Facebook Twitter

ას-1236-1256-2011 3 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ო. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ძ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ძ-ისა და კ. ხ-ის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის _ 7478 ლარისა და პროცენტის _ 2073,54 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის მაისიდან მოსარჩელე აწვდიდა მოპასუხეებს ვენახის შხამქიმიკატებს, რისი ღირებულებაც მათ მოგვიანებით უნდა გადაეხადათ. მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. ხ-ის მიმართ სარჩელს უარი ეთქვა, ო. ძ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7478 ლარისა და 2073,54 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც ო. ძ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ძ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოსაგან განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენილობის გამო. ამავე პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით კი, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ო. ბ-ის მიერ შეტანილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ო. ძ-ის სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა ო. ბ-ის მეუღლე ც. ბ-ს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ ხსენებული დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებად ჩათვალა.

პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა ო. ბ-ის მითითება, რომ 2011 წლის 13-14 მარტს იგი იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, იქიდან დაბრუნებული პარტნიორთან ერთად ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით იყო ქ.თბილისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მხოლოდ 24 მარტს დაბრუნდა შინ.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობა ვერ დაასაბუთა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო. ბ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი, როდესაც სასამართლო გზავნილის ც. ბ-ისათვის ჩაბარება თავად ო. ბ-ისათვის მის ჩაბარებად ჩათვალა, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეუღლემ სადავო გზავნილი მხარეს დროულად ვერ გადასცა.

საქმეში წარმოდგენილი ო. ბ-ის პასპორტის ქსეროასლითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მხარე 2011 წლის 13-14 მარტს იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ხოლო 14 მარტიდან _ ქ.თბილისში საქმეზე. შესაბამისად, მისთვის გზავნილის არსებობა ცნობილი არ იყო.

ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის დადასტურება ვერ შესძლო და არასწორად არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო პალატა საქმის განხილვისას სარგებლობს კანონით პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის განკუთვნილი ნორმებით გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ხდება სპეციალური, უშუალოდ ამ ინსტანციისათვის დადგენილი ნორმების საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას საქმის განხილვაზე აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

ამდენად, კანონის ზემოხსენებული დანაწესის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით სააპელაციო საჩივარზე შესაგებელს არ წარადგენს. აღნიშნული განპირობებულია, ერთი მხრივ, სასამართლოს ვარაუდით, რომ მხარემ საქმის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგა, მეორე მხრივ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელმაც სასამართლოს დავალება უგულებელყო და მის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედება არასაპატიო მიზეზით არ შეასრულა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განჩინებით ო. ძ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა, სააპელაციო საჩივრის ასლი გაგზავნოდა მოწინააღმდეგე მხარე ო. ბ-ს, რომელსაც დაევალა 10 დღის ვადაში შესაგებლის შეტანა. განჩინებით მხარეს განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის ასლი 2011 წლის 13 მარტს ჩაბარდა ო. ბ-ის მეუღლე ც. ბ-ს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ხსენებული ნორმის მიხედვით, სასამართლო გზავნილის ო. ბ-ის მეუღლისათვის ჩაბარება თავად ადრესატისათვის მისი ჩაბარების ტოლფასია.

ამდენად, ო. ბ-ს ო. ძ-ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი უნდა შეეტანა 2011 წლის 14 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, თუმცა საქმის მასალების თანახმად, მხარემ შესაგებელი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 24 მარტს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სავსებით სწორად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას, რომ ო. ბ-მა შესაგებლის შეტანის ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი სათანადოდ ვერ დაადასტურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად თვლის ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში მხარე უთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის ასლი ო. ბ-ის მეუღლემ ქმარს იმავე დღეს ვერ გადასცა, რადგან მხარე 2011 წლის 13-14 მარტს იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ხოლო 14 მარტიდან _ ქ.თბილისში საქმეზე, შესაბამისად, მისთვის გზავნილის არსებობა ცნობილი არ იყო და შესაგებლის ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა. აღნიშნულ გარემოებას მხარე ამყარებს ო. ბ-ის პასპორტის ქსეროასლსა და მოწმეთა განმარტებებზე.

საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს უპირველესად იმის გამო, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მხარის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება თავად მხარისათვის მის ჩაბარებას უთანაბრდება. ც. ბ-მა მიიღო რა მეუღლის სახელზე გაგზავნილი მასალები, აღნიშნულით საკუთარ თავზე აიღო გზავნილის ადრესატისათვის დროულად გადაცემის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამასთან, შპს «...-ს» შეტყობინების ბარათით ან საქმის სხვა მასალებით არ დასტურდება ც. ბ-ის მიერ მეუღლისათვის სასამართლო გზავნილის დროულად ჩაბარების შეუძლებლობაზე მითითება.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ო. ბ-ი აზერბაიჯანში გაემგზავრა მხოლოდ 2 დღით, დანარჩენი 8 დღის განმავლობაში კი იგი საქართველოში იმყოფებოდა და სასამართლოს სარწმუნოდ არ მიაჩნია მოწმეთა განმარტება, რომ მხარე ამ ხნის მანძილზე ოჯახთან კონტაქტის შესაძლებლობას მოკლებული იყო.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ო. ბ-ი საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის დახმარებით, შესაბამისად, მისი არყოფნის შემთხვევაში სადავო საპროცესო მოქმედება უნდა შეესრულებინა მის წარმომადგენელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში განიხილა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილი) და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა კასატორმა ვერ დაასაბუთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.