ას-988-1021-2011 29 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემდგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ მ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება; მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. ი-ს თ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა თ. ბ-ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 334 ლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 26 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2011 წლის 29 დეკემბერს მ. ი-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ სახელმწიფო ხაზინაში შეცდომით გადარიცხული სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ი-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ი-ს დაეკისრა თ. ბ-ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 334 ლარის გადახდა.
განცხადებაზე დართული მტკიცებულებებითY დასტურდება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მ. ი-მა თ. ბ-ას სასარგებლოდ დაკისრებული თანხა შეცდომით ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მ. ი-ის განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მ.ი-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ხაზინაში არასწორად ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
მ. ი-ს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა – 334 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.