვის ოქმი – ტ.2, ს.ფ. 68-71; გ. ყ–ის 2022 წლის 7 მაისის გამოკითხვის ოქმი ს.ფ. 72-74; ლ. ყ–ის 2022 წლის 9 მაისის გამოკითხვის ოქმი – ტ. 2, ს.ფ. 75-77; გ. ყ–ის 2022 წლის 9 მაისის გამოკითხვის ოქმი – ტ.2, ს.ფ. 78-80). ისინი განმეორებით გაფრთხილდნენ ცრუ დასმენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე (იხ.: ლ. ყ–ის ხელწერილი – ტ.2, ს.ფ. 82; გ. ყ–ის ხელწერილი – ტ.2, ს.ფ. 84). მათი (როგორც მოწმეების) უფლებები და მოვალეობები, ასევე - ცრუ ჩვენების მიცემისას მოსალოდნელი პასუხისმგებლობა მათ კვლავაც განემარტათ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას (იხ.: ლ. ყ–ის დაკითხვა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის სხდომის ოქმი – 16:48:02-16:49:15; გ. ყ–ის დაკითხვა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომის ოქმი – 13:28:01-13:29:30). აღნიშნულის მიუხედავად, მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არსებითად ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიებისათვის (გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში) მიწოდებულ ინფორმაციას.
8.1. ლ. ყ–მა ერთის მხრივ 2022 წლის 7 მაისს გამოკითხვისას მიუთითა, რომ მას შეეშინდა ზ. ლ–ის სიცოცხლის მოსპობის მუქარის, რადგან ალკოჰოლით მთვრალი აგრესიულია და მისგან სრულებით მოსალოდნელია მსგავსი ქმედება. მოწმის განმარტებით, დაინახა ზ. ლ–ი, რომელიც იდგა მისი სახლის ეზოში და ისროდა სახლის მიმართულებით, ეშინოდა, რომ მოარტყამდა ტყვიას და მოკლავდა, ამიტომ შეეცადა დამალულიყო და ამოფარებოდა კედელს. ზ. ლ–მა კარგად იცოდა ვინ იყო სახლში, შესაბამისად, გააზრებული ჰქონდა, რომ ტყვია დიდი ალბათობით მოხვდებოდა რომელიმე მათგანს. მეორე ან მესამე გასროლა მოხვდა მ–ს, სავარაუდოდ ნასროლი ტყვიები განკუთვნილი იყო მისთვის, თუმცა სამწუხაროდ მოხვდა მ–ს.
8.1.1. 2022 წლის 9 მაისს გამოკითხვისას ლ. ყ–მა მიუთითა, რომ ეშინოდა ზ. ლ–ის მუქარის და აღიქვამდა რეალურად, მან ასევე დაადასტურა მის მიერ 2022 წლის 7 მაისის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
8.1.2. განსახილველი შემთხვევისას განვითარებული მოვლენები გამოკითხვის ოქმში მითითებულის იდენტურად აღწერა 2024 წლის 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაც (იხ.: ტ. 2 ს.ფ. 85-101).
8.1.3. სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ლ. ყ–მა (გამოკითხვის ოქმებსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებებისგან განსხვავებულად) აღნიშნა, რომ ზ. ლ–ის მუქარა სერიოზულად არ აღუქვამს, რადგან ისინი შეხუმრებულები არიან ერთმანეთს და მსგავსი საუბრები ადრეც ჰქონიათ. როდესაც ზ. ლ–მა გაისროლა, სროლის ხმაზე გავიდა გარეთ, გვერდით დაუდგა ზ–ს და ჰკითხა თუ რას აკეთებდა, ზ–ს რომ მისი მოკვლა სდომოდა აუცილებლად მოკლავდა, რადგან მის გვერდით იდგა. ლ. ყ–მა არ დაადასტურა ასევე გამოძიების ეტაპზე მითითებული გარემოება, რომ ზ. ლ–მა იცოდა მ. ტ–ის ყ–ების სახლში ყოფნის შესახებ, ასევე არ დაადასტურა ზ. ლ–ის მიერ ოთახის მიმართულებით სროლის ფაქტი. გამოძიების ეტაპზე გაკეთებული განმარტებებისაგან განსხვავებულად ასევე მიუთითა, რომ მას არ შეშინებია ზ. ლ–ის სროლების, ვინაიდან იცოდა რომ ზ–ი მას არ მოკლავდა, მუქარა კი რეალურად არ აღუქვამს.
