Facebook Twitter

ას-1567-1566-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ შპს «ა. ი-ი»

მოწინააღმდეგე მხარეები _ შპს «დ. თ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით:

შპს «დ. თ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს «ა. ი-ის» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ტექნიკის ქირავნობისათვის 1426950 აშშ დოლარის გადახდა; გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების ხარჯების სახით 148765 ლარის ანაზღაურება; სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს «გ. თ-ის» სარჩელი, აგრეთვე, შპს «ა. კ. ჯ-ას» სარჩელი შპს «დ. თ-ის» მიმართ (ს.ფ. 2-13).

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ა. ი-მა» და შპს «ა. კ. ჯ-ამ».

სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2011 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს «დ. თ-მა», რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად.

გამცხადებელმა განმარტა, რომ:

შპს «ა. ი-ი» წარმოადგენდა არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია ისრაელში. მოპასუხეს საქართველოში არ გააჩნდა უძრავი ქონება, ხოლო ინფორმაცია უცხოეთში არსებული ქონების და აქტივების შესახებ არ იყო ხელმისაწვდომი;

სარჩელის აღძვრის ეტაპზე მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დაყადაღების მოთხოვნით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე შპს «ა. ი-ს» აუკრძალა მის საკუთრებაში არსებული 34 ერთეული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა.

განმცხადებლის მითითებით, ზემოაღნიშნული აკრძალვა ვერ უზრუნველყოფდა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან ჯერ ერთი რომ, მოპასუხეს შეზღუდული ჰქონდა ქონების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა, თუმცა არ ეკრძალებოდა ქონების საქართველოში გასხვისება და მეორეც, მოპასუხის საკუთრებაში არსებული 34-ვე სატრანსპორტო საშუალება უკვე რამდენჯერმე იყო უფლებრივად დატვირთული _ დაგირავებული და დაყადაღებული სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. შესაბამისად, ხსენებული ქონება ვერ ჩაითვლებოდა 1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოთხოვნის ადეკვატურ უზრუნველყოფად.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2008 წელს მოპასუხე შპს «ა. ი-მა» გაიმარჯვა სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)» მიერ გამოცხადებულ «სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის» ტენდერში და მას მიენიჭა კონტრაქტი საერთო თანხით 65467530 აშშ დოლარი. იმავე წელს მოპასუხე შპს «ა. ი-მა» გაიმარჯვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ «იგოეთი-სვანეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის» ტენდერში და მას მიენიჭა კონტრაქტი საერთო თანხით 92211548 ლარი. უკვე შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხე შპს «ა. ი-ს» თავისი კონტრაქტორი დასახელებული სუბიექტებისაგან უნდა მიეღო ფულადი თანხები რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

განმცხადებელმა მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა აბსოლუტურად შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან, მოპასუხე შპს «ა. ი-ი» უცხო ქვეყნის (ისრაელის) კომპანიას წარმოადგენდა, ხოლო საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოებს შორის არ არსებობდა ორმხრივი და არც მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება სამართლებრივ სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გააძნელებდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით: ა. მოპასუხე შპს «ა. ი-ისათვის» სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხების განკარგვის აკრძალვა 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში; ბ. მოპასუხე შპს «ა. ი-ისათვის» სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხის 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში განთავსების დავალება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშზე (ს.ფ. 63-65).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს «დ. თ-ის» განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს «ა. ი-ს» აეკრძალა 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხების განკარგვა, რაც მოპასუხე შპს «ა. ი-ს» ეკუთვნოდა უკვე განხორციელებული (დასრულებული) სამუშაოებისათვის (გაწეული მომსახურეობისათვის) და არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი კონტრაქტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესასრულებლად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის დავის საგნის განკარგვის, ან უფლების შეზღუდვის გზით.

მოცემულ შეთხვევაში, საქმეზე დგინდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს «დ. თ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს «ა. ი-ის» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ტექნიკის ქირავნობისათვის 1426950 აშშ დოლარის გადახდა; გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების ხარჯების სახით 148765 ლარის ანაზღაურება.

