ას-1510-1518-2011 15 დეკემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. კ-ე, თ. კ-ე, თ. გგ-ი, თ. გ-ა, დ. დ-ი, ი. ს-ე- დ-ი, დ. ც-ე, მ. გ-ი, ლ. გ-ი, ნ. ვ-ე, მ. ს-ა, თ. ს-ე, ლ. წ-ე, თ. ჩ-ე, ზ. ბ-ი, ნ. პ-ე, თ. კ-ე, მ. ე-ჭ-ა, მ. ჯ-ე, ლ. ნ-ა, ს. ა-ე, ლ. მ-ის უფლებამონაცვლები _ ნ. ს-ე და გ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. რ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საბინაო ამხანაგობა “ქ-ი 17-ის” მიმართ ამხანაგობა “ქ-ი 17-ის” 2003 წლის 15 თებერვლის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სარჩელი 2003 წლის 15 თებერვლის ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ქ-ი 17-ის” საერთო კრების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მისთვის კანონით დადგენილი წესით არ უცნობებიათ კრების ჩატარების შესახებ. მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, კრება ჩატარდა კანონის დარღვევით და ასევე კანონის დარღვევით მიეკუთვნა მას 57.81 კვ.მ. ფართის ბინა, როდესაც ოფიციალურად გაწევრიანებული იყო ამხანაგობაში ოთხოთახიანი ბინის აშენების მიზნით.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნ. რ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილება და ნ. რ-ას სარჩელი დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქალაქო საბჭოს აღმასკომის 04.05.89 წლის გადაწყვეტილებით ვაკის რაიონში ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ქ-ი 17”;
თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 28.04.1993 წლის გადაწყვეტილებით მიღებული იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და თანახმად ამხანაგობის მიერ წარდგენილი ოქმისა დამტკიცებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ქ-ი 17”-ის წევრად ნ. რ-ა _ (3 სული: თვითონ და ორი შვილი) ოთხოთახიან ბინაზე (ტ.1, ს.ფ. 23);
2003 წლის 15 თებერვალს მოწვეული იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ქ-ი 17”-ის წევრთა საერთო კრება, რომელზეც გადაწყდა ამხანაგობის წევრებზე საცხოვრებელი ფართის გამოყოფის საკითხი. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრებს ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოეყოთ ქ. თბილისში, ქ-ის ქ. ¹17-ში მდებარე ბინები. მათ შორის ნ. რ-ას _ ბინა ¹23, მეცხრე სართულზე, საერთო ფართით 57,81 კვ.მ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საერთო საქმიანობის გაძღოლის მიზნით, პირთა გაერთიანება (ამხანაგობა) წარმოადგენს ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომლის უფლება-ვალდებულებები განისაზღვრება ხელშეკრულებით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან მეტი პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით იურიდიული პირის შეუქმნელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლიზე და აღნიშნა, რომ ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) იქმნება მონაწილეთა შენატანების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მისი განმარტებით, შენატანის საფუძველზე განისაზღვრება ამხანაგობის წევრის წილი ამხანაგობის საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებულ შემოსავალში (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს).
მოსარჩელე 2003 წლის 15 თებერვლის კრების ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს იმ მოტივით, რომ ის გაწევრიანებული იყო ამხანაგობაში ოთხოთახიანი ბინის მიღების უფლებით, ხოლო საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მასზე უკანონოდ იქნა მიკუთვნებული 57,81 კვ.მ. ფართის ბინა. სარჩელის მიმართ იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღდგება 2003 წლის 15 თებერვალს არსებული მდგომარეობა და ახალი კრების მოწვევით გადაწყდება განხორციელებული შენატანის პროპორციულად ბინების განაწილების საკითხი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დავის საგნის მიმართ იურიდიულ ინტერესის არსებობის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი არ გამომდინარეობდა მოსარჩელისათვის რაიმე ქონებრივი სიკეთისა და შეღავათების მიღებაში, ვინაიდან ცხადი იყო, რომ ამხანაგობის საერთო კრების 2003 წლის 15 თებერვლის ოქმის ბათილად ცნობას რაიმე დადებითი იურიდიული შედეგი მისთვის არ მოჰყვებოდა, რადგან მოსარჩელე ვერ მიიღებდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. ანუ მისთვის ქონებრივი შედეგი არ დადგებოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. რ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არამართებული იყო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი არ გამომდინარეობდა მოსარჩელისათვის რაიმე ქონებრივი სიკეთისა და შეღავათების მირებაში და სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობას არ მოჰყვებოდა რაიმე დადებითი იურიდიული შედეგი, ვინაიდან არ დადგებოდა მოსარჩელის მიმარეთ ქონებრივი შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. რ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ დასაბუთებულია, ანუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე იკვეთება მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო კრების ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის წევრებს გამოეყოთ კონკრეტული ბინები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ მისი იურიდიული ინტერესია ახალი კრების მოწვევა და ოთხოთახიანი ბინის გამოყოფა ამხანაგობის ქონებიდან. თავისი იურიდიული ინტერესის ასეთი ფორმულირებით მოსარჩელემ გამოკვეთა საბოლოო მიზანი. ახალი კრების მოწვევა არ წარმოადგენს გარანტიას მოსარჩელისათვის, რომ კრებაზე მისთვის სასურველი შედეგი დადგება და შესაძლებელია დავა მხარეთა შორის გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც, მომავალში დადგება მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის აუცილებლობა. აღნიშნული მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელი არ არის ერთადერთი მოსარჩელის დარღვეული უფლებების დაცვისთვის. ასევე, დადგენილია, რომ კრების ოქმის საფუძველზე ბინები აღრიცხულია მოპასუხეთა საკუთრებაში. რიგ შემთხვევებში ბინები გასხვისებულია მესამე პირებზე. ამდენად, კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, 2003 წლის 15 თებერვალს არსებული მდგომარეობის აღდგენა მოცემულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით ვერ იქნება მიღწეული. ამდენად, მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ არის შესაძლებელი აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით. მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. რ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. რ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინება
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.