Facebook Twitter

ბს-289-275(კ-06) 27 სექტემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი – ჟ. გ-ა; წარმომადგენელი – ა. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბორჯომის რაიონის გამგეობა; წარმომადგენელი – მ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 24 აგვსიტოს ჟ. გ-ას წარმომადგენელმა ა. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბორჯომის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ბორჯომის რაიონის გამგეობის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹158 დადგენილებით ცვლილებები იქნა შეტანილი ამავე გამგეობის 2001 წლის 19 ივლისის ¹75, 2002 წლის 25 იანვრის ¹12, 2004 წლის 29 აპრილის ¹62 და 2000 წლის 16 მარტის ¹27 დადგენილებებში, რომლითაც გაუქმდა ჟ. გ-ასა და რაიონის გამგეობას შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 20.07 ჰა-ზე, მდებარე დიდ მიტარბში და 2,00 ჰა, 7.95 ჰა და 0.70 ჰა-ზე დაბა ბაკურიანში _ საძოვარ და სათიბ მიწის ფართობებზე.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული დადგენილება კანონსაწინააღმდეგოა, კერძოდ, დადგენილებაში მითითებულია, რომ მოიჯარე დანიშნულებისამებრ არ იყენებს ობიექტს და არღვევს ხელშეკრულების პირობებს, რაც მეიჯარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ერთპიროვნულად, იჯარის ვადის გასვლამდე, შეუწყვიტოს მოიჯარეს იჯარის უფლება. მოსარჩელის მოსაზრებით, ჯერ ერთი, დადგენილებაში მითითებული არ არის, თუ რაში გამოიხატება მოიჯარის მხრიდან იჯარით აღებული ობიექტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება ან ხელშეკრულებების სხვა პირობების დარღვევა, რადგან იჯარით აღებული ობიექტები წარმოადგენს სათიბ და საძოვარ სავარგულებს და სწორედ ამ მიზნით იყენებს მათ მოსარჩელე, მეორეც, თუკი ასეთი დარღვევა იქნებოდა, იმავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის «დ" ქვეპუნქტის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მეიჯარე ვალდებული იყო, წერილობით ეცნობებინა მოიჯარისათვის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, რაც გამგეობას არ განუხორციელებია.

ამასთან, ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ წამოჭრილ სადავო საკითხებს განიხილავს და წყვეტს სასამართლო და არა გამგეობა. ამას გარდა, ბორჯომის რაიონის გამგეობის მიერ 2005 წლის 2 აგვისტოს ¹158 დადგენილების მომზადებისა და გამოცემისას მთლიანად იქნა უგულებელყოფილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 52-ე და 95-ე მუხლების მოთხოვნები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ბორჯომის რაიონის გამგეობის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹158 დადგენილების ბათილად ცნობას.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჟ. გ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის რაიონის გამგეობის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹158 დადგენილება.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გარიგებაში მონაწილეობს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება ამავე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები თუ 557-558-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 557-558-ე მუხლებით ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა გამქირავებლის ინიციატივით დასაშვებია, თუ გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, დამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ან სამი თვის ვადაში არ გადაიხადა ქირა, ხოლო ის ფაქტი, რომ მოიჯარე დანიშნულებისამებრ არ იყენებს იჯარის ობიექტს და არღვევს ხელშეკრულების პირობებს, სადავო აქტში არ არის მითითებული და ბორჯომის რაიონის გამგეობას არც სასამართლოებისათვის წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ამასთან, რაიონული სასამართლოს განმარტებით, საიჯარო ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ წამოჭრილ საკითხებს განიხილავს და წყვეტს სასამართლო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული წარმოების წესის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევისას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კი, სასამართლოს მოსაზრებით, დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოების წესები, კერძოდ: სზაკ-ის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ -სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მოსარჩელისთვის კი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ უცნობებიათ კანონით დადგენილი წესით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის რაიონის გამგეობამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ ბორჯომის რაიონის გამგეობის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹158 დადგენილების ბათილად ცნობას საფუძვლად დაუდო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოსარჩელის მიერ კი წარმოდგენილი არ ყოფილა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს, რომ ასევე სადავო ადმინისტრაციული აქტი მომზადებულია და გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესების მოთხოვნების დარღვევით.

