Facebook Twitter

ას-879-922-2011 12 დეკემებერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ რ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ. ბ-ე, თ. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების თ. და გ. ბ-ეების მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხე თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 215000 აშშ დოლარის გადახდა;

2. მოპასუხე თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის (215000 აშშ დოლარის 1,5% 21 თვის განმავლობაში) ანაზღაურება 67725 აშშ დოლარის ოდენობით;

3. მოპასუხე თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის სახით გადაცემული 41000 აშშ დოლარის გადახდა;

4. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოხდეს მოპასუხეების თ. და გ. ბ-ეების საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია (ტომი 2, ს.ფ. 49-60).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 147530.06 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის სახით გადაცემული 41000 აშშ დოლარის გადახდა და აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა თ. და გ. ბ-ეების საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია; დანარჩენ ნაწილში რ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 298-309).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა _ გ. ბ-ემ, თ. ბ-ემ და რ. ჭ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. და გ. ბ-ეების, ასევე რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების შესაძენად გადაცემული თანხის ნაწილის – 41000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სესხის სახით გადაცემული თანხის _ 41000 აშშ დოლარის გადახდა;

სესხის სახით მიღებული 41000 აშშ დოლარის ამოღების მიზნით დადგინდა თ. და გ. ბ-ეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ა-აში მდებარე მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების) 1/2 ნაწილის რეალიზაცია;

რ. ჭ-ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით თ. ბ-ისათვის 67725 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12915 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ. ჭ-ე თ-ის (ყოფილი მ-ის) ქ.¹56-სა და 62-ს შორის მდებარე 500კვ.მ მიწის ნაკვეთის გაფორმებაში დახმარების გასაწევად დაუკავშირდა მოპასუხე თ. ბ-ეს. მოპასუხესთან მოლაპარაკების შედეგად, 2008 წლის 30 ივლისს გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც თ. ბ-ე დაპირდა მოსარჩელეს ზემოაღნიშნულ მისამართზე 500კვ.მ მიწის ნაკვეთის გაფორმებას, რომელიც უნდა მოეხდინა 45 დღეში, ხოლო სანაცვლოდ მოსარჩელეს უნდა გადაეხადა 215000 აშშ დოლარი;

2008 წლის 30 ივლისს გაფორმებული წერილობითი შეთანხმების (ხელწერილის) ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია არც ერთ მხარეს. ამ ხელწერილიდან ირკვევა, რომ სხვადასხვა პერიოდში, თ. ბ-ემ რ. ჭ-ისაგან მიიღო 206000 აშშ დოლარი, რომელიც წარმოადგენდა ქ.ბათუმში, თ-ის ქ¹56-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის გადასახდელ თანხას;

რ. ჭ-ესა და ნანული კონცელიძეს შორის ორჯერ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. კერძოდ, 2008 წლის 12 სექტემბერის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რ. ჭ-ემ ნანული კონცელიძისაგან შეიძინა ქ.ბათუმში თ-ის ქ.¹56-ში მდებარე 53.77კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებად ხელშეკრულებით განისაზღვრა 37000 ლარი; 2009 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების მიხედვით კი, რ. ჭ-ემ ნანული კონცელიძისაგან შეიძინა ქ.ბათუმში თ-ის ქ.¹56-ში მდებარე 257კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებად ხელშეკრულებით განისაზღვრა 70000 ლარი.

ზემოაღნიშნული ხელშკრულებების გაფორმებაში რ. ჭ-ეს დახმარებას უწევდა თ. ბ-ე, ხოლო ნასყიდობის თანხების გადახდა ხდებოდა იმ თანხებიდან, რაც რ. ჭ-ემ თ. ბ-ეს მისცა სულიად კონკრეტული დავალების შესასრულებლად;

2009 წლის 13 იანვარს რ. ჭ-ესა და თ. ბ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ. ბ-ემ რ. ჭ-ისაგან სესხად აიღო 41000 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თ. ბ-ისა და მისი შვილის გ. ბ-ის საკუთრებაში არსებული, სოფელ ა-აში მდებარე უძრავი ქონება;

