ას-1533-1539-2011 26 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ე-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი მოპასუხეების _ დ. ე-ასა და მ. ე-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ჩამოერთვათ მშობლის უფლება-მოვალეობები მათი შვილების: 2000 წლის 21 აგვისტოს დაბადებული მმ. ე-ას და 2001 წლის 21 აგვისტოს დაბადებული ა. ე-ას მიმართ (ტომი I, ს.ფ. 307-315).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ე-ამ (ტომი I, ს.ფ. 325-333).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გაჩინებით დ. ე-ას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, ამავე განჩინებით აღნიშნული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით დ. ე-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში მის მიერ ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. გარდა ამისა, აპელანტს დაევალა წარედგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი ცნობები, წინააღმდეგ შემთხვევაში – 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დ. ე-ას 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა;
2011 წლის 20 სექტემბერს დ. ე-ამ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, მაგრამ სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დ. ე-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით გაუგრძელდა;
2011 წლის 10 ოქტომბერს დ. ე-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადის 10 დღით გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დ. ე-ას სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის დანაწესი იმპერატიული არ არის და არ ავალდებულებს სასამართლოს, ყველა შემთხვევაში გააგრძელოს მის მიერ დანიშნული ვადა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალოდ კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.
კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, ვინაიდან შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო. მას თან არ ერთვოდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებას აპელანტის ფინანსური უსახსრობის თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა დაწესებული ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ტომი III, ს.ფ. 39-41).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დ. ე-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლოს წარედგინა დოკუმენტი სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში აპელანტის რეგისტრაციის თაობაზე, ამიტომ მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება არასწორია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპელანტმა არაერთხელ ითხოვა სასამართლოს მიერ მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, რის საფუძვლადაც მიუთითა მის ოჯახურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა (ტომი III, ს.ფ. 44).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ე-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აპელანტმა არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი ოჯახური მდგომარეობა და გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი. ასეთი ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ასევე სასამართლოს ინიციატივით. მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს, კერძოდ, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ორჯერ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა მითითებულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის ათი დღით გაგრძელების თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას და არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა მისმა ოჯახურმა მდგომარეობამ, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე წარდგენილი დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აპელანტის რეგისტრაციის შესახებ, იძლეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. «სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001. ამ ნორმათა მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ქულის - 57001-ის ტოლია ან ნაკლებია მასზე. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის სარეიტინგო ქულა (სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი) შეადგენდა 134380-ს. შესაბამისად, იგი არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «მ1» ქვეპუნქტის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად დ. ე-ას სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ე-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.