Facebook Twitter

ას-1118-1145-2011 10 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ი

მესამე პირი _ ლაგოდეხის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი ზ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება მისთვის ანდერძით დატოვებული ქონების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, 2000 წლის 5 დეკემბერს თ. ა-მა მოსარჩელეს უანდერძა ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ფლობდა და განკარგავდა ანდერძით მისთვის დატოვებულ Oოთახს და წარმოადგენს მის მესაკუთრეს. 2009 წლის 20 თებერვალს მისამა ბებიამ _ მოპასუხე ჯ. ა-მა მოსარჩელისაგან მალულად მიიღო სამკვიდრო მოწმობა თ. ა-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის იმ ოთახზე, რომელიც მისთვის ანდერძის საფუძველზე ნ. ა-ის საკუთრებას წარმოადგენს. ჟ. ა-მა მთელი ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავის სახელზე და აჩუქა შვილს _ ქ. ა-ს, რომელმაც ქონება საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აღრიცხა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ნ. ა-ს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სამკივდრო ქონება არ მიუღია არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით. ვინაიდან ამჟამად გასულია კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ვადა, შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ აქვს უფლება, მოითხოვოს სამკვიდრო მოწმობის გაუქმება.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი ჯ. ა-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ნ. ა-ი მამკვიდრებლის _ თ. ა-ის შვილიშვილია, ხოლო მოპასუხე ჟ. ა-ი _ მეუღლე;

თ. ა-ი გარდაიცვალა 2008 წლის 26 მაისს. გარდაცვალების მომენტისათვის მის სახელზე ირიცხებოდა ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი.

2000 წლის 05 დეკემბერს თ. ა-მა ნ. ა-ს უანდერძა ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი.

თ. ა-ს დარჩა კანონისმიერი მემკვიდრეები: მეუღლე ჟ. ა-ი და შვილი ქ. ა-ი. პირველი რიგის მემკვიდრეა ასევე მოსარჩელე ნ. ა-ი, რადგან სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მისი მშობელი.

თ. ა-ის სამკვიდრო ქონებაზე, კერძოდ, ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, 2009 წლის 20 თებერვალს ჟ. ა-მა მიიღო კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

2009 წლის 18 ნოემბერს ჟ. ა-მა, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე.

2010 წლის 08 სექტემბერს, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ჟ. ა-მა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება აჩუქა თავის შვილს _ ქ. ა-ს, რომელმაც საჩუქრად მიღებული ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავის სახელზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ა-სა და მისი ოჯახის წევრებს არასოდეს უცხოვრიათ სადავო სახლში. იგი ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის, სოფელ რ-ში.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნ. ა-ს, როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს, თ. ა-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობა არ მიუღია. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მამკვიდრებელი გარდაიცვალა და შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა 2008 წლის 26 მაისს, ამიტომ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ იგი, 2008 წლის 28 ნოემბრამდე, კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა სადავო ქონებას. მოპასუხის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. ა-ი ანდერძით დატოვებულ სამკვიდრო ქონებას ფლობს და მართავს მხოლოდ 2009 წლის სექტემბრიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს _ ნ. ა-ს, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე-1320-ე, 1421-ე, 1433-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლაგოდდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნია, რომ ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ უნდა გაუქმებულიყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილევლად უნდა დაბრუნებულიყო იმავე სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელში დაყენებული მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის გაუქმების თაობაზე, წარმოადგენდა აღიარებითი ხასიათის სარჩელს, შესაბამისად, თუ მოსარჩელე მხარე მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით შემოიფარგლება და არ სურს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 180-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სარჩელის მოთხოვნის _ 2009 წლის 20 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მიმართ; კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა გამოერკვია მოსარჩელის კონკრეტულად რა უფლება იქნა დარღვეული, რაში მდგომარეობს მისთვის სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი და შესაბამისად, რა სამართლებრივი შედეგი დადგება მისთვის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენას უკავშირდება საბოლოოდ მოცემული დავის შედეგიც.

პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იკვლევს, თუ რაში გამოიხატება სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რა სამართლებრივ შედეგს უკავშირებს მოსარჩელე მის გაუქმებას და რამდენად გამომდინარეობს ეს შედეგი აღნიშნული მოწმობის გაუქმებიდან.

მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების და მიკუთვნებით სარჩელზე მითითების შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები _ მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის ს.ფ. 102-ზე წარმოდგენილი მოწმის _ ბ. გ-ის ჩვენება, ასევე სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარეთა ახსნა-განმარტებები, კერძოდ, მოპასუხემ _ ჟ. ა-მა დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ა-ს სურდა სამკვიდრო ქონების მიღება და ამისათვის ნოტარიუსისთვის მიმართვა, მისი ინიციატივით ამ მიზნით ერთად მივიდნენ კიდეც კონსულტაციაზე ნ. ფ-თან; შეიტყვეს რა დოკუმენტები იყო საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად და ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჟ. ა-ის განმარტებით, იგი არ გაჰყვა ნ. ა-ს საჯარო რეესტრში და შემდგომში მხოლოდ თვითონ, ნ. ა-ისგან დამოუკიდებლად და მისთვის შეუტყობინებლად, მივიდა საჯარო რეესტრშიც და ნოტარიუსთანაც (ს.ფ. 119); ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულ სასამართლოს უნდა ემსჯელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მიიღო თუ არა მოსარჩელე ნ. ა-მა სამკვიდრო ქონება. ამ გარემოების დადგენას დავის გადაწყვეტისათვის გააჩნია არსებითი მნიშვნელობა და მასზე უშუალოდაა დამოკიდებული აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების გზით მიიღწევა თუ არა ის შედეგი, რომლის დადგომაც სურს მოსარჩელეს.

გარდა ამისა, სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ჟ. ა-მა, როგორც მესაკუთრემ და მჩუქებელმა, აჩუქა შვილს ქ. ა-ს, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ლაგოდეხი, ... ქუჩა ¹31, სართული I, ბინა I; აპელანტის განმარტებით, სახლი ორსართულიანია და ნ. ა-ის მფლობელობაშია II სართულზე არსებული ფართის ის ნაწილი, რომელიც პაპამ _ თ. ა-მა მას უანდერძა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორის შეფასებით, მის მიერ ანდერძით მიღებული ქონება არ არის აღრიცხული ქ. ა-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ანდერძით, სამკვიდრო მოწმობით, ჩუქების ხელშეკრულებით, დგინდება, რომ თ. ა-მა მოსარჩელე ნ. ა-ს უანდერძა თავისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ლაგოდეხში, ... ქუჩა, ¹31-ში, ერთი ოთახი (ტ. I. ს.ფ. 11). ამასთან, თ. ა-ის სამკვიდრო ქონებას, რომელზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, წილობრივი მონაცემები 112 (ტ. I. ს.ფ. 14); ჟ. ა-მა, როგორც მესაკუთრემ და მჩუქებელმა, ეს ქონება აჩუქა შვილს _ ქ. ა-ს (ტ. I. ს.ფ. 12). საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ ასევე დგინდება, რომ თ. ა-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, წილობრივი მონაცემებით 112 კვ.მ. (ტ. I. ს.ფ. 18). აღნიშნულს ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმა (ტ. I. ს.ფ. 27-28).

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს სრულყოფილად უნდა შეესწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარის მიერ მიკუთვნებით სარჩელზე მითითებისა და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, გამოერკვია ნ. ა-ი რეალურად სადავოდ ხდიდა თუ არა ჩუქების ხელშეკრულებას და გააჩნდა თუ არა პრეტენზია ქ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მის ნაწილზე), რომლის საერთო ფართი ასევე 112 კვ.მ.-ია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. I. ს.ფ. 25).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ უნდა გაუქმებულიყო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებულიყო იმავე სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა თავისი იურიდიული ინტერესი მოცემულ დავაში, სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა მიჩნეული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან პირიქით, აღნიშნული სწორედ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ჯ. ა-მა დაადასტურა გარემოება, რომ მოსარჩელეს _ ნ. ა-ს სურდა სამკვიდრო ქონების მიღება და ამისთვის ნოტარიუსისათვის მიმართვა, ასევე არასწორია, ვინაიდან მოცემული გარემოება დეტალურად იქნა გამოკვლეული, რა დროსაც დადგინდა, რომ ნოტარიუსთან ან სხვა ორგანოში წასვლის სურვილი მოსარჩელეს გაუჩნდა მხოლოდ 2009 წელს, ხოლო ჯ. ა-მა არაერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის განმავლობაში ნ. ა-ს მასთან ან «სამკვიდროსთან» ურთიერთობა არ ჰქონია. ასევე უმართებულოა, პალატის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დეტალურად უნდა იქნას გამოკვლეული მოწმე ბ. გ-ის ჩვენება, რომელიც განმარტავდა, რომ მისი შვილები ემზადებოდნენ ნ. ა-თან, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან და თავად მოსარჩელის ჩვენებასთან, რომლის თანახმად, მან მუშაობა დაიწყო 2009 წელს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან იგი ვალდებული იყო დავა განეხილა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, აღნიშნული საკითხები კი, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.

კასატორის აზრით, ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ რაიონულ სასამარლოს უნდა გამოეკვლია დოკუმენტაცია სადავო სახლთან მიმართებაში, ვინაიდან აპელანტი უთითებდა, რომ ჯ. ა-მა მემკვიდრეობით მიიღო და გააჩუქა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ხოლო ნ. ა-ს გააჩნია პრეტენზიები სახლის მე-2 სართულთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით უმართებულოა, აღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა განსახილველ გარეომოებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, რის შედეგადაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება (განჩინება), კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ პროცესუალური შესაძლებლობა: რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, პირველ ინსტანციაში გადააგზავნოს საქმე, თუ მნიშვნელოვნად დაირღვა საპროცესო კანონები, რაც ართულებს საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში.

ამასთან ერთად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო არ უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასარკვევ იმ საკითხთა წრეს, რომლის გარკვევა მას არ შეუძლია (ან არ არის მიზანშეწონილი, მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უხეში პროცესუალური დარღვევების გამო, შეზღუდა პროცესუალური მხარის უფლებები, რომლის რეალიზაციასაც ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სამართალწარმოება და ა.შ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს თვითონ შეეძლო გამოეტანა გადაწყვეტილება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლში აღნიშნული იურიდიული ინტერესის არსებობის განსაზღვრა წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსარჩელის მოთხოვნაზე და მოთხოვნის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელში დაყენებული მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის გაუქმების თაობაზე, წარმოადგენდა აღიარებითი ხასიათის სარჩელს, შესაბამისად, თუ მოსარჩელე მხარე მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით შემოიფარგლება და არ სურს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 180-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სარჩელის მოთხოვნის _ 2009 წლის 20 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მიმართ; კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა გამოერკვია მოსარჩელის კონკრეტულად რა უფლება იქნა დარღვეული, რაში მდგომარეობს მისთვის სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი და შესაბამისად, რა სამართლებრივი შედეგი დადგება მისთვის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენას უკავშირდება საბოლოოდ მოცემული დავის შედეგიც.

აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით აღიარებითი სარჩელისათვის გათვალისწინებული იურიდიული ინტერესის არსებობა უპირველეს ყოვლისა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ იმ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესებით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. ამდენად, აღიარებითი სარჩელისათვის აუცილებელი იურიდიული ინტერესის განსაზღვრის კრიტერიუმს წარმოადგენს არა მხარის მითითება არსებულ ინტერესზე, არამედ იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით მოცემული წინაპირობები, რომლებიც იწვევენ აღიარებითი სარჩელით განსაზღვრულ შედეგს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

მოსარჩელე ნ. ა-ის მოთხოვნას წარმოადგენს ჯ. ა-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება მისთვის ანდერძით დატოვებული ქონების ნაწილში. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ანდერძით, სამკვიდრო მოწმობით, ჩუქების ხელშეკრულებით, დგინდება, რომ თ. ა-მა მოსარჩელე ნ. ა-ს უანდერძა თავისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ლაგოდეხში, ... ქუჩა, ¹31-ში, ერთი ოთახი (ტ. I. ს.ფ. 11). ამასთან, თ. ა-ის სამკვიდრო ქონებას, რომელზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, წილობრივი მონაცემები 112 (ტ. I. ს.ფ. 14); ჟ. ა-მა, როგორც მესაკუთრემ და მჩუქებელმა, ეს ქონება აჩუქა შვილს _ ქ. ა-ს (ტ. I. ს.ფ. 12). საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ბინის/არასაცხოვრებელი ფართის შესახებ ასევე დგინდება, რომ თ. ა-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ლაგოდეხში, ... ქ. ¹31-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, წილობრივი მონაცემებით 112 კვ.მ. (ტ. I. ს.ფ. 18). აღნიშნულს ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმა (ტ. I. ს.ფ. 27-28).

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ თ. ა-ის საკუთრებაში არსებული მთელი სამკვიდრო ქონება მიიღო მის მეუღლემ ჯ. ა-მა, რომელმაც მიღებული ქონება მთლიანად აჩუქა ქ. ა-ს. შესაბამისად საქმის მასალებიდან გამომდინარე არ იკვეთება, რომ ჯ. ა-ის მიერ მიღებული თ. ა-ის სამკვიდროში და შემდეგ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ა-ის მიერ მიღებულ ქონებაში არ შევიდა ანდერძით გათვალისწინებული ქონება (სადავო საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ლაგოდეხში, ... ქუჩა, ¹31-ში, ერთი ოთახი).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნაზე, რაც მის მიერ საბოლოოდ დაზუსტდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე (ტ.I ს.ფ. 101), კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს სამკვიდრო მოწმობის გაუქმებას, მაგრამ სადავოდ არ ხდის ჩუქების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე, სადავო ქონება წარმოადგენს ქ. ა-ის საკუთრებას. შესაბამისად, ანდერძით გათვალისწინებული ქონების ნაწილში სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შემთხვევაში იმ იურიდიული ინტერესესის მიღწევა, რომლითაც შესაძლებელია ანდერძით დატოვებული ქონების საკუთრებაში მიღება და მემკვიდრის უფლების აღდგენა, შეუძლებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მოსარჩელე ნ. ა-ის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელით (ჯ. ა-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება მისთვის ანდერძით დატოვებული ქონების ნაწილში) არ მიიღწევა მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ჯ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.