Facebook Twitter

ას-1254-1274-2011 3 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ჯ-ო»

მოწინააღმდეგე მხარე _ კორპორაცია «...ნავსადგური»

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ საიჯარო ხელშეკრულების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, საიჯარო ქირის დავალიანებისა და საურავის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ჯ-ომ» სარჩელი აღძრა სასამართლოში კორპორაცია «...ნავსადგურის» მიმართ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების აღდგენის, მიუღებელი შემოსავლის _ 1397264 ლარის, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 349316 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2005 წლის 9 თებერვალს მოსარჩელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. 2010 წლის 8 ივნისის წერილით კორპორაცის «...ნავსადგურს» ეცნობა ¹38 ამწის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ამისათვის აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობების გადაცემის შესახებ. აღნიშნულის პასუხად კორპორაციამ საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება ჯერ შეაჩერა, ხოლო მოგვიანებით შეწყვიტა. მოსარჩელის განმარტებით, ¹22 და ¹38 ამწეები მუშა მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათი მუშაობის შეწყვეტის აუცილებლობაზე აქტები არ შეიცავდა რაიმე მითითებას. «...ნავსადგურმა» მოსარჩელეს დეფექტების აქტები გადასცა ერთი თვის დაგვიანებით. შპს «ჯ-ოს» განმარტებით, დეფექტების არსებობის მიუხედავად, ¹22 და ¹38 ამწეები მუშაობას განაგრძობდნენ 2010 წლის 11 მაისიდან 30 ივნისამდე, უფრო მეტიც, ¹22 ამწე ასევე მუშაობდა 2010 წლის ივლისში მიუხედავად «მძიმე შედეგების გამომწვევი დეფექტების» არსებობისა. შპს «ჯ-ო» კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას _ აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებით და მოპასუხის მიერ ხელშეკრულების უკანონოდ შეჩერებით შპს «ჯ-ომ» დაკარგა კონტრაქტორებისაგან მისაღები თანხა და მიადგა ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოპასუხის განმარტებით, საიჯარო ხელშეკრულება ჯერ შეჩერდა, ხოლო მოგვიანებით შეწყდა ამავე გარიგების პირობების დაცვით. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სისტემატური დარღვევა, ასევე შპს «ჯ-ოს» მიერ საიჯარო ქონების დაზიანება-განადგურება, ამასთან, კორპორაცია «...ნავსადგურმა» სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს «ჯ-ოს» მიმართ და მოითხოვა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის _ 764000 ევროს, ასევე საიჯარო ქირის დავალიანების _ 268767 ლარისა და საურავის _ 18585 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

2005 წლის 9 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს «ჯ-ო» არღვევდა როგორც ფინანსური ანგარიშსწორების, ისე გადაცემული ტექნიკის ექსპლოატაციის წესსა და პირობებს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, კორპორაციამ გამოხატა ნება მოპასუხისათვის ნავმისადგომების მომსახურების შეჩერების შესახებ, ხოლო მოგვიანებით, ხელშეკრულების მე-2 თავის მე-5 პუნქტის მე-3 და მე-13 ქვეპუნქტების დაცვით შეწყდა ვალდებულებითი ურთიერთობა, რასაც თავისი ქმედებით დაეთანხმა მოპასუხეც. მოსარჩელის განმარტებით, საიჯარო ქონების შესწავლა-ინვენტარიზაციით დადასტურდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონებისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა 800000 ევროა, ხოლო საიჯარო ქირის დავალიანება _ 287352 ლარი.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ-ოს» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო კორპორაცია ,,...ნავსადგურის» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,ჯ-ოს» კორპორაცია ,,...ნავსადგურის» სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 764000 ევროს ეკვივალენტი ლარის, ასევე საიჯარო ქირის დავალიანების _ 287352 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ-ოს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

საქალქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაცივრა შპს «ჯ-ომ», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, კორპორაცია «...ნავსადგურის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შპს ,,ჯ-ოს» სარჩელის დაკმაყოფილება, კორპორაცია «...ნავსადგურის» მიერ იჯარის ხელშეკრულების შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის _ 1397264 ლარის ანაზღაურება და სარჩელის შეტანის დღიდან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 416805 ლარის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს «ჯ-ოს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ შპს ,,ჯ-ოსა» და შპს ,,...ნავსადგურს» შორის 2005 წლის 9 თებერვალს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, ...ნავსადგურის ¹6 ტერმინალის შპს ,,ჯ-ოსათვის» 25 წლის ვადით იჯარით გადაცემის შესახებ. შპს ,,ჯ-ოსა» და შპს ,,...ნავსადგურს» შორის 2007 წლის 10 ოქტომბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, შპს ,,ჯ-ოსათვის» ნავსადგურის მე-2 საწარმოო რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული ადმინისტრაციული შენობის პირველსა და მეორე სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა შპს ,,ჯ-ოსა» და კორპორაცია ,,...ნავსადგურს» შორის 2005 წლის 9 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-2 თავის მე-4 მუხლის «ა» პუნქტის პირველ ქვეპუნქტზე, იჯარის ხელშეკრულების მეორე თავის მე-5 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-13 ნაწილებზე, მე-4 მუხლზე, 2005 წლის 9 თებერვლის შპს ,,ჯ-ოსა» და ...ნავსადგურს შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულების მე-3 თავის მე-4 მუხლზე, მე-4 თავის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-3 თავის მე-2 მუხლზე და მიიჩნია, რომ შპს ,,ჯ-ოსა» და კორპორაცია ,,...ნავსადგურს» შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იჯარით გადასაცემი ქონება შპს ,,ჯ-ოს» გადაეცა და ჩაბარდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. კორპორაცია ,,...ნავსადგურის» დირექტორის ბრძანების საფუძველზე, შპს ,,ჯ-ოსათვის» იჯარით გადაცემულ პორტალურ ამწეებს ჩაუტარდა ტექნიკური დათვალირება, რა დროსაც შემოწმებულ ამწეებზე გამოვლენილ იქნა მთელი რიგი დეფექტები. დადგინდა, რომ შპს ,,ჯ-ოსათვის», კორპორაცია ,,...ნავსადგურის» მიერ საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული ქონება დაზიანდა საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ქონება იმყოფებოდა შპს ,,ჯ-ოს» მფლობელობაში და მას ეს უკანასკნელი უწევდა ექსპლოატაციას. 2010 წლის 17 ივნისს შპს ,,ჯ-ოს» ადმინისტრაციას, კორპორაცია ,,...ნავსადგურმა» გაუგზავნა იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული პორტალური ამწეების ტექნიკური დათვალიერების აქტები და მოსთხოვა შპს ,,ჯ-ოს» აქტში მითითებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკის დაუყოვნებლივ გაგზავნა. კორპორაცია ,,...ნავსადგურმა» შპს ,,ჯ-ოს» დროებით შეუჩერა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ¹6 ნავმისადგომებით მომსახურების უფლება და ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრა 45 დღის ვადა, რადგანაც ტერმინალზე განლაგებულ ამწეებზე ჩატარებული ტექნიკური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ შპს ,,ჯ-ო» არ ასრულებდა საიჯარო კონტრაქტში მითითებულ ვალდებულებებს, წარმოდგენილ აქტებში ასევე არ ჰქონდა მითითებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკი. 2010 წლის 1 ივლისს, კორპორაცია ,,...ნავსადგურმა» მიმართა შპს ,,ჯ-ოს» მოსალოდნელი ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარდგენის შესახებ. 2010 წლის 2 ივლისს, შპს ,,ჯ-ომ» 2010 წლის 1 ივლისის წერილის პასუხად, კორპორაცია ,,...ნავსადგურს» მიაწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შესახებ. 2010 წლის 14 ივლისს შპს ,,ჯ-ოს» გაეგზავნა კორპორაცია ,,...ნავსადგურის» 2010 წლის 14 ივლისის წერილი და შპს ,,ჯ-ოს» მიეცა ვადა 2010 წლის 25 ივლისამდე საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ეს უკანასკნელი გაფრთხილებულ იქნა იმის თაობაზეც, რომ განსაზღვრულ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,ჯ-ოსა» და კორპორაცია ,,...ნავსადგურს» შორის 2005 წლის 9 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულება ჩაითვლებოდა გაუქმებულად. კორპორაცია ,,...ნავსადგურმა», 2010 წლის 27 ივლისს გაუგზავნა შპს შპს ,,ჯ-ოს» შეტყობინება 2005 წლის 9 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იმაზე მითითებით, რომ შპს შპს ,,ჯ-ომ» არ განახორციელა ქმედება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, არ დაფარა საიჯარო და სხვა ფინანსური ვალდებულებები. შპს ,,ჯ-ომ» კორპორაცია ,,...ნავსადგურის» 2010 წლის 27 ივლისის წერილი იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ჩაიბარა 2010 წლის 27 ივლისს და 2010 წლის 30 ივნისის წერილის მიღებიდან 45 დღის ვადაში კორპორაციას არ წარუდგინა პორტალურ ამწეებზე არსებული დეფექტების აღმოფხვრის გრაფიკი. 2005 წლის 9 თებერვალს შპს ,,ჯ-ოსა» და კორპორაცია ,,...ნავსადგურს» შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების მეორე თავის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნავსადგურს შეეძლო, შეეწყვიტა კონტრაქტი მე-5 მუხლის შესაბამისად, მოიჯარისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აუცილებელი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და კონტრაქტის შეწყვეტა განხორციელდებოდა აღნიშნული შეტყობინების მიწოდებიდან 30 დღის შემდეგ. ვინაიდან შეტყობინება, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოიჯარეს ჩაბარდა 2010 წლის 27 ივლისს, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 9 თებერვლის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2010 წლის 26 აგვისტოს. შპს ,,ჯ-ოს» არ გადაუხდია კორპორაცია ,,...ნავსადგურისათვის» 2010 წლის ივნისის, ივლისისა და აგვისტოს საიჯარო გადასახადი – 268767 ლარი, გადაუხდელ საიჯარო ქირის დავალიანებაზე დარიცხული საურავი, დავალიანების წარმოქმნის დღიდან აგვისტოს ჩათვლით _ 18585 ლარი. დადგენილად იქნა მიჩნეული ისიც, რომ იჯარით გადაცემული ქონების _ პორტალური ამწეების დაზიანების გამო კორპორაცია ,,...ნავსადგურს» მიადგა 764000 ევროს ოდენობით ზიანი. პორტალური ამწეების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სს ,,იუჟმორმონტაჟისა» და შპს ,,აგ-ცენტრის» დასკვნებით კორპორაცია ,,...ნავსადგურისათვის» შეთავაზებული დაზიანებული პორტალური ამწეების შეკეთების პირობების შესაბამისად, დაზიანებული პორტალური ¹22, ¹38 ამწეების შეკეთება (დაზიანებული ნაწილების შესყიდვა და მათი შეცვლა) დაკავშირებულია 764000 ევროს ოდენობით ხარჯებთან.

სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ _ გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. ვინაიდან, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საიჯარო ქონების დაზიანების შესახებ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური დათვალიერების აქტების, შპს ,,... სერვისის» დასკვნის, კომპანია ,,ჯეომარის» მიერ შედგენილ დასკვნის გამაქარწყლებელი, ასევე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დაზიანებები შპს «ჯ-ოს» მოქმედებას არ გამოუწვევია და იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დროს მას დაზიანებული ქონება გადაეცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მსჯელობა დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის ის მოსაზრებაც, რომ საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უსწოროა, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს შპს ,,ჯ-ოს» და კორპორაცია ,,...ნავსადგურს» შორის 2005 წლის 9 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-4 თავის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯ-ოს» კორპორაცია ,,...ნავსადგურის» სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრა რეაბილიტაციის (შეჩერების) პერიოდისათვის საიჯარო ქირის გადახდა. პალატამ იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს ,,ჯ-ოს» სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმითა და კორპორაცია ,,...ნავსადგურის» სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ჯ-ომ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

არასწორია სასამართლოს დასკვნა საიჯარო ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება დაზიანდა საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების დროს, რა დროსაც ქონებით სარგებლობდა შპს «ჯ-ო», რის გამოც მას დაეკისრა ქონებრივი პასუხისმგებლობა. სასამართლოს ზემოხსენებული მოსაზრება ემყარება მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი ქონების დათვალიერების აქტს, რომელიც ასახავს იჯარის საგნის დათვალიერების დროს არსებულ ფაქტობრივ ვითარებას და არ არის საკმარისი მტკიცებულება ზიანის მიმყენებლად ქონების მფლობელის მიჩნევისათვის. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უმთავრესი პრინციპი _ მხარეთა შეჯიბრებითობა, ისე სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით განმტკიცებული ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი. სასამართლომ არ გამოიკვლია იყო თუ არა შპს «ჯ-ოს» ქმედება მიზეზობრივ კავშირში პორტალური ამწეების დაზიანების ფაქტთან.

არასწორია სასამართლოს ის მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც კასატორს დაეკისრა ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებიდან ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყეტამდე საიჯარო ქირა. სასამართლომ თავისი დასკვნა დაამყარა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-17 პუნქტზე და ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება არასწორად გააიგივა რეაბილიტაციასთან.

სასამართლოს ზემოხსენებული მოსაზრების უსწორობას ადასტურებს ისიც, რომ, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოიჯარეს ქირის გადახდის ვალდებულება ქონებით სარგებლობის განმავლობაში წარმოეშობა და კორპორაცია «...ნავსადგურის» მხრიდან ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებით შპს «ჯ-ოს» შეუწყდა საიჯარო ქონებით სარგებლობის უფლება, რაც მის ქონებრივ მდგომარეობაზე აისახა და აღნიშნული გამორიცხავს საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს «ჯ-ოს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ჯ-ოს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ჯ-ოს» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ჯ-ოს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მამუკა ღვინიაშვილის მიერ გადახდილი 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ჯ-ოს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს «ჯ-ოს» (...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მამუკა ღვინიაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 5600 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.