ას-1715-1698-2011 30 დეკემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «ს. რ-ა»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ო-ა»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 14 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს «ს. რ-ამ» მოპასუხე შპს «ო-ის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2007 წელში დანიშნულების ქობულეთის სადგურში ტრანსპორტირებული ტვირთისათვის შპს «ს. რ-ის» მიერ დამატებით რ-ის კუთვნილი სამანევრო სალოკომოტივო მომსახურეობისათვის განსაზღვრული ღირებულების 1193.17 ლარის გადახდა (ს.ფ. 2-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 95-99).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს. რ-ამ» სააპელაციო წესით გაასაჩივრა (ს.ფ. 103-112).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში შპს «ო-ის» სახელზე შესული ღორღით დატვირთული ვაგონები დაიცალა ქობულეთი-ჩაქვის გადასარბენის მე-19 კმ-ზე. შპს «ო-ს» აპელანტისათვის მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
პალატამ განმარტა, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია აპელანტის სარჩელი დაუსაბუთებლად. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: სადგურ ქობულეთის დორექტორის ახსნა-განმარტებითი ბარათით, ამ ბარათის დანართითა და ე.წ. შესწორების ვაუჩერებით დასტურდებოდა აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 2007 წლის შემოდგომაზე მომსახურების გაწევის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია შპს «ს. რ-ის» მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. პალატამ მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის საბოლოო ანგარიშსწორებას ტვირთმიმღები ახორციელებს დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის მიტანის შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება და შესაბამისად აპელანტს მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ 2007 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2011 წლის 01 მარტს, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა 2011 წლის 11 ივნისს, რის გამოც მოთხოვნა იყო ხანდაზმული (ს.ფ. 171-177).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება შპს «ს. რ-ამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
შპს «ო-ს» გადახდის ვალდებულება წარმოეშვა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა საგზაო უწყისის სახით. სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით «გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი». ამდენად, გადაზიდვის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და მოპასუხე ვალდებულია ვადაიხადოს გადაზიდვის მომსახურების საფასური. კასატორი მიუთითებს, რომ შპს «ს. რ-ამ» გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სარკინიგზო კოდექსის დანაწესები ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ და დაეკმაყოფილებინა სარჩელი (ს.ფ. 180-187).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს «ს. რ-ას» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% _ 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.