8.2. გ. ყ–მა გამოძიების ეტაპზე, 2022 წლის 7 მაისს, გამოკითხვისას მიუთითა, რომ შეესწრო მისი შვილის – ლ. ყ–ისა და ზ. ლ–ის სიტყვიერ კონფლიქტს, ზ–ი ლ–ს აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა ლ–ი მალევე გაერიდა და გავიდა სახლიდან მაღაზიაში. ზ–ი დარჩა, ლ–ი დაბრუნდა დაახლოებით 15 წუთში და ზ–ი კვლავ გადავიდა ჩხუბზე და შეურაცხყოფაზე, რის შემდეგაც გავიდა ეზოში. 2-3 წუთში კი გაიგონა გასროლის ხმა, რა დროსაც ჩაიმტვრა შესასველი კარის მინა, პირველი გასროლის შემდეგ მიყოლებით გაიგონა რამდენიმე გასროლა, რომელიც როგორც შენიშნა მოხვდა მ–ს, რადგან წამოუვიდა სისხლი სახისა და თავის არიდან. შუშის ჩამტვრევის შემდეგ დაინახა, რომ ზ. ლ–ს ხელში ეკავა სავარაუდოდ სანადირო თოფი და სწორედ ის ისროდა, რომლის ნასროლი ტყვია (არ იცის ზუსტად რამდენი ტყვია) მოხვდა მ–ს. გ. ყ–მა მითითებული გარემოებები დაადასტურა როგორც 2022 წლის 9 მაისს გამოკითხვისას, ასევე – 2024 წლის 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
8.2.1. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას გ. ყ–მა მიუთითა, რომ ზ. ლ–ი შემთხვევის დღეს არ უნახავს. ვერ გაიგო საიდან რა მოხდა, თავის ოთახში მოსასვენებლად იყო გასული, ეძინა, შუშების მტვრევის ხმაზე გაეღვიძა, გამოვიდა ოთახიდან და დაინახა მ–ი, რომელსაც სისხლი სდიოდა. გინების ხმა არ გაუგია, არ იცის ამ დროს მისი შვილი სად იყო. მას ლ–სა და ზ–ს შორის ავზის თაობაზე კონფლიქტი არ გაუგია და არ დაუნახავს, რომ ზ. ლ–ი მის შვილს დამუქრებოდა.
9. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მიღებული გაფრთხილებებისა და უფლებების განმარტების მიუხედავად, ლ. ყ–მა და გ. ყ–მა გამოძიების ეტაპზე ჯერ დაადასტურეს ზ. ლ–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ფაქტები, შემდეგ კი (სასამართლო სხდომაზე) ისინი კატეგორიულად უარჰყვეს (მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტათ უფლება-მოვალეობები და გაფრთხილებულნი იქნენ ცრუ ინფორმაციის/ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ).
10. დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის მტკიცებას, რომ, მოწმის სახით დაკითხვისას, ისინი იმყოფებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც იყვნენ გათიშული და მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
10.1. ლ. ყ–ი 2022 წლის 7 მაისს მოწმის სახით გამოიკითხა 20:00-20:40 საათზე, ხოლო გ. ყ–ი - 21:00-21:30 საათზე. ნარკოლოგიური გამოკვლევა ლ. ყ–ს ჩაუტარდა 2022 წლის 8 მაისს 06:07- 06:10 საათზე, ხოლო გ. ყ–ს - 06:37-06:41 საათზე, რა დროსაც მათ კლინიკურად ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდათ, დაუდგინდათ ლაბორატორიულად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი (იხ.: ტ.2, ს.ფ. 220; 229). ექსპერტმა ვ. ზ–მა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას ორივე პირი იყო ადექვატური, რეფლექსები ნორმალურად ჰქონდათ, დასმულ კითხვებზე ნორმალურად და ადექვატურად პასუხობდნენ.
