Facebook Twitter

საქმე N 210100124010283720

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №129აპ-25 ქ. თბილისი

ყ. ზ, 129აპ-25 12 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ზ. ყ. – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 2 (ორი) წლით.

ზ. ყ-ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება – 20:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ყ-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (21.09.2024 წლიდან 14.11.2024 წლის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ზ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა – 1 (ერთი) წლით, 8 (რვა) თვითა და 10 (ათი) დღით.

გაუქმდა ზ. ყ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

ზ. ყ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ზ. ყ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო (2024 წლის 21 სექტემბრიდან 2024 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით) ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში.

შინაპატიმრობის აღსრულებისას, კონტროლი და დახმარება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე, დაევალა პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ზ. ყ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 21 სექტემბერს, საღამოს საათებში, .... დასახლებაში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდნენ ზ. ყ., ლ. ყ., გ. ხ. და დ. ჭ.. ამ დროს, ზ. ყ-მ დაინახა ფრინველი – ჩხართვი და გადაწყვიტა მისი მოკვლა. ამ მიზნით, იგი შევიდა საცხოვრებელ სახლში, ეზოში გამოიტანა ორლულიანი სანადირო თოფი. იარაღში ვაზნის მოთავსებისა და მისი აკეცვისას, გაუვარდა და ტყვია შემთხვევით გულმკერდის არეში მოხვდა გ. ხ-ს, რის შედეგადაც, იგი გარდაიცვალა.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ. ყ.ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის სახისა და ზომის შეფარდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ. ყ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის სახისა და ზომის შეფარდებას. პროკურორს მიაჩნია, რომ მითითებული დანაშაულის ხასიათისა და დამდგარი მძიმე შედეგის გათვალისწინებით, ზ. ყ-სათვის შეფარდებული სასჯელი – შინაპატიმრობა, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, აშკარად ლმობიერია და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. ასევე გასათვალისწინებელია დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციაც, რომ მას პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ და შინაპატიმრობის მოხდის საათები, კერძოდ, დღე-ღამის ისეთი გვიანი პერიოდი, როდესაც ადამიანთა უმეტესობა ისედაც სახლში იმყოფება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: დ. ჭ-ს, ა. პ-ს, უ. ჯ-ს, ლ. ყ-ს, ა. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 5 ოქტომბრის N... დასკვნით, ზ. ყ-ს აღიარებითი ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. ყ-სათვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომას, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ერთის მხრივ, სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ფარგლებშიც უნდა შეეფარდოს სასჯელი ზ. ყ-ს, ისჯება შინაპატიმრობით, ვადით – ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით – ორიდან ოთხ წლამდე.

7. საკასაციო სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს, ერთი მხრივ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის პიროვნებას, რის საფუძველზეც განსაზღვრავს, გამოკვეთილი არის თუ არა სასჯელის დამძიმების წინაპირობები და რამდენად უზრუნველყოფს შეფარდებული სასჯელი მის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ ზ. ყ-ს პიროვნულ მახასიათებლებზე, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, აგრეთვე მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზ. ყ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელიც გულწრფელად აღიარა და მოინანია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის შედეგად დამდგარ მძიმე შედეგს (ადამიანის გარდაცვალებას) და მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილ, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას, სახელდობრ – დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით.

9. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ, რამდენადაც ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებელი დანაშაული და, ამასთან, გამოკვეთილია მსჯავრდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, აგრეთვე: მსჯავრდებული არც წარსულში და არც აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ, მათ შორის, შინაპატიმრობის პერიოდში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ამავე დროს, არ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე, მსჯავრდებულ ზ. ყ-ს მიმართ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან მის მიმართ შეფარდებული შინაპატიმრობა, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციულია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის შეფარდებული სასჯელის ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას, ამასთან, არ არსებობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის უკიდურესი საჭიროება, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის აღსრულება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თვითმიზანს, თუკი დამნაშავის რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნები მიღწევადია ალტერნატიული სასჯელის მოხდით.

10. მითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ. ყ--სათვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, მაგრამ არ იზიარებს – მისი მოხდის ფორმის ნაწილში, კერძოდ: გასაჩივრებული განაჩენით ზ. ყ-ს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება დაკისრებული აქვს დროის ისეთ პერიოდში (20:00 საათიდან – 07:00 საათამდე), როდესაც ადამიანთა უმრავლესი ნაწილი, ისედაც სახლში იმყოფება, რის გამოც, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ვერ მოახდენს მასზე სათანადო ზემოქმედებას, მას არ ექნება სათანადო ეფექტი და, შესაძლოა, დაუსჯელობის განცდა გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ყ-მ შინაპატიმრობის მოხდა უნდა გააგრძელოს და საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება დაეკისროს – დღის 13:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე დროის მონაკვეთში.

11. აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ზ. ყ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 21 სექტემბერს, ხოლო მითითებული კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს:

3. ზ. ყ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 2 (ორი) წლით.

4. ზ. ყ-ს დაეკისროს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება – დღის 13:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე;

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ყ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო (2024 წლის 21 სექტემბრიდან – 2024 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით), ჩაეთვალოს შინაპატიმრობის სასჯელის ვადაში (პატიმრობის ერთი დღე – შინაპატიმრობის ორი დღე) და, საბოლოოდ, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა – 1 (ერთი) წლით, 8 (რვა) თვითა და 10 (ათი) დღით.

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. ყ. გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან – 2024 წლის 14 ნოემბერს.

7. მსჯავრდებულ ზ. ყ-ს შინაპატიმრობის ვადა აეთვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 14 ნოემბრიდან.

8. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა;

9. ზ. ყ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია.

10. ზ. ყ-ს მიმართ სასჯელის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი