ას-1561-1561-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ს. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ს-ის 4.04.2011წ. განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება; ყადაღა დაედო ს. ხ-ე-ს-ის საკუთრებაში არსებულ, ქუთაისში, კ-ას ქ.¹31-ში მდებარე უძრავ ქონებას, აგრეთვე, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-ში და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართს (ტომი I, ს.ფ. 15-16, 1-2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ხ-ე-ს-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებაზე. კერძოდ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ს. ხ-ე-ს-ის საკუთრებაში არსებულ, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-ში და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად; მ. ს-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ს. ხ-ე-ს-ის საკუთრებაში არსებული, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-ში და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართის დაყადაღების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ს. ხ-ე-ს-ის საკუთრებაში არსებულ, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-ში და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართს; მ. ს-ეს ს. ხ-ე-ს-ისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 50000 ლარის შეტანა (ტომი I, ს.ფ. 95-100).
მოგვიანებით, იმის გათვალისწინებით, რომ მ. ს-ემ ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში არ განახორციელა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით გააუქმა მის მიერ 2011 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ყადაღა მოეხსნა ს. ხ-ე-ს-ის საკუთრებაში არსებულ, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-ში ბ-ის ქუჩა (ყოფილი ფ-ი) და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართს (ტომი I, ს.ფ. 104-105).
2011 წლის 14 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა, კერძოდ, უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაცვლად, ს. ხ-ისათვის ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-სა და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართის რეალიზაციის აკრძალვა ნებისმიერი ფორმით (ტომი I, ს.ფ. 111-112).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით მ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით ს. ხ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ქ.ქუთაისში, კ-ას ქ.¹31-ში მდებარე უძრავი ქონება, აგრეთვე, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-ში ბ-ის ქუჩა (ყოფილი ფ-ი) და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართი) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დადებული ყადაღა შეიცვალა სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებით, კერძოდ: ს. ხ-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ.ქუთაისში, კ-ას ქ.¹31-ში მდებარე უძრავი ქონება, აგრეთვე, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-ში ბ-ის ქუჩა (ყოფილი ფ-ი) და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართი) რეალიზაცია ნებისმიერი ფორმით, ასევე სესხის უზრუნველსაყოფად მისი დატვირთვა ნებისმიერი ფორმით (ტომი I, ს.ფ. 126-127).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განჩინებაზე წარდგენილი ს. ხ-ის საჩივარი და იგი გადაეგზავნა ზემდგომ _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი I, ს.ფ. 142-144).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ს. ხ-ე-ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისისა და 2011 წლის 8 ივლისის განჩინებები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის ინსტიტუტს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა არსებობდეს რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე დგინდებოდა, რომ ს. ხ-ის საკუთრებაზე, მ. ს-ის მოთხოვნით არსებული უზრუნველყოფის ღონისძიება კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით გაუქმდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ს. ხ-ე-ს-ის საჩივარი დაკმაყოფილებას, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისისა და 2011 წლის 8 ივლისის განჩინებები გაუქმებას ექვემდებარებოდა (ტომი I, ს.ფ. 150-154).
მ. ს-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ს. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 43800 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად ძირითადი თანხის 10%-ის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის თანახმად, მ. ს-ეს 2011 წლის 28 მარტის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. კ-ასაგან გადაეცა მოთხოვნის უფლება 2010 წლის 15 თებერვალს კრედიტორ ზ. კ-ასა და მოვალე ს. ხ-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. ზ. კ-ასა და ს. ხ-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ზ. კ-ამ ს. ხ-ეს ასესხა 62800 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 15 ივლისამდე. მოვალემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა. ამ უკანასკნელმა მიღებული თანხიდან 2010 წლის 13 დეკემბერს ზ. კ-ას გადაუხადა მხოლოდ 19000 აშშ დოლარი (ტომი II, ს.ფ. 1-10).
მოგვიანებით, ს. ხ-ემ იმავე სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების _ მ. ს-ის და ზ. კ-ას მიმართ. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა მასა და ზ. კ-ას შორის არსებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებულად (ვალის გადახდილად) აღიარება, 2010 წლის 13 დეკემბრის ხელწერილის ბათილად ცნობა, მოთხოვნის დათმობის შესახებ 2011 წლის 28 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზ. კ-ასათვის ზიანის სახით 36000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება (ტომი II, ს.ფ. 34-44).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ხ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ძირითადი თანხის _ 43800 აშშ დოლარის და ამ თანხის 10%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ხ-ის შეგებებული სარჩელი. გადაწყვეტილებითვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი და სახელმწიფო ბაჟი _ 1314 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტომი II, ს.ფ. 199-202).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი II, ს.ფ. 211-221).