10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ყ–ი და გ. ყ–ი ასევე გამოიკითხნენ 2022 წლის 9 მაისს, რა დროსაც ისინი გამომძიებელმა კვლავ გააფრთხილა ცრუ დასმენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, მოწმეები დაეთანხმნენ მათ მიერ გამოძიებისათვის წინა გამოკითხვის ფარგლებში (2022 წლის 7 მაისს) მიწოდებულ ინფორმაციას და დამატებით განმარტეს სხვა გარემოებებიც (იხ.: ლ. ყ–ის 2022 წლის 9 მაისის გამოკითხვის ოქმი, ტ.2, ს.ფ. 75-77; გ. ყ–ის 2022 წლის 9 მაისის გამოკითხვის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 78-80). ამასთან ლ. ყ–მა კვლავაც დაადასტურა, რომ ზ. ლ–ი ემუქრებოდა როგორც სოციალური ქსელით, ასევე პირადად და აღნიშნა, რომ „ ბუნებრივია ეშინოდა და მისი სიტყვები აღიქვა რეალურად და იფიქრა რომ მართლაც შეეძლო მისთვის რამე დაეშავებინა“ (იხ.: ტ.2. ს.ფ. 76).
11. უსაფუძვლოა ასევე ლ. ყ–ის მტკიცება, რომ მას გამოძიების ეტაპზევე სურდა გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შეცვლა, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (აცნობა პროკურორს, ასევე განაცხადა პოლიციაში, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია). ლ. კ–ის განმარტებით, ლ. ყ–ი და გ. ყ–ი ინფორმირებულნი იყვნენ, რომ მათ ჰქონდათ უფლება, დაეზუსტებინათ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, თუ რამე გაახსენდებოდათ.
11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოძიების ორგანოს მხრიდან მართლაც არ მოჰყვა რეაგირება ლ. ყ–ის ზეპირსიტყვიერ შეტყობინებას, აღნიშნული არ ართმევდა ლ. ყ–ს გამოძიების ორგანოსათვის წერილობით ოფიციალურად მიმართვის შესაძლებლობას, ასეთის სურვილის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ლ. ყ–ს ნამდვილად ჰქონდა მცდელობა ზეპირი ან წერილობითი ფორმით დაეზუსტებინა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია.
12. გამომძიებლებმა ი. შ–მა და ლ. კ–მა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურეს, რომ ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის გამოკითხვის ოქმებში ინფორმაცია ასახული იყო ზუსტად ისე, როგორც მათ თქვეს. მოწმეთა განმარტებით, ყველა პირს აფრთხილებენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ლ. ყ–ი და გ. ყ–იც გააფრთხილეს როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად. მათ ტექსტი წაიკითხეს და მისი სისწორე ხელის მოწერით დაადასტურეს.
13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, ზემოაღნიშნულის და გასაჩივრებულ განაჩენში წარმოდგენილი მსჯელობის mutadis mutandis გათვალისწინებით, სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს ლ. ყ–ისა და გ. ყ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების შესახებ ზ. ლ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
13.1. აღნიშნულ ნაწილში სასამართლო აღნიშნავს მხოლოდ შემდეგს: თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენში (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით – 2024 წლის 22 აპრილს დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი) საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ზ. ლ–ისათვის წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები (მათ შორის: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეთა ჩვენებები და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) და აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩადენის ხერხი, საშუალება, დაზიანებების მიყენების კონკრეტული ვითარება გამორიცხავს ზ. ლ–ის განზრახვას – ლ. ყ–ის განზრახ მკვლელობისა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით (რომელიც უთითებდა, რომ ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის მიერ ჩვენების მიცემისას გაკეთებული განმარტებები, სასამართლოს უქმნიდა რწმენას, რომ მათი ჩვენებები ემსახურებოდა ზ. ლ–ისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და არ ასახავდა საქმის რეალურ გარემოებებს), სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ დაზარალებულთა სასამართლოში გაცხადებული პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი კარგად იცნობენ ზ. ლ–ის პიროვნებას და იციან მომხდარის დეტალები. სასამართლომ ლ– და გ. ყ–ების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები მიიჩნია სარწმუნოდ, ეჭვი არ შეუტანია მათში გადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობაში. შესაბამისად, ვინაიდან ერთი მხრივ ბრალდების მხარე ლ. ყ–ს და გ. ყ–ს არ ედავება გამოკითხვისას ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლი არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას per se წინააღმდეგობრივი ჩვენებებისთვის, ამასთან – ძირითად საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას ისინი სარწმუნოდ მიიჩნია და გამორიცხა ჩვენების შეცვლა ზ. ლ–ისთვის სისხლისსამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით, – საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ნაწილში დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა მისი უსაფუძვლობის გამო.
14. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის საფუძველზე – ზ. ლ–ისთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენში (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით – 2024 წლის 22 აპრილს დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი) ზ. ლ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით (რომელშიც ზ. ლ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა) მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა, ვინაიდან დაზარალებულმა, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მითითებული გარემოებებისაგან განსხვავებით, სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო ზ. ლ–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და მისი მხრიდან მიწერილი შეტყობინებების სერიოზულად და რეალურად აღქმა. იმავდროულად, გ. ყ–მა, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას აღნიშნულისგან განსხვავებით, სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას უარჰყო რომ შეესწრო ზ. ლ–ის მხრიდან ლ. ყ–ის მიმართ მუქარას.
15.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ეპიზოდში ზ. ლ–ის გამართლება დაუკავშირდა/გამოწვეული იყო ლ. ყ–ის და გ. ყ–ის მიერ ჩვენებების არსებითად შეცვლით, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა.
16. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდების მხარე ლ. ყ–სა და გ. ყ–ს არ ედავება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ,
17. ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ლ–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით), 2023 წლის 9 იანვარს ლ. ყ–მა, ხოლო 16 იანვარს გ. ყ–მა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, მისცეს ცრუ ჩვენება. კერძოდ, მათ მიერ 2022 წლის 7 და 9 მაისს, გამოძიების სტადიაზე ს–ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მოწმის სახით გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ასევე, 2022 წლის 12 მაისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მიწოდებული ინფორმაცია და 2023 წლის 9 და 16 იანვარს სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებული პოზიცია არსებითად წინააღმდეგობაში მოვიდა ერთმანეთთან. აღნიშნული ქმედებით ლ. ყ–მა და გ. ყ–მა ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას (იხ. გ. ყ–ის ბრალდების დადგენილება (ტ. 2, ს.ფ. 165-167), ლ. ყ–ის ბრალდების დადგენილება ტ.1 ს.ფ. 174-177).
18. მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდების ფორმულირებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე ლ. ყ–სა და გ. ყ–ს ედავება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას და არ ედავება ნაკლებად მძიმე დანაშაულის საქმეზე (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას.
19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ/რაში გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ.მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის 745აპ-24 განაჩენი, II-3.4.-3.4.1; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ-13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი საქმეზე N 426აპ-23, II-9.1). ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი საქმეზე N426აპ-23, II-9.1; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის განაჩენი N1340აპ-24, II-19).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს ლ. ყ–ისა და გ. ყ–ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაზე ზ. ლ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზეც, ლ. ყ–სა და გ. ყ–ს ბრალი უნდა წარსდგენოდათ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილით ცალ-ცალკე, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისათვის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეზე (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას).
21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საბრალდებო დასკვნას, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის მიმართ წაყენებული ბრალდების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, გადამწყვეტი როლი აქვს სისხლის სამართლის პროცესში“ (Glonti an others v. Georgia, app. 13708/18, par. 13, ECtHR, 11/02/2025. ასევე იხ., Kamasinski v. Austria, no. 9783/82, par.79, ECtHR, 19/12/1989; Varela Geis v. Spain, no. 61005/09, par.51, ECtHR, 5/03/2013).
22. ,,ბრალდებულის უფლება, მოამზადოს მისი დაცვა, გულისხმობს უფლებას, ინფორმირებული იყოს არა მხოლოდ ბრალდების მიზეზის შესახებ, არამედ სამართლებრივი კვალიფიკაციის შესახებ, რაც იმ ქმედებებს მიეცა, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია მის მიერ” (Gelenidze v. Georgia, no.72916/10, par. 35, ECtHR, 7/11/2019. ასევე იხ. I.H. And Others v. Austria, no. 42780/98, par. 34, ECtHR, 20/04/2006; Penev v. Bulgaria, no. 20494/04, par.42, ECtHR, 7/01/2010).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გასცდეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითთებულ ბრალის ფორმულირებას და პირს პასუხისმგებლობა დააკისროს იმ ქმედების ჩადენისათვის, რომელსაც ბრალდების მხარე არ ედავება.
24. შესაბამისად, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე