ას-174-164-2011 9 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ჯ. ნ-ის წარმომადგენელი ა. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ნ-ის მიმართ საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა ქ. ქუთაისში, მ-ის ქ. ¹...-ში მდებარე მის მიერ ნაყიდი საცხოვრებელი ბინის 7/16 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა მოპასუხისათვის სადავო ბინის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდის სანაცვლოდ, ან მოპასუხემ გადაუხადოს საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულების 90%. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება ქ. ქუთაისში, მ-ის ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის 7/16 ნაწილის ჯ. ნ-ის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ და სადავო ბინის მესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვა საჯარო რეესტრში.
მოპასუხე ჯ. ნ-მა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული ბინა არასდროს გაუყიდია და რაიმე ხელშეკრულება, როგორც მხარესთან, არასდროს გაუფორმებია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ჯ. ნ-ს დაეკისრა ბ. დ-ისათვის ქ. ქუთაისში, მ-ის ქ. ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების 7/16 ნაწილის საბაზრო ღირებულების _ 19680 ლარის 90%-ის (17 712 ლარის) გადახდა, მითითებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბ. დ-ს დაეკისრა ჯ. ნ-ისათვის ქ. ქუთაისში, მ-ის ქ. ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების 7/16 ნაწილის საბაზრო ღირებულების _ 19680 ლარის 10%-ის (1968 ლარის) გადახდა, რის შემდეგაც გაუქმდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ჩანაწერი ჯ. ნ-ის ქ. ქუთაისში, მ-ის ქ. ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების 7/16 ნაწილის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ და აღნიშნული ბინის მესაკუთრედ აღირიცხოს ბ. დ-ი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. დ-ის მიერ ჯ. ნ-ისათვის ქ. ქუთაისში, მ-ის ქ. ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების 7/16 ნაწილის ღირებულების _ 19 680 ლარის 10%-ის 1968 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ქ. ქუთაისში, მ-ის ქ. ¹...-ში მდებარე უძრავი ქონების 7/16 ნაწილი აღირიცხა ბ. დ-ის სახელზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ სრულყოფილად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია და არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ შეუსაბამა იგი გამოყენებულ კანონს, რის გამოც მიიღო არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1992 წლიდან, ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ჯ. ნ-ის კუთვნილება სადავო უძრავ ქონებაზე დასტურდება 1996 წლიდან, საიდანაც დგინდება, რომ ჯ. ნ-ის ყველა გარიგება ბინის გაყიდვის თაობაზე არაკანონიერია და მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა;
კასატორის აზრით, საქმეზე ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზა არასრული იყო, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ხელწერილზე ხელმოწერა შესრულებულია ჯ. ნ-ის მიერ, თუმცა არაფერი აღნიშნულა იმის შესახებ, რომ ხელწერილის შედგენის თარიღი არ შეუსრულებია ჯ. ნ-ს, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს სსკ-ის 168.4-ე მუხლით ევალებოდა აღნიშნულის თაობაზე მიეთითებინა დასკვნაში, რაც სასამართლოს სხდომის მსჯელობის საგანი გახდებოდა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ 1992 წელს მხარეთა შორის დაიდო შინაურული ნასყიდობის ხელწერილი სადავო ბინაზე და ბ. დ-მა მას გადაუხადა ბინის საფასური, ვინაიდან, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეში არ მოიპოვება 1992 წელს შედგენილი შინაურული ხელწერილი და არც რაიმე მტკიცებულება, რაც სარჩელს დაასაბუთებდა;
კასატორის აზრით, არასწორი იყო ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ 1995 წლის დეკემბერში ჯ. ნ-ი ცხოვრობდა სადავო ბინაში, რომელიც 1996 წლის აპრილიდან გადავიდა აღნიშნული ბინიდან და აქედან მოყოლებული იქ ცხოვრობდა ბ. დ-ი ოჯახით და ამასთან, 1995 წლამდე აღნიშნულ ბინაში, აპელანტის თანხმობით, ცხოვრობდა მოსარჩელე, მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბ. დ-ი 2010 წელს ადმინისტრაციული წესით გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან;
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ბ. დ-ი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, არასწორად მიიჩნია სადავო ბინის მოსარგებლე პირად, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლისა და მე-4 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარის მოსარგებლეობა დადასტურდებოდა, საქმეში არ მოიპოვება;
სასამართლო არ დაინტერესდა და არ გამოიკვლია 1996 წლის შემდეგ, როდესაც სადავო ბინა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ბ. დ-მა რატომ არ გაიფორმა შესყიდული ბინა თავის სახელზე და, თუ არსებობდა ხელისშემშლელი გარემოებები, რატომ არ მიმართა უფლების დასაცავად შესაბამის ორგანოებს;
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მას წაართვა მესაკუთრის უფლება და ისე გაუუარესა მდგომარეობა, რომ რაიმე საფუძველი ან სამართლებრივი ნორმა არ მიუთითებია, მით უმეტეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაპირველ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფორმადაუცველ გარიგებას, რაც მხარეებს შეეძლოთ აღერიცხათ იმ დროს მოქმედი წესების დაცვით, მაგრამ არ აღრიცხეს, რაც არ იყო დაკავშირებული ზემოაღნიშნულ ობიექტურ შეზღუდვებთან.
საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებაზე იმის შესახებ, რომ 1995 წლის 22 დეკემბრის ხელწერილით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1992 წელს სადავო ბინა ჯ. ნ-მა მიჰყიდა ბ. დ-ს, მიღებული აქვს იმ დროისათვის 3-ოთახიანი ბინის ღირებულების შესაბამისი თანხა, მაგრამ ვერ გადაუფორმა პრივატიზაციის უქონლობის გამო; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ურთიერთობა არ წესრიგდებოდა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობა უნდა შეფასებულიყო 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ამ კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტებით, რაც წარმოადგენდა ამ ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ საფუძველს. 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად კი, ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამავე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა, დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო, როცა მიღებულის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულით, თუ კანონში არ არის გათვალისწინებული გარიგების ბათილობის სხვა შედეგები.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე და იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად მართებულად არ შეაფასა და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარებოდა.
2011 წლის 2 დეკემბერს ჯ. ნ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების _ ჯ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების 7/16 ნაწილზე (მდებარე, ქ. ქუთაისში, მ-ის ქ.¹8/27-ში)) დადებული ყადაღის გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადებაში მითითებული გარემოებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ნ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკმებრის განჩინებით ყადაღა დაედო ჯ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების 7/16 ნაწილს (მდებარე, ქ. ქუთაისში, მ-ის ქ.¹8/27-ში).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ბ. დ-ის სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება, არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების _ ჯ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების 7/16 ნაწილის (მდებარე, ქ. ქუთაისში, მ-ის ქ.¹8/27-ში) დაყადაღების, კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ნ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა მოეხსნას ჯ. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების 7/16 ნაწილს (მდებარე, ქ. ქუთაისში, მ-ის ქ.¹8/27-ში).
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.