აპელანტის განმარტებით, ბორჯომის რაიონის გამგეობის 2001 წლის 19 ივლისის ¹75, 2000 წლის 16 მარტის ¹27, 2002 წლის 25 იანვრის ¹12, 2004 წლის 29 აპრილის ¹62 დადგენილებები მიღებულია კანონის დარღვევით, კერძოდ, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად: «საძოვრები მაღალმთიან რეგიონებში საერთო-სასოფლო და სათემო საკუთრებაა..... სათიბები არის საკომლო საკუთრება, მათY კომლთა შეთანხმების საფუძველზე ანაწილებს საკრებულო". იმ პერიოდში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე ჟ. გ-ან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, აღნიშნული კანონის 2000-2004 წლებში მოქმედი ნორმების შესაბამისად, რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, მაღალმთიან რეგიონში მდებარე სათიბ და საძოვარ სავარგულებზე გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება.

იჯარის სადავო ხელშეკრულებები დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას ხელშეკრულების პირობით გათვალისწინებული იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ბორჯომის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ჟ. გ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ბორჯომის რაიონის გამგეობასა და ჟ. გ-ას შორის დადებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებები, რომლებითაც ჟ. გ-ას იჯარით გადაეცა: 2001 წლის 16 ივლისს _ დაბა ბაკურიანის საკრებულოს ტერიტორიიდან 20.01 ჰა საძოვარი; 2002 წლის 16 აპრილს _ დაბა ბაკურიანის საკრებულოს ტერიტორიიდან 2.00 ჰა საძოვარი; 2004 წლის 17 მაისს _ ბაკურიანში, კოხტა გორაზე 7.95 ჰა საძოვარი 49 წლის ვადით. აღნიშნულ ხელშეკრულებებს საფუძვლად დაედო ბორჯომის რაიონის გამგეობის 2000 წლის 16 მარტის ¹27, 2001 წლის 16 ივლისის ¹75, 2001 წლის 25 იანვრის ¹12 და 2004 წლის 29 აპრილის ¹62 დადგენილებები.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, დაბა ბაკურიანის საკრებულომ შუამდგომლობით მიმართა ბორჯომის რაიონის გამგეობას, რის საფუძველზედაც ბორჯომის რაიონის გამგეობის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹158 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება რაიონის გამგეობის 2001 წლის 19 ივლისის ¹75, 2002 წლის 25 იანვრის ¹12, 2004 წლის 29 აპრილის ¹62 და 2000 წლის 16 მარტის ¹27 დადგენილებებში და გაუქმდა ჟ. გ-ასა და ბორჯომის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 20.07 ჰა-ზე მდებარე დიდ მიტარბში; 2.00 ჰა, 7.95 ჰა, 0.70 ჰა-ზე - დაბა ბაკურიანში _ საძოვარ და სათიბ მიწის ფართობებზე. ამავე დადგენილებით ეთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს, სათანადო ცვლილებები შეეტანა მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებში. დადგენილებაში აღინიშნა, რომ მოიჯარე დანიშნულებისამებრ არ იყენებს იჯარის ობიექტს და არღვევს ხელშეკრულების პირობებს, ასევე აღინიშნა, რომ, ვინაიდან დაბა ბაკურიანის ტერიტორია გამოცხადებულია სპორტული განვითარების ზონად და გაკეთებულია განაცხადი ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების თაობაზე, დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზება და მოიჯარეებს ეძლევათ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უპირატესი უფლება. მიწის იჯარის ხელშეკრულებები დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას ხელშეკრულებების პირობებით გათვალისწინებული შედეგები მოჰყვეს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იგი ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას დაირღვა სზაკ-ის 95.2 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან დასტურდება, რომ მოსარჩელეს ბორჯომის რაიონის გამგეობამ ზეპირი ფორმით აცნობა გამგეობის სხდომის შესახებ, ამასთან, მისივე განმარტებით, ბორჯომის რაიონის გამგეობაში არსებობს სპეციალური ადგილი გამგეობის სხდომების დღის წესრიგის გამოსაკრავად, მანვე სასამართლოს წარმოუდგინა გამგეობის 2005 წლის 2 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგი, რომელშიდაც მეშვიდე ნომრად შეტანილი იყო სადავო საკითხი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომა სზაკ-ის 32-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა, საქმის მასალებით არ დადასტურდა, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კი შეიცავს სზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს და დასაბუთებას. სადავო დადგენილების თანახმად, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია ის გარემოება, რომ მოიჯარე დანიშნულებისამებრ არ იყენებდა იჯარის ობიექტებს და ამით არღვევდა ხელშეკრულების პირობებს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე ჟ. გ-ა ეწევა ფერმერულ მეურნეობას, იჯარით აღებული მიწა მისთვის საჭიროებას წარმოადგენს და მას დანიშნულებისამებრ იყენებს, საქმის მასალებით არ დასტურდება.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იჯარის ხელშეკრულებები დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული შედეგები მოჰყვება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად კი ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. გ-ამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად იმავე გარემოებებზე აფუძნებდა, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. გ-ას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ბორჯომის რაიონის გამგეობასა და კასატორ _ ჟ. გ-ას შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებები, რომლითაც ჟ. გ-ას იჯარით გადაეცა: 2001 წლის 16 ივლისს დაბა ბაკურიანის საკრებულოს ტერიტორიიდან 0,70 ჰა სათიბი; 2001 წლის 8 აგვისტოს - ბაკურიანის საკრებულოს დიდი მიტარბის ტერიტორიიდან 20.01 ჰა საძოვარი; 2002 წლის 16 აპრილს - დაბა ბაკურიანის საკრებულოს ტერიტორიიდან 2.00 ჰა საძოვარი; 2004 წლის 17 მაისს ბაკურიანში, კოხტა გორაზე - 7.95 ჰა საძოვარი 49 წლის ვადით. აღნიშნულ ხელშეკრულებებს საფუძვლად დაედო ბორჯომის რაიონის გამგეობის 2000 წლის 16 მარტის ¹27, 2001 წლის 16 ივლისის ¹75, 2001 წლის 25 იანვრის ¹12 და 2004 წლის 29 აპრილის ¹62 დადგენილებები.