საქმეზე დგინდებოდა ისიც, რომ განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვდა მოპასუხე შპს «ა. ი-ისათვის» სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხების განკარგვის აკრძალვას, 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გასათვალისწინებელია ორივე მხარის (მოსარჩელე და მოპასუხე) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, რაც უნდა გამოიხატოს ერთის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თავიდან აცილების უზრუნველყოფაში და მეორეს მხრივ, სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხე მხარის უფლებების არაადეკვატური და უპირობო შეზღუდვის დაუშვებლობაში, რაც საბოლოო ჯამში უნდა შეფასდეს დავის შინაარსის, სარჩელის მოთხოვნისა და მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების ურთიერთმიმართებაში შეფასების გზით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხე იყო არარეზიდენტი პირი, არ ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით შესაძლოა გართულებულიყო ან შეუძლებელი გამხდარიყო სასამართლო გადაწყვეტილებით წარმოშობილი უფლების რეალიზება. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის მითითებით, თანხები, რომლის განკარგვის აკრძალვასაც იგი ითხოვდა, იყო მიზნობრივი ხასიათის, კერძოდ, სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან აღნიშნული თანხების გადმორიცხვა ხდებოდა კონკრეტული სატენდერო პროექტის განხორციელებისათვის _ სამცხე-ჯავახეთისა და იგოეთი-სვენეთის მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია მოპასუხის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოებისათვის რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მისაღები თანხების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და არ დასტურდებოდა განცხადებაზე დართული მტკიცებულებებით. ამდენად, საქმის მასალებით (განცხადებაზე დართული მტკიცებულებებით) არ დგინდებოდა, რომ სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხები წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული სატენდერო პროექტებით გათვალისწინებული, უკვე შესრულებული სამუშაოების გამო, მოპასუხისათვის განკუთვნილ თანხებს.

ზემომითითებული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ა. ი-ისათვის» პროექტიდან გამომდინარე მისაღები (მიღებული) თანხების განკარგვის აკრძალვა, იმ სახით როგორც ეს განცხადებაშია მითითებული, წარმოადგენდა მოპასუხისათვის სატენდერო ვალდებულების შესრულების აკრძალვას, რაც დაუშვებელი იყო და ცდებოდა სარჩელის (გადაწყვეტილების) უზრუნველყოფის მიზნის ფარგლებს.

მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე.

კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არასაკმარისია გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხე შპს «ა. ი-ს» უნდა აკრძალვოდა 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) იმ თანხების განკარგვა, რაც არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი კონტრაქტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის და მოპასუხე შპს «ა. ი-ს» ეკუთვნოდა უკვე შესრულებული სამუშაოებისათვის (გაწეული მომსახურეობისათვის).

რაც შეეხებოდა განმცხადებლის მოთხოვნას, მოპასუხისათვის სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) ფულადი თანხებიის (1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ვინაიდან, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშზე სადავო თანხების განთავსების აუცილებლობა განმცხადებელს არ ჰქონდა დასაბუთებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის შესაბამისი თანხების განკარგვის აკრძალვის თაობაზე, გამოყენებული ღონისძიება საკმარისი იყო, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად და არ არსებობდა დამატებითი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი წინაპირობები (ს.ფ. 79-86).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს «ა. ი-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა დაფუძნებულია შემდეგ მოტივებზე:

1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გააუვნებელყოს ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებას. კონკრეტულ შემთხვევაში, განჩინება ამ პრობლემას ვერ წყვეტს. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეს აეკრძალა მის მიერ მისაღები თუ მიღებული თანხების განკარგვა. მოპასუხე თანხების განკარგვას ახდენს მის სათაო ოფისში, ისრაელში. შესაბამისად, შეუძლებელია იმის გაკონტროლება, შესრულდა თუ არა განჩინება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში _ რაიმე სანქციის გამოყენება. ამდენად, განჩინება ვერ უზრუნველყოფს მიზნის შესრულებას;

2. არ არსებობს მოპასუხის მიერ ქონების განკარგვის და განიავების საფრთხე, რამაც შეიძლება შეუძლებელი გახადოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რამდენადაც შპს «ა. ი-ი» წარმოადგენს სოლიდურ კომპანიას, რომლის წლიური ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს აღწევს წელიწადში, ხოლო აქტივები _ რამდენიმე მილიარდს. ის ფაქტი, რომ შპს «ა. ი-ს» არ გააჩნია დიდი ოდენობის აქტივები საქართველოში, არაფრის მთქმელია, ვინაიდან საქმეში მოპასუხეა ისრაელის იურიდიული პირი, რომელიც კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. კომპანიას გააჩნია ათეული წლების სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი რეპუტაცია მთელს მსოფლიოში. ამდენად, გამორიცხულია მისი გაკოტრება ან მის მიერ ქონების გადამალვა ისე, რომ მან ვერ დაფაროს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მაშინ, როდესაც იმავე საქმეზე, იმავე მოპასუხის წინააღმდეგ, გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს ღონისძიება ძალაშია;