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ. ჭ-ის მიერ თ. ბ-ისათვის გადაცემული 206000 აშშ დოლარიდან, 165000 აშშ დოლარი მიიღო ზემოხსენებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრემ (გამყიდველმა) ნანული კონცელიძემ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ გარემოებას ადასტურებდა საქმეში არსებული ნანული კონცელიძის განცხადება (ხელწერილი), რომლითაც დგინდება, რომ სხვადასხვა დროს მან რ. ჭ-ისაგან მიიღო 165000 აშშ დოლარი გასხვისებული მიწის ნაკვეთების საფასურად. აღნიშნული გარემოება ნანული კონცელიძემ დაადასტურა ასევე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებაში, კერძოდ, მან დაადასტურა, რომ სახლისა და მიწის მყიდველ ჭ-ისაგან აიღო 165000 დოლარი;

საქმეზე უდავოდ დგინდებოდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა-აში მდებარე იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთისა და შენობა- ნაგებობის თანამესაკუთრეები არიან თ. და გ. ბ-ეები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 3 თებერვლის ექსპერტის დასკვნით უდავოდ დგინდებოდა, რომ 2009 წლის იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე მესაკუთრის გრაფაში სიით მეორე რიგში გ. ბ-ის სახელითა და გვარით არსებული ხელმოწერა შესრულებული იყო არა გ. ბ-ის, არამედ სხვა პირის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე რ. ჭ-ესა და თ. ბ-ეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეფასებულიყო სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულებად. ამ მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დაკისრებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მიმნდობის სახელითა და ხარჯით. ამავე კოდექსის 715-ე მუხლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, აგრეთვე, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ რ. ჭ-ემ დავალების შესასრულებლად თ. ბ-ეს გადასცა 206000 აშშ დოლარი, საიდანაც 165000 აშშ დოლარი უშუალოდ მიიღო გამყიდველმა ნანული კონცელიძემ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ეს, როგორც დავალების ხელშეკრულების მხარეს დავალების მიმცემის, ანუ რ. ჭ-ისათვის უნდა დაებრუნებინა ის თანხა, რომელიც მას გადაეცა, მაგრამ არ გამოუყენებია მინდობილი მოქმედების შესასრულებლად ანუ 41000 აშშ დოლარი (206000 – 165000 = 41000).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის სახით თ. ბ-ემ რ. ჭ-ისაგან აიღო ასევე 41000 აშშ დოლარი. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარდგენილ შესაგებელზე, სადაც თ. ბ-ე განმარტავს: «ვაღიარებ, რომ 41000 ავიღე სესხის სახით; 41000 აშშ დოლარი სესხი მიღებული აქვს თ. ბ-ეს”_ აცხადებს წარმომადგენელი.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რაზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სესხის სახით თ. ბ-ისათვის 41000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად ჩათვალა რ. ჭ-ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით თ. ბ-ისათვის 67725 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის, ან უნდა გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ თ. ბ-ემ თავისთვის გამოიყენა 41000 აშშ დოლარი 206000 აშშ დოლარიდან, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა რ. ჭ-ისათვის, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი ვალდებული იყო თანხა მარწმუნებლისათვის დაებრუნებინა პროცენტთან ერთად. რამდენადაც თ. ბ-ე 21 თვის განმავლობაში ამყოფებდა თავისთან 41000 აშშ დოლარს უსაფუძვლოდ, მას უნდა დაებრუნებინა რ. ჭ-ისათვის 12915 აშშ დოლარი (41000 აშშ დოლარის 1.5%, 21 თვეზე გაანგარიშებით, თვეში 615 აშშ დოლარის გათვალისწინებით) (ტომი II, ს.ფ. 374-402).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრეა გ. ბ-ე, რომლის ხელმოწერაც, ექსპერტზის დასკვნის თანახმად, არ არსებობს იპოთეკის ხელშეკრულებაზე, ამიტომ ამ ნაწილში ეს ხელშეკრულება ბათლია სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. ჭ-ის მიერ თ. ბ-ისათვის სესხით სახით გადაცემული 41000 აშშ დოლარის ამოღება უნდა მოხდეს იპოთეკით დატთვირთული უძრავი ქონების 1/2 ნაწილიდან (თ. ბ-ის ნაწილიდან).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება თ. ბ-ისათვის ძირი თანხის 165000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის თანხის 54810 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე, იპოთეკის საგნის ნახევრის რეალიზაციაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს წინმსწრებ განჩინებასაც, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა.

