ას-380-353-2010 5 დეკემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ შპს «კ-ას» დირექტორი მ. ვ-ა
წარმომადგენელი _ ნ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ე
წარმომადგენელი – მ. ღ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «კ-ას» დირექტორმა მ. ვ-ამ მ. ს-ისა და ნოტარიუს მ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 500 000 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე 2003 წლის 27 მაისის ¹... ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა და მ. ს-ისათვის 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ხ. ს-ე ჩაება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «კ-ას» დირექტორ მ. ხ-ე-ვ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ. ს-ეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 308756 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაეკისრა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი მ. ს-ესა და ხ. ს-ეს შორის 2003 წლის 27 მაისს გაფორმებული ¹... ჩუქების ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2006 წლის 24 ივლისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
იმავე სასამართლოს 2010 წლის 17 მარტის განჩინებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ქ. მოსკოვის ფირმა «კ-ა მ-ს» სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, ქ. ოზურგეთში, ა-ის ქ. ¹120-ში მდებარე შპს «...კომპანია გ-ას» ყადაღა მოეხსნა.
აღნიშნული განჩინება შპს «კ-ას» დირექტორმა მ. ვ-ამ გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლო ტენდენციური იყო საქმის განხილვისას. სასამართლომ იმგვარად განახორციელა 3 წლის წინ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება, რომ საქმის მასალები არ შეუსწავლია და არ გაურკვევია, ვის სახელზე ირიცხებოდა ...კომპანია. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ობიექტურად საფუძვლიანი იყო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «კ-ას» დირექტორ მ. ვ-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინება.
ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «კ-ას» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, ასევე 2010 წლის 11 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, კანონიერ ძალაში შედის უკვე აღსრულებული 2006 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ეს გარემოება კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღდგენის სამართლებრივ ინტერესს გამორიცხავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «კ-ას» დირექტორ მ. ვ-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.