2011 წლის 30 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მესაკუთრე ს. ხ-ისათვის ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31-სა (ბ-ის ქუჩა, ყოფილი ფ-ი) და ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო ფართის რეალიზაციის ნებისმიერი ფორმით აკრძალვა, აგრეთვე, სესხის უზრუნველსაყოფად მისი დატვირთვა ნებისმიერი ფორმით (ტომი II, ს.ფ. 233-234).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ს. ხ-ე-ს-ეს აეკრძალა ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31 ბ-ის ქუჩა (ყოფილი ფ-ის ქუჩა მე-3 შესახვევი) ¹1, ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი ¹...) გასხვისება, ასევე სესხის უზრუნველყოფის მიზნით ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ს. ხ-ე-ს-ეს მ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 43800 აშშ დოლარის და ამ თანხის 10%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი გადაწყვეტილება შევიდოდა კანონიერ ძალაში და მის აღსრულებამდე მოპასუხე გაასხვისებდა უძრავ ქონებას, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოჩენოდა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ღირებულების ოდენობის ქონება, რაც გაართულებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თუკი გამოყენებული არ იქნებოდა ისეთი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც მოპასუხეს აუკრძალავდა სადავო ქონების უფლებრივ დატვირთვას და მოპასუხე სესხის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებას დატვირთავდა იპოთეკით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, იპოთეკარის უპირატესობის გათვალისწინებით გაძნელდებოდა ან შეუძლებელი გახდებოდა მოცემულ საქმეზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია განმცხადებლის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა აუცილებელი იყო (ტომი II, ს.ფ. 241-246).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინება ს. ხ-ემ გაასაჩივრა საჩივრით. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული განჩინება კანონშეუსაბამო იყო, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იმავე მოთხოვნაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დაუშვებელს ხდიდა მ. ს-ის განცხადებას გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არავითარი ზომები არ მიიღო მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ასეთი უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობები (ტომი II, ს.ფ. 261-264).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ს. ხ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით გაუქმდა ს. ხ-ე-ს-ის მიმართ წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ს. ხ-ე-ს-ის საკუთრებაში არსებულ, ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31 ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე უძრავ ქონებას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან, ხოლო «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის დაუშვებელია იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი და იმავე ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების წარდგენა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით გადაწყდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების საკითხი, ხოლო მ. ს-ის ამჟამინდელ მოთხოვნას წარმოადგენდა არა სარჩელის იმავე ღონისძიების გამოყენება, არამედ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიების გამოყენება (მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გამორიცხავდა ს. ხ-ე-ს-ის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (ტომი II, 325-329).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ხ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს. ხ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 43800 აშშ დოლარის და ამ თანხის 10%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ტომი II, ს.ფ. 199-202).
მ. ს-ის 2011 წლის 30 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებით საქალაქო სასამართლოს ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ს. ხ-ე-ს-ეს აეკრძალა ქ.ქუთაისში, ფ-ის ქ.¹31 ბ-ის ქუჩა (ყოფილი ფ-ის ქუჩა მე-3 შესახვევი) ¹1, ლ-ის ქ.¹5-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საკადასტრო კოდი ¹...) გასხვისება, ასევე სესხის უზრუნველყოფის მიზნით ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა (ტომი II, ს.ფ. 241-246).
საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე ერთხელ უკვე იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ის ღონისძიება, რომლის გამოყენებაც მოხდა გასაჩივრებული განჩინებით. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვის აკრძალვა ეხება განცხადებას სარჩელის უზრუნვეყოფის იმავე სახის ღონიძიების გამოყენების თაობაზე, რომლის დაკმაყოფილებაზეც განმცხადებელს ერთხელ უკვე ეთქვა უარი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. ს-ემ სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით. ხსენებულ განჩინებაზე საჩივრის განხილვის ფარგლებში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა) გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით (ტომი 1, ს.ფ. 104-105). ამის შემდეგ მ. ს-ემ განცხადებით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის (ყადაღის) შეცვლა უზრუნველყოფის ღონისძიების მეორე სახით, კერძოდ, მოპასუხისათვის უძრავი ქონების გასხვისების და სესხის უზრუნველსაყოფად ამ ქონების ნებისმიერი ფორმით დატვირთვის აკრძალვით. მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, მართალია, დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით, მაგრამ მოპასუხის საჩივრის საფუძველზე მითითებული განჩინება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 05 აგვისტოს განჩინებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის საფუძველი, ვინაიდან გაუქმებული იყო და აღარ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების ის სახე (ყადაღა), რომლის შეცვლასაც განმცხადებელი ითხოვდა (ტომი 1, ს.ფ. 126-127, 150-154). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლაზე და, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიებად მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების აკრძალვაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა არა არსებითი საფუძვლით, კერძოდ, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, არამედ – ფორმალური საფუძვლით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან სახეზე არაა იგივე განცხადება სარჩელის უზრუნვეყოფის ღონიძიების გამოყენების თაობაზე, რომლის დაკმაყოფილებაზეც განმცხადებელს ერთხელ უკვე ეთქვა უარი.
საჩივრის ავტორის პრეტენზია მდგომარეობს ასევე იმაში, რომ სასამართლომ არავითარი ზომები არ მიიღო მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ასეთი უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი, მართალია, ითვალისწინებს მოპასუხის განცხადების საფუძველზე სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ ამავე ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დაასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის არსებობის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელიც დაასაბუთებდა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობას. კერძოდ, საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით (მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვით) მას ადგება ზიანი, რისი მტკიცების ტვირთიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლების შესაბამისად, სწორედ მას აკისრია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.