კასატორის მოთხოვნა შემდეგ არგუმენტებზეა დაფუძნებული:

სასამართლომ, ნოტარიულად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ დაადგინა, რომ 301კვ.მ მიწის ნაკვეთში თ. ბ-ემ გახარჯა არა 107000 ლარი, არამედ 165000 აშშ დოლარი, შესაბამისად მოპასუხეს დააკისრა 41000 აშშ დოლარი, როგორც სხვაობა წაღებულ და გახარჯულ თანხებს შორის. სასამართლო დაეყრდნო ნანული კონცელიძის ნოტარიალურად დამოწმებულ განცხადებას, რომელიც მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით არ იქნა დაშვებული და ამოირიცხა მტკიცებულებებიდან, როგორც დაგვიანებით წარდგენლი. საქმის განხილვისას ნანული კონცელიძის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მან 301კვ.მ მიწის ნასყიდობაში მიიღო 107000 ლარი, ხოლო დარჩენილი 200კვ.მ ნაკვეთის სახელმწიფოსაგან შესასყიდად წინასწარ გამოართვა თ. ბ-ეს 100000 აშშ დოლარამდე, რომლის გასაყიდად გატანა უნდა უზრუნველეყო თ. ბ-ეს;

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მთლიანი თანხა უნდა დაეკისრებინა თ. ბ-ისათვის, ვინაიდან ასეთი იყო მხარეებს შორის შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს რ. ჭ-ის სასარგებლოდ გახარჯულად უნდა ჩაეთვალა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული 107000 ლარი და არა 165000 აშშ დოლარი;

კასატორი განმარტავს, რომ უძრავი ქონების გაფორმებული ნაწილის მიმართ არ გააჩნია არანაირი კომერციული ინტერესი, ვინაიდან იგი გზიდან მოშორებით მდებარეობს, მისი ღირებულება არათუ 165000 აშშ დოლარი, 107000 დოლარიც არ არის და მორიგების შემთხვევაში ის ამ თანხას დაუბრუნებს თ. ბ-ეს;

კასატორის მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგოა იპოთეკის საგნის ნახევარის რეალიზაციაზე უარი იმ საფუძვლით, რომ თითქოს მასზე არ არის მესაკუთრის გ. ბ-ის ხელწერა და იგი ბათილია. სასამართლოს არ აქვს უფლება გადაწყვეტილება მიიღოს ისეთ საკითხებზე, რაც პროცესუალურად არ არის მოთხოვნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ფორმით. გ. ბ-ეს არ გაუსაჩივრებია იპოთეკის ხელშეკრულება აღნიშნული მოტივით, მას არც შეგებებული სარჩელი წარმოუდგენია რ. ჭ-ის წინააღმდეგ, არც აღიარებითი სარჩელი დაუყენებია დოკუმენტის სიყალბეზე. ამდენად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ბათილად ეცნო იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილი მხოლოდ მოპასუხის განცხადების საფუძველზე;

სასამართლომ ფაქტობრივად პირველი ინსტანციით განიხილა საქმე, ვინაიდან უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა გ. ბ-ის შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმიდან გამოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საქალაქო სასამართლოში არ არსებობდა. იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლო არც ერთ მატერიალურ ნორმას არ იყენებს;

სარჩელის დაკმაყოფილების პარალელურად სასამართლომ უკანონოდ არ დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, მაშინ როდესაც საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფდა მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯის გაღებას;

სასამართლომ დაარღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 244-ე მუხლები, არასწორად დაადგინა საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობა. საპროცესო დარღვევებმა გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვითარება (ტომი 4, ს.ფ. 406-414).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% _ 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ რ. ჭ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% _ 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.