ას-1121-1148--2011 12 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ის მიმართ 4500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხესთან დადო ზეპირი ფორმის სესხის ხელშეკრულება, მსესხებელს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად ძირითადი თანხის 5%, რასაც იგი თავს არიდებს.
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, გადაიხადა 2000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება დადო არა ა. ნ-თან, არამედ ლ. ვ-თან. მოსარჩელე იყო მხოლოდ მაკლერი. ვალდებულების შესრულების მიზნით მას გადახდილი აქვს 3340 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ს დაეკისრა ა. ნ-ის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. კ-ს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3525 აშშ დოლარი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში დ. კ-თან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს საკუთრებაში გადაეცა 4500 აშშ დოლარი. სესხისათვის გათვალისწინებულ იქნა სარგებელი თვეში 5%-ის ოდენობით. დ. კ-მა 4500 აშშ დოლარი მიიღო ა. ნ-ისაგან, ასევე მასვე გადასცა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარკვეული თანხა. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ დ. კ-ისაგან მიღებული აქვს 1200 აშშ დოლარი. აპელანტის მითითება, რომ მის მიერ ა. ნ-ის მიერ გადაცემული თანხიდან დაბრუნებულ იქნა 3340 აშშ დოლარი, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების მტკიცებისას დ. კ-ი შემოიფარგლა ზეპირი განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით.
პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების თვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც მოცემულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება.
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა.
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი.
4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე თანხის გადახდაზე ვადამოსული ვალდებულების არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას, მისი როგორც შესაგებლის საუძველისა და ამასთან, პოზიტიურად მტკიცების ობიექტის დადასტურება ეკისრება მოპასუხეს. პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, განმარტა: ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე. შესაბამისად, მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურება უნდა განეხორციელებინა მისი ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტით, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა.
დ. კ-ი სადავოდ ხდის მას და ა. ნ-ს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას და განმარტავს, რომ მართალია, ფული ისესხა ა. ნ-ისაგან, მასვე შეუსრულა ნაწილობრივ ვალდებულება, მაგრამ ა. ნ-ი მას და ლ. ვ-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში წარმოადგენდა შუამავალს, შესაბამისად დ. კ-ს მიაჩნია, რომ კრედიტორს წარმოადგენს ლ. ვ-ი. აპელანტის მოსაზრება, რომ მასსა და ა. ნ-ს მხოლოდ სესხთან დაკავშირებული საშუამავლო ურთიერთობა ჰქონდა, სამოქალაქო კოდექსის 751-752-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ასეთი სახის ურთიერთობის წარმოშობისათვის კანონი იმპერატიულად ადგენს წერილობითი ფორმის ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას.
დადგენილი გარემოებებისა და სამოქალაქო კოდექსის 623-626-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დ. კ-ს თანხის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ წარმოეშვა ვალდებულება, დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა – 4500 აშშ დოლარი და 1 თვის სარგებელი აღნიშნული თანხის 5% – 225 აშშ დოლარს, სულ 4725 აშშ დოლარს. გამომდინარე იქიდან, რომ დ. კ-მა ა. ნ-ს გადაუხადა 1200 აშშ დოლარი, მას გადასახდელი დარჩა 3525 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ მოპასუხისათვის 3525 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:Lსააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მცდარი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თითქოს დ.კ-მა ფული ისესხა ლ.ვ-ისაგან. ამასთანავე, სასამართლომ არასწორად შეაფასა ლ.ვ-ის მიერ დაწერილი ხელწერილი, ისევე როგორც დ.კ-ის ჩანაწერი, თითქოს მან ა.ნ-ისაგან ისესხა თანხა: ნ-ი იყო მხოლოდ შუამავალი. გარდა ამისა, ა.ნ-ისთვის გადასახდელი თანხა არასწორად დაანგარიშდა. ნ-ისათვის დ.კ-ს გადახდილი აქვს 3340 აშშ დოლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 623-ე და 625-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.