ბორჯომის რაიონის გამგეობის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹158 დადგენილებით ცვლილება შევიდა გამგეობის 2001 წლის 19 ივლისის ¹75, 2002 წლის 25 იანვრის ¹12, 2004 წლის 29 აპრილის ¹62 და 2000 წლის 16 მარტის ¹27 დადგენილებებში, რის საფუძველზეც გაუქმდა ჟ. გ-ასა და ბორჯომის გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე.

სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია ბორჯომის გამგეობის 2005 წლის 2 აგვისტოს ¹158 დადგენილება, როს გამოც მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

კასატორ ჟ. გ-ას წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების პრინციპები: გამოკვლეული და შესწავლილი არ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და უზრუნველყოფილი არ იქნა ჟ. გ-ას ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილია ადმინისტრაციული წარმოების დროს. მაგრამ, იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას გამგეობის მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბორჯომის რაიონის გამგეობის მხრიდან გასაჩივრებული დადგენილების მიღების საფუძვლად იქცა დაბა ბაკურიანის საკრებულოს მიმართვა, რომლითაც ეს უკანასკნელი ადასტურებდა მიწის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტს და მეიჯარის წინაშე შუამდგომლობდა იჯარის ხელშეკრულებების გაუქმების საკითხის განხილვის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გამგეობის შენობაში გამოკრული იყო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან მიმართებაში კასატორი ვერ წარმოადგენს დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რაც, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მითითებული ფაქტობრივი გარემოება მიიჩნიოს დადგენილად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსებას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და მითითებული მუხლის დაბულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გამგეობის მხრიდან არ დასტურდება საჯაროობის პრინციპის დარღვევა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სადავო საკითხების სასამართლო წესით გადაწყვეტის სავალდებულობის თაობაზე, აღნიშნულის შესახებ საკასაციო სასამართლო განმარტავს, ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არ ერთმევა უფლება, ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან და იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მე-2 მხარე არ ეთანხმება ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებს, ამ უკანასკნელს ეძლევა შესაძლებლობა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება აქციოს სასამართლოს მსჯელობის საგნად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.