4. გასაჩივრებული განჩინება არსობრივად გაუმართავია. მასში მითითებულია, რომ მოპასუხეს ეკრძალება ფონდიდან და დეპარტამენტიდან მიღებული (მისაღები) იმ თანხების განკარგვა, რომელიც მას ეკუთვნის უკვე დასრულებული სამუშაოებისათვის. ფული არ წარმოადგენს ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს და შესაბამისად, შეუძლებელია ანგარიშზე სხვა თანხებთან ერთად ჩარიცხვის შემდეგ იმის დადგენა, თუ რომელი თანხა საიდანაა. ამასთან, დაუშვებელია სავარაუდოდ მისაღები ან სამომავლო ნივთის დაკავება ან მისით სარგებლობის აკრძალვა (ს.ფ. 119-120).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს «ა. ი-ის» საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება არასაკმარისი იყო დაკმაყოფილებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, გამოყენებულ იქნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვის სახით, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების ფარგლებში, მოპასუხისათვის თანხის განკარგვის აკრძალვაში გამოიხატა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული ღონისძიების ალოგიკურობის თაობაზე და მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა არ გამორიცხავდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი იყო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენდა სოლიდურ კომპანიას, რომლის წლიური ბრუნვა 500 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო აქტივები რამდენიმე მილიარდს და არ არსებობდა მოპასუხის მიერ მისი ქონების განკარგვისა და განიავების საფრთხე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არგუმენტები ვერ გამოდგებოდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნვლყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლად (ს.ფ. 132-135).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა. ი-ის» საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ კი იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ მოპასუხე შპს «ა. ი-ს», რომელიც წარმოადგენდა ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში არ გააჩნდა უძრავი ქონება, ხოლო ინფორმაცია უცხოეთში არსებული ქონების და აქტივების შესახებ არ იყო ხელმისაწვდომი. მისი განმარტებით, შპს «ა. ი-ს» თავისი კონტრაქტორი სუბიექტებისაგან _ სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან უნდა მიეღო რამდენიმე მილიონის ოდენობით ფულადი თანხები. განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვდა მოპასუხისათვის სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხების განკარგვის აკრძალვას, 1 426 950 აშშ დოლარის და 152 165 ლარის ფარგლებში.

საქმეზე დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით შპს «დ. თ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს «ა. ი-ის» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ტექნიკის ქირავნობისათვის 1 426 950 აშშ დოლარის გადახდა; გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების ხარჯების სახით 148 765 ლარის ანაზღაურება; შპს «ა. ი-ს» სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელე შპს «დ. თ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 3400 ლარის გადახდა (ს.ფ. 4-13).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილია, კერძოდ, მართებულია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხე შპს «ა. ი-ისათვის» 1 426 950 აშშ დოლარის და 152 165 ლარის ფარგლებში სსიპ «ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა» და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) იმ თანხების განკარგვის აკრძალვა, რაც მოპასუხეს ეკუთვნის უკვე განხორციელებული (დასრულებული) სამუშაოებისათვის (გაწეული მომსახურეობისათვის) და არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კონტრაქტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესასრულებლად. აღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ საქმეზე არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 აგვისტოს განჩინება. ამ განჩინებით მოპასუხე შპს «ა. ი-ს» აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული რიგი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა (ს.ფ. 21-34). სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიების არსებობა ვერ უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებას სრულად, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა არ გამორიცხავს დამატებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, თუკი ასეთი ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილება არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით და მართებულად მოახდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება საჩივრის ავტორის ის არგუმენტი, რომ არ არსებობს მოპასუხის მიერ ქონების განკარგვის საფრთხე, რამაც შეიძლება შეუძლებელი გახადოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან შპს «ა. ი-ი» წარმოადგენს სოლიდურ კომპანიას, რომლის წლიური ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს აღწევს წელიწადში, ხოლო აქტივები _ რამდენიმე მილიარდს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც დაუსაბუთებელს ხდის საჩივარს.

რაც შეეხება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებს გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონიძიების აღსრულების გაძნელების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ამ ნაწილში გამოკვეთილი არ არის მოპასუხის ინტერესი, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონიძიების აღსრულების გაძნელებით საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც, ცხადია, ეწინააღმდეგება მოსარჩელის და არა მოპასუხის ინტერესებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ა. ი-